მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიტროპოლიტი დავითი

ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე - (15.X.1872, ქუთაისი - 19.III.1935, ქუთაისი), - სასულიერო პირი (დავითი).

„ერთ დროს იქნება ვინმემ დაიწყოს ქექვა სინოდის საქმეებში და გადაფურცლოს ჩემი ნაწერებიც და ვიქნე მის თვალში გაშავებული“ (მიტროპოლიტი დავითი. 1928 წ. 11 იანვარი). როგორც ჩანს მას სერიოზულად აწუხებდა ფიქრი „რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.“ და ეს არც იყო გასაკვირი მიტროპოლიტ დავითის (კაჭახიძე) პიროვნების პირუთვნელად შეფასების გარეშე. XX საუკუნის I ნახევრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სრულყოფილად წარმოჩენა შეუძლებელია.

მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე, დაიბადა 1872 წლის 15ოქტომბერს ქ. ქუთაისში. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1899 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. 1898 წლის 8 მაისს ეკურთხა მღვდელ-მონაზონად. 1899 წელს დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მასწავლებლად. 1902 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწეა. 1903 წლიდან სოლოკამსკის, ხოლო შემდეგ პოლოცკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია, 1905 წელს დონის სემინარიის რექტორია. 1907 წლის 4 ნოემბერს დავით კაჭახიძე საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა ალავერდელ ეპისკოპოსად აკურთხა. 1907 წლიდან იგი ეგზარქოსის სინოდალური კანტორის წევრი იყო. ეგზარქოსი ინოკენტი შეეცადა გურია-სამეგრელოსა და იმერეთის ეპისკოპოსის უფლებების შემცირებას, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ეპისკოპოსი დავითი მოვიდა მათ დამცველად. განრისხებულმა ეგზარქოსმა იგი პიატიგორსკში გადაიყვანა 1912 წელს, სადაც მან გამოსცა ბროშურები, რომელშიც აკრიტიკებდა ინოკენტის პროექტს, რომელსაც „საქართველოს ეკლესიის დამცირების მიზნით გაკეთებულ ოინებს უწოდებდა.“ (5, 87). 1914 წლიდან 1917 წლამდე იგი ვინიცის ეპისკოპოსი იყო. საქართველოს მართლმადიდებლი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წელს, იგი დაბრუნდა საქართველოში. პირველი საეკლესიო კრების დაწყვეტილებით ეპისკოპოსი დავითი დაინიშნა ურბნისის ეპისკოპოსად, 1921 წლიდან 1923 წლამდე იყო ჭყონდიდელი, 1923 წელს ბათუმ-შემოქმედელი, 1924 წელს მცირე ხნით ალავერდელი, ხოლო ქუთათელგაენათელი. მიტროპოლიტ ნაზარის ტრაგიკული აღსრულების შემდეგ გახდა ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი. 1923 წლის 2 სექტემბერს ეკლესიო რეფორმების ჯგუფის მოწოდებით შედგა სამღვდელოების კრება ქუთაისში, რომელიც გახსნა ეპისკოპოსმა დავითმა. მისი აზრით, აუცილებელი იყო საქართველოს ეკლესიაში შესულიყო ცვლილებები თანამედროვე ცხოვრების მიხედვით. ეპისკოპოსი დავითი და დეკანოზი პლატონ ცქიტიშვილი (მიტროპოლიტ ნაზარის საეპარქიო სახლში გადამალული სიონის საპატრიარქო ტაძრის განძეულობის ადგილსამყოფელი ხელისუფლების წარმომადგენლებს დეკანოზმა პლატონ ცქიტიშვილმა შეატყობინა და მათი ნდობაც დაიმსახურა ს.ვ.) თბილისში დაუბრკოლებლად შევიდნენ მეტეხის ციხეში და კათოლიკოს–პატრიარქ ამბროსის მოსთხოვეს გადადგომა. უწმიდესმა ამბროსიმ ყურადღებით მოუსმინა მათ და უპასუხა: „თუ ჩვენი ეკლესიისათვის საჭიროა, მაშინ იძულებით უნდა ვიქნე გადაყენებული,“ ჩემი ნებით მე არ გადავდგები.“ (30,1523,17).

1925 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს წევრები პატიმრობიდან გაათავისუფლეს. უწმიდესმა ამბროსიმ შექმნა კომისია, რომელსაც უნდა გამოეძიებინა ეპისკოპოს დავითის საქმიანობის კანონიერება. საკათალიკოსო საბჭოს დავალებით კომისიის სათავეში ჩაუდგა ალავერდელი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე). 1926 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ეპისკოპოსი დავითი გადაყვანილ იქნა მაწყვერელის კათედრაზე. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ეპისკოპოს დავითის პროტესტი საკათალიკოსო საბჭოსადმი. ქუთათელი ეპისკოპოსი დავითი, რომელსაც ოფიციალური საერო ხელისუფლებისაგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა, წავიდა კიდევ უფრო დიდ კონფრონტაციაზე, მან 1926 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელობას სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

1926 წლის 25-28 დეკემბერს ქუთაისში მიმდინარე საეკლესიო კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი ეპისკოპოსი დავითი იყო. მისი ვიწრო პიროვნული შეუთავსებლობა საკათოლიკოსო საბჭოსთან, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან, კარგად გამოიყენეს საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებამ და შექმნა ორხელისუფლებიანობა ეკლესიაში. ეპისკოპოსი დავითი IV საეკლესიო კრების მიერ მიტროპოლიტად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა. ახლა უკვე იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მისი ქმედებანი, რომ 1928 წლის 22 სექტემბერს საკათოლიკოსო სინოდმა გამოუცხადა საყვედური, რომელსაც ხელს აწერდნენ: უნეტარესი კათოლიკოსი პატრიარქი ქრისტეფორე III, ეპისკოპოსები: სიმეონი, პავლე, სტეფანე, ვარლამი, ეფრემი მელქისედეკი, იოანე. ამ შენიშვნამ მიტროპოლიტი დავითი ახალი შფოთისათვის აღანთო მან ახლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უნეტარეს ქრისტეფორე III-ს შეუტია და როგორც კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მოითხოვა სინოდის საგანგებო სხდომის ჩატარება. 1930 წლის 12 თებერვალს შედგა საკათოლიკოსო სინოდი, მიტროპოლიტ დავითის მოსაწონი არავინ დარჩა საქართველოს ეკლესია საკათოლიკოსო სინოდმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და გადაწყვიტა მისი პენსიაზე გაშვება, მაგრამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ქრისტეფორე III-ს განკარგულებით გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედელად. ახლა იქ დაიწყო დაპირისპირებანი... იგი 1935 წლის 19 მარტს გარდაიცვალა ბათუმში, დაიკრძალა ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში.


იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები