გელასი კვიზიკელი
გელასი კვიზიკელი – (კიზიკელი, V ს. II ნახ.), საეკლესიო ისტორიკოსი. ავტორია „საეკლესიო ისტორიისა“, რომელიც ძირითადად მოიცავს კონსტანტინე I დიდის ეპოქას, კერძოდ I მსოფლიო საეკლესიო კრების ისტორიას. ყველა მოღწეულ ხელნაწერში თხზულება ანონიმურია, ავტორის სახელი გელასი მოყვანილია მხოლოდ პატრიარქ ფოტიუსის „ბიბლიოთეკაში“. გელასი კვიზიკელი თავის თხზულებაზე მუშაობისას ეყრდნობოდა ევსევი კესარიელის, გელასი კესარიელის, რუფინუსის, სოკრატე სქოლასტიკოსის და თეოდორიტე კვირელის საეკლესიო-საისტორიო თხზულებებს, თუმცა გელასი კესარიელის თხზულებას მიიჩნევს რუფინუსის თხზულების თარგმანად. მიჩნეულია, რომ ქართველთა გაქრისტიანებაზე თხრობისას გელასი კესარიელთან მოყვანილი ცნობა, მცხეთის ეპისკოპოს ალექსანდრე კონსტანტინეპოლელისგან ხელდასხმის შესახებ, გელასი კესარიელთან ტექსტში თავდაპირველად არ იყო და ეს სწორედ გელასი კვიზიკელის ინტერპოლაციაა.
ზ. აბაშიძე
ლიტერატურა
გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.