გერგეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერგეტი

გერგეტი – სოფელი (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია), მდებარეობს მდინარე ჩხერის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. გერგეტი 1966 წლიდან შეერწყა რაიონულ ცენტრს ყაზბეგს და ამჟამად მის ერთ-ერთ უბნად მოიხსენიება.

გერგეტი ისტორიული ხევის ერთ-ერთი ძველი დასახლებაა, გაშენებულია დარიალის გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთის გასწვრივ. იგი ჩართული იყო ხევის თავდაცვით სისტემაში, იცავდა დარიალის გზას. აქა-იქ დღესაც შემორჩენილია XVII-XVIII სს. კოშკური სახლები.

გერგეტი ყაზბეგის რაიონის უძველეს ტოპონიმთაგანია. აქ, ამ სოფელში, მის დასავლეთით მდებარე მწვერვალზე, აგებულია ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცნობილი და მნიშვნელოვანი ძეგლი – გერგეტის სამება (XIV-XV ს.ს), – ერთადერთი გუმბათიანი ეკლესია მთელ ხევში.

ქართული საისტორიო და ეკონომიკურ ძეგლებში გერგეტი, როგორც დასახლებული პუნქტი, XIV საუკუნის დასასრულიდან მოიხსენიება. იმ დროიდან, როდესაც აქ სამების ტაძარი აგებულა და სოფელიც გერგეტის სათემო ცენტრად ქცეულა.

ვახუშტი ბატონიშვილი გერგეტს -ეთ სუფიქსიან სახელად (გერგ-ეთ-ი) იცნობს: სტეფანწმიდის… დასავლით არს გერგეთი, არაგვს იქით, კიდესა".

გერგ-ეთ-ი იკითხება ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებშიც“. სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი ამ ტოპონიმის, (აგრეთვე ფანშეტის) ჩაჩნური წარმომავლობის თაობაზე; ისინი ისეთივე -ტე სუფიქსიან ტოპონიმთა გვერდითაა განხილული, როგორც აშკარად არაქართული გაფორმების კარატე, ქეშალტე, წურტე… შემოთავაზებულია თვალსაზრისი რომლის მიხედვითაც გერგე+ტე → გერგე-ტე ნიშნავს „გიორგის (სალოცავის) გორი“ (თ. უთურგაიძე).

გერგეტ-ი, ჩვენი ფიქრითაც, თეონიმური ანუ რელიგიურ-საკულტო შინაარსის სახელია. სავარაუდებელია, რომ ის გაჩენილი იყოს წმინდა გიორგის ჩაჩნურ კილოზე გარდათქმის შედეგად. ჩაჩნურში, როგორც ცნობილია, წმ. გიორგი Горга (Герга), Герг ფორმით გადმოიცემა. ჩაჩნეთ-ინგუშეთშიც და მის მეზობელ ჩრდილო ოსეთშიც განსაკუთრებით ბევრი ტოპონიმია შექმნილი ქრისტიანული წმინდანების (გიორგი, ილია, მარიამ…) სახელთა მიხედვით, რომელთა შორის პირველი ადგილი წმ. გიორგის კულტს ეთმობა; წმინდა გიორგის სახელობის სალოცავები აქ თითქმის ყველა სოფელშია აგებული.“

მაშასადამე გერგე-ტე||გერგ-ეთ-ი შეიძლება გავიგოთ როგორც „წმინდა გიორგის სალოცავი“, „სოფლის ზემოთ მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია“.

გერგეტის მიდამოებში არაერთი საინტერესო ისტორიული ადგილია. მყინვარწვერის კალთაზე ბერების სავანე – ბეთლემია; სოფლის გზის პირას ძევს დიდი ლოდი (დიდქვა), მასთან სრულდებოდა საახალწლო რიტუალი; სოფელთან ახლოს არის „კალატაის წყარო“ (კალატოზის წყარო), ხალხური გადმოცემით, რომელსაც, „სამების“ მშენებელი კალატოზები იყენებდნენ. სოფლის დასავლეთით, წმ. სამების გზის პირას, ფერდობზე დგას სუჯაშვილებისად წოდებული მცირე დარბაზული ეკლესია (სუჯაშვილი ერეკლე II- ის დროს ამ ეკლესიის მღვდელი იყო). სოფლის მახლობლად (ადგილი „სათიკნიაი“) ორი კოშკი იდგა. მათ ნანგრევებზე შემდეგ ქალთა სალოცავი მოუწყვიათ. ადგილ „ლიჯეში“ (სოფლის საძოვარი მთა), ანუ „მარიამწმიდის კარში“ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ასკეტი ბერები. აქვე მდგარა კოშკი „მეჯოგის ციხე“, რომელსაც იყენებდნენ მომხდური ქისტებისაგან ჯოგის დასაცავად. გერგეტის მიდამოებშია ქვიშაქვიანი უდაბნო „ნაბერალნი“, რ-საც საძოვრად იყენებდნენ. გადმოცემით, აქ მდგარა მცირე ეკლესია, საცხოვრებელი ქოხები და ქვის ჯვარი. ადგილობრივ მცხოვრებთა რწმენით, ჯვარი აქ ანდრია პირველწოდებულს დაუდგამს. ტყის მახლობლად არის ადგილი „სალუდე კარი“. აქ, გამოქვაბულში, ინახებოდა სპილენძის დიდი ქვაბი, რომელშიც საახალწლოდ ლუდს ხარშავდნენ. სოფლის მიდამოებში (ადგილი „საბროლიაი“) მოიპოვება მთის ბროლი.

გერგეტში 1903 წ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გახსნა პირველდაწყებითი ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. 1909 წ. დაისვა საკითხი ამ სკოლის სამაზრო სკოლად გადაკეთების თაობაზე. სკოლა გაიხსნა 1910 წ. 2 სექტემბერს და მიიღეს 38 მოსწავლე. პირველი მასწავლებელი იყო ისიდორე ტატიშვილი. 1914 წლისთვის სკოლაში სამი განყოფილება იყო და უკვე 110 მოსწავლე სწავლობდა. 1915 წ. სკოლა ოთხი განყოფილებისგან სკოლის შენობა შედგებოდა. ერთსართულიანია, ოთხოთახიანი. ამჟამად მასში საბავშვო ბაღია განთავსებული.

კ. კახაძე
თ. ჩიმაკაძე

ლიტერატურა

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები