გიბსონის უდაბნო
გიბსონის უდაბნო – (ინგლ. Gibson Desert), უდაბნო დასავლეთ ავსტრალიაში. უკავია დასავლეთ ავსტრალიის ზეგნის ცენტრალური ნაწილი, რის გამოც მისი ჰავა და მთლიანად ლანდშაფტი ყველაზე მეტი კონტინენტურობით გამოირჩევა. იგი მოქცეულია დიდ ქვიშიან უდაბნოს (ჩრდილოეთით), დიდ უდაბნო ვიქტორიას (სამხრეთით), ცენტრალური ავსტრალიის მთიან ოლქს (აღმოსავლეთით) და დასავლეთ პლატოებს შორის. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი უკავია 300-500 მ სიმაღლის_ პლატოს, რომლის ზედაპირიც დაფარულია ღორღით (ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვის პროდუქტი). ვაკე რელიეფის ერთფეროგნებაში აღმოსალეთ პერიფერიაზე მნიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს დაბალმთიან ჭიუხებს. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მლაშობებს „ეფემერული“ მლაშე ტბებით. ნალექების წლიური რაოდენობა 250 მმ-ზე ნაკლებია. უდაბნო ზედაპირულ ჩამონადენს თითქმის მთლიანად მოკლებულია. ჭიუხების ფერდობები დასერილია შრობადი კალაპოტებით. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი უკავია ხეშეშ ეკლიან მარცვლოვან უდაბნოს, რაც ნაწილობრივ გამოყენებულია ექსტენსიური საძოვრული მეცხოველეობისათვის. აღმოსავლეთ ნაწილში ფართო გავრცელება აქვს მეჩხერ ბუჩქნარ აკაციას (მელგა სკრები) უდაბნოს ტერიტორია მუდმივ მოსახლეობას თითქმის მთლიანად მოკლებულია.