გეობოტანიკური რუკა
გეობოტანიკური რუკა – (geobotanical map), ასახავს ამა თუ იმ ტერიტორიის ან აკვატორიის მცენარეულობის გეოგრაფიულ გავრცელებას. არსებობს ზოგადი და სპეციალიზებული გეობოტანიკური რუკები. ზოგად რუკებზე აღინიშნება თანამედროვე ბუნებრივი მცენარეულობა. სპეციალიზებული რუკები მიგვანიშნებს მცენარეულობის იმ თვისებებზე, რომლებსაც გამოყენებითი მნიშვნელობა აქვთ, მაგ.: სამკურნალო მცენარეები, ბუნებრივი საკვები სავარგულები, ტყეები. გეობოტანიკური რუკები ასახავენ თანამედროვე ან აღდგენილ მცენარეულ საფარს, ცალკეული მცენარეების არეალს, გეობოტანიკურ რაიონებს. აღდგენილი მცენარეული საფარის რუკებზე ასახულია გარემოზე ანთროპოგენულ ზემოქმედებამდე არსებული მცენარეულობა. 1964 წელს გამოცემულ საქართველოს ეროვნულ ატლასში არის აკად. ნ. კეცხოველის მიერ შედგენილი საქართველოს აღდგენილი მცენარეული საფარის რუკა.