გედევანიშვილი პანტელეიმონ
გედევანიშვილი პანტელეიმონ −(1858-01.09.1924), დეკანოზი.
დაიბადა აზნაურის ოჯახში. მამა, მღვდელი გედეონი, წლების განმავლობაში საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, სოფელ ჩარგლის წმ. გიორგის ტაძარში მსახურობდა. მამამ პ. გედევანიშვილის განათლების მისაღებად გორის საქალაქო სასწავლებელში მიაბარა. 1877 წ. მან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1883 წ. დაასრულა.
1883 წ. 23 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა წმ. ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და ქსნის ხეობაში, სოფელ ახალგორის წმ. გიორგის ტაძარში განაწესა. 1885 წ. 1 ნოემბერს პ. გედევანიშვილი ახალგორის სახ. სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1889 წ. 6 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წ. 15 მაისს სკუფია უბოძეს. 1899 წ. რუსეთის წმ. სინოდმა მადლობის ფურცელი უწყალობა.
პ. გედევანიშვილიმა სამრევლოში ჩასვლისთანავე ახალგორის მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. იგი თავისი უბრალოებითა და თავმდაბლობით მრევლში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, გლეხობამ მთელი გულით შეიყვარა სოფლის ხუცესი.
დიდი შრომა და ამაგი მიუძღვის პ. გედევანიშვილს ახალგორის წმ. გიორგის ტაძრის გამშვენება-გალამაზებაში. მან მრევლის დახმარებით ეკლესია საჭირო ნივთებით შეამკო, შეიძინა ახალი საღვთისმსახურო წიგნები, საეკლესიო შესამოსელი, ბარძიმ-ფეშხუმი, ხატები. წამოიწყო ეკლესიის ეზოსა და გალავნის შეკეთება. აი, რას წერდა მისი მოღვაწეობის შესახებ 1899 წ. გაზეთი „ცნობის ფურცელი“ თავის ერთ-ერთ ნომერში სათაურით „კეთილი მოძღვარი“: „ახლად გასული წელიწადიც მწარე იყო წინანდელ წარსულ წლებივით ქსნის ხეობის გლეხებისათვის. თითქმის ერთადერთ კეთილ სახსოვრად დაგვრჩება ახალგორის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის, მამა პანტელეიმონ გედევანიშვილის შრომა. ამ პატივცემულმა მღვდელმა თავს იდო ზევით ხსენებული ეკლესიის გალავნის გადიდება და კიდეც თითქმის სავსებით ამ მიზანს მიაღწია. განსაკუთრებით საყურადღებო ის არის, რომ ამ კეთილმა მწყემსმა თითქმის სრულიად გაათავისუფლა თავისი სამწყსო გალავნისათვის საჭირო არა მცირედი ხარჯისაგან“.
1899 წ. პ. გედევანიშვილი ქვემო კავთისხევის წმ. გიორგის ტაძარში გადაიყვანეს და გორის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დანიშნეს. იმავე წლის 1 სექტემბერს კავთისხევის სახელობის სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1901 წ. 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, 1909 წ. ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1913 წ. 15 მაისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1918 წ. თავისი თხოვნის საფუძველზე, უარი თქვა მთავარხუცესობაზე და მხოლოდ მის თანაშემწედ დარჩა.
გედევანიშვილი ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ და მეორე საეკლესიო კრებებს. 1919 წ. ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისთვის ურბნელმა ეპისკოპოსმა დავითმა (კაჭახიძე) დეკანოზის პატივი მიანიჭა.
1924 წ. ანტიბოლშევიკური აჯანყების დროს საბჭოთს უშიშროების წარმომადგენლებმა კავთისხეველი გლეხები ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და დასახვრეტად გარეკეს. ეს ყველაფერი მაშინ ავადმყოფმა პ. გედევანიშვილმა გაიგო და დაპატიმრებულებს დაედევნა. მან თხოვნით მიმართა ბადრაგს გაეთავისუფლებინა უდანაშაულო ხალხი, მაგრამ ამაოდ. იმავე საღამოს თავად დეკანოზიც უდანაშაულო გლეხკაცობასთან ერთად დახვრიტეს.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
- საქართველოს საპატრიარქოს არქივი, ურბნისის ეპარქიის ფონდი, საქმე №433; სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №43898; საქმე №53080;
- გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1899, №718;
- გაზ. „საქართველო“, 1917, № 88.
- მაჩურიშვილი გ., ტოგონიძე ლ., XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2012.