გვერძინეთი
გვერძინეთი – სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში ქარელის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე ძამის ნაპირებზე.
სახელწოდბა
თუ ადგილობრივ გავრცელებულ ხალხურ გადმოცემას დავუჯერებთ, ამ სოფელში წინათ ყოფილა ერთი ცბიერი, გაიძვერა კაცი, რომელსაც დიდი და პატარა გოძინას უწოდებდა. „იმათი ოჯახისათვის უძახნიათ გოძინაანი. იმ კაცის მოყოლებაზე სოფლისათვისაც გოძინეთი, მერედა მერე კი გვეძინეთი და სუ ბოლოს გვერძინეთი დაურქმევია ხალხსა. გადაუკეთებიათ“ (მერი გიორგის ასული ერაძე, სოფ. დირბი).
მართლაც, ტოპონიმი გვერძინეთი XVI-XVII საუკუნეების ქართულ ეკონომიკურ საბუთებში რ- თანხმოვნის გარეშეა მოხსენიებული: „ედიშერ ციციშვილს პაპუნასთან გაყრისას ერგო გვეძინეთში მცხოვრები ბერი გასიტაშვილი, გიორგი ჭულუკასშვილი, სეხნია მრაჭველი“ „ამოიღო (ამოაგდო, ააოხრა, გ.ბ.) ციციმ და ქაიხოსრომ უკაცო მამული გვეძინეთს მარაჭლის მამული, დღეს რისაც მქონე მარაჭველი ყოფილიყოს“… ეს ფაქტი თითქოს როგორღაც ეთანხმება ხალხურ ვერსიას (გოძინა ← გვეძინა), მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ გვეძინეთ||გვერძინეთ-ის წარმომავლობა სრულიად სხვაგვარია. თუ ჩვენ ტოპონიმ გვერძინეთს მაწარმოებელ -ეთ სუფიქსს ჩამოვაშორებთ, ფუძედ დაგვრჩება გვერძინი, რომელიც ძველად გარეული მტრედის აღმნიშვნელი სიტყვა იყო. გვიძინი, – საბას თქმით, – ველური ტრედია. ამავე მნიშვნელობით არის დადასტურებული გვიძინი ნ. ჩუბინაშვილის ცნობილ ლექსიკონშიც: გვიძინი – გარეული ტრედი, дикий голубь. თვით სიტყვა გვიძინი ქართულში თურქული ენიდან არის შემოსული: თურქული (გიუვერჯინ) „მტრედი“.
თურქული გიუვერჯინ- სიტყვა ქართულ ენაში, როგორც XVII-XVIII ს.ს. ეკონომიკური საბუთები გვიჩვენებენ, იმთავითვე გამარტივებული სახით (-რ-ს გარეშე) დამკვიდრებულა: გუეძინ-ეთ-ი;
მაგრამ მოგვიანებით, უკვე ენის შინაგანი კანონზომიერების მიხედვით, ფუძისეული -რ-თანხმოვანი აფრიკატის /ძ/ წინ კვლავ განვითარებულა, აღდგენილა.
ამრიგად გვერძინეთი ნიშნავს: „სამტრედე ადგილები“, „გარეულ მტრედზე სანადირო ადგილები“, „საქედნეთი“. მნიშვნელობით გვერძინეთი მთლიანად ფარავს ძველ ქართულში არსებულ „სასახუნდრეს“, რაც მტრედზე ხუნდით სანადირო ადგილებს ნიშნავდა.