გელათის აგება
გელათის აგება – გელათის ტაძრის სამხრეთის კედელზე ერთი დიდრონი მთლიანი ქვა არის დატანებული. სიგანით კაცზე მაღალია, სიგრძით ორი კაცის სიმაღლეა.
ერთხელ დიდი მეფე დავითი ქუთაისიდან მობრძანდებოდა გელათის ტაძრის შენობის დასახედად. ამ მთებში სასიარულოდ მას ერთი შავი ჯორი ჰყავდა. ფიქრებში წასულმა მეფემ მიუშვა სადავე და ვერ შენიშნა, რომ ჯორი წყლის სიღრმისკენ მიიწევდა. წყალი ჯორის მკერდს მისწვდა და მეფე მუხლებამდე დაასველა, მაგრამ იგი მაინც ვერ გამოერკვა ღრმა ფიქრისგან. ფიქრობდა, სად ეშოვნა დიდი მთლიანი ქვა კედელში დასატანებლად. უეცრად ჯორი შეხტა ერთ უზარმაზარ ქვაზე, რომელსაც წყალწითელა შეეგუბებინა. მხოლოდ მაშინ მოვიდა მეფე გონზე, როცა დაინახა, რომ მისი ჯორი დიდ ბრტყელ ქვაზე იყო შემდგარი. მეფემ განიზრახა სწორედ ეს ქვა აეტანა გელათში თავისი ხელით.
მეფე გავიდა წყალწითელაში ავიდა გელათს და დაათვალიერა ტაძრის მუშაობა. იმ ღამეს ხუროთმოძღვარს გაუმხილა, ხვალ დილით წყალწითელას ფეხით უნდა ჩავიდე და იქ რომ დიდი ლოდი ძევს, ჩემი ხელით უნდა ამოგიტანო ტაძრის ბალავერზე დასადებადო. ხუროთმოძღვარს გაუკვირდა, იმ ლოდს თორმეტი უღელი კამეჩიც კი ვერ დაძრავს ადგილიდან და ერთი კაცი როგორ ამოიტანსო. მეფემ მწუხრზე მუხლმოყრილმა ილოცა, შეევედრა ღმერთს თავისი განზრახვის ასრულებას... განთიადისას მეფე დაეშვა წყალწითელასკენ, მისი შავი ჯორი კი იქვე ბალახს ძოვდა გელათის გალავანში. მეფემ წყალწითელაზე პირჯვარი გადაიწერა, ხელ-პირი დაიბანა, მერე მივიდა, ლოდი ასწია, მხარზე შეიგდო და გელათისკენ გამოემართა. გზა-გზა რომ მოდიოდა, ცალი ხელით ლოდი ეჭირა, მეორეთი კი თავს ივარცხნიდა. როგორც კი შემოდგა ფეხი გელათის გალავანში, მზის პირველი სხივი თავზე დაადგა. მიიტანა ეს უზარმაზარი ლოდი და დადო სამხრეთის ბალავარზე, ხუროთმოძღვარმა კი ზედ მზის საათი მოხაზა ამ ქვაზე წირვა-ლოცვის დროის შესატყობად.
ტაძრის კედლები სარტყლამდე რომ მოათავეს, მეფემ მოისურვა ტაძრის სარტყელზე ასვლა, რომ შეეტყო, სწორად იყო თუ არა აყვანილი კედლები, ფიქრებში წასულმა უნებურად გადადგა ფეხი და გადმოვარდა. დამტვრეული მეფე გადაიყვანეს იქვე აგებულ საზაფხულო სასახლეში. თორმეტი მღვდელთმთავარი დღე და ღამე იხდიდა პარაკლისს მეფის დღეგრძელობისთვის.
ამ დროს მოვიდა ერთი მოხუცებული მათხოვარი, რომელმაც გამოაცხადა მეფის წინაშე სიზმარი: მეფე მორჩება, თუ მას ირმის რძეში აბანებთო. იყო ამ დროს ერთი კაცი, დარუბანდიდან ტყვედ წამოყვანილი, მეფისგან გათავისუფლებული და დაწინაურებული. მას ჰყავდა თორმეტი ირმის ფური, რომელნიც ყოველ დღე იწველიდნენ ერთ ქვაბ რძეს. მან მიართვა მეფეს ეს თორმეტი ირმის ფური და მათ რძეში მეფეს დილა-საღამოს აბანებდნენ. ამ საშუალებით მეფე სრულიად განიკურნა. ამის შემდეგ ბევრი ეძებეს მოხუცებული მათხოვარი, მაგრამ მის კვალსაც ვერ მიაგნეს. ირმების პატრონი კი მეფემ თავის კარისკაცად გახადა, ჩააბარა ციხე და სოფლები უწყალობა არგვეთში.
მეფის სახე გამოსახულია გელათის ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე: მარცხენა ხელისგულზე ტაძარი უდევს, ღრუბლიდან ღვთის მარჯვენაა გამოწვდილი და აკურთხებს მეფეს.