გარღვევაში შეყვანა
გარღვევაში შეყვანა - II ეშელონებისა და რეზერვების ნაწილების (შენაერთების, გაერთიანებების) ორგანიზებული წინ წაწევა, გაშლა და ბრძოლაში (ბატალიაში) ჩაბმა მოწინააღმდეგის თავდაცვის გარღვევის დროს შეტევის განვითარების მიზნით.
ხორციელდება, ჩვეულებრივ, მთავარი დარტყმის მიმართულებაზე ან მისი დასრულებისას წარმატების გამოკვეთის შემთხვევაში, ხოლო ზოგჯერ - ჯარების მიერ თავდაცვის მთავარი ზოლის, ან ტაქტიკური ზონის I ეშელონის სრული გარღვევის შემდეგაც.
II მსოფლიო ომის დროს ფართოდ გამოიყენებოდა არმიისა და დაჯგუფების მოძრავი ჯგუფების გარღვევაში შეყვანა. გარღვევაში შესაყვან ჯარებს მოუნიშნავდნენ დაწინაურების მარშრუტებს ან ზოლებს, რეგულირების მიჯნებს, უსახავდნენ საბრძოლო ამოცანებს, განუსაზღვრავდნენ I ეშელონის შენაერთებთან, არმიების (კორპუსების) მეწინავე რაზმებთან, მხარდამჭერ ავიაციასთან და არტილერიასთან ურთიერთქმედების წესს.
XX საუკუნის 50-იანი წლების დამლევიდან ცნება „გარღვევაში შეყვანა” სამხედრო ხელოვნების თეორიაში არ გამოიყენება.