გენერალიზაცია (კარტოგრაფია)
გენერალიზაცია – (generalization), ობიექტის მთავარი, არსებითი მხარეების შერჩევა, დეტალური გამოსახულებიდან ნაკლებად დეტალურზე გადასვლა მასშტაბის ან დანიშნულების შეცვლის გამო (მსხვილი მასშტაბიდან – წვრილზე, სამეცნიერო დანიშნულებიდან – საცნობარო ან სასწავლო დანიშნულებაზე გადასვლა). ვლინდება როგორც შინაარსში, ისე ხაზებში (სივრცით ფორმებში). გენერალიზაციის სახეებია:
1. განზოგადება – თვისებრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაერთიანება, რაც შინაარსში და რუკის ლეგენდაში აისახება;
2. აბსტრაჰირება – ხაზების გამარტივება-გასქემატიურება.
რუკის შედგენისას ორივე ლოგიკური პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, ამიტომ ზოგჯერ, აუცილებლობის შემთხვევაში, რუკის შინაარსისათვის საჭირო მცირე კონტურების შენარჩუნება და გაზრდაც კი ხდება. არსებობს: დისტანციური, ავტომატიზებული, დინამიკური გენერალიზაცია. გენერალიზაციის არსის მეცნიერული განსაზღვრის პირველი ცდა ეკუთვნის გერმანელ გეოგრაფს ალფრედ ჰეტნერს (1859-1941).