გილგამეშის ეპოსი
გილგამეშის ეპოსი – შუამდინარეთის ხალხების ეპოსი, აღმოსავლეთის ლიტერატურის უძველესი ძეგლი. მისი სრული სათაურია: „რომელმან სიღრმე იხილა“. ჩვენამდე მოღწეულ სიმღერათა ჩანაწერები დაშორებულია ერთმანეთისაგან 1500 წლით, რაც საშუალებას გვაძლევს ეპოსის განვითარების მთავარი ეტაპები გავითვალისწინოთ. პოემა ჩაწერილია ლურსმულად თიხის ფირფიტებზე – ძველი აღმოსავლეთის ოთხ ენაზე: შუმერულ, აქადურ, ხურიტულსა და ხეთურ ენებზე. გილგამეშიანის უძველესი ზეპირი სიმღერები შუმერულია. მათი არსებობა ჩვ. წ. ა-დე III ათასწლეულის პირველ ნახევარს მიეკუთვნება. პირველი ჩანაწერები შესრულებულია შუმერულ ენაზე ჩვ. წ. ა-დე III ათასწლეულის ბოლოს. ამავე პერიოდს ეკუთვნის პოემის აქადური ვერსია, ხურიტული და ხეთური თარგმანები პოემისა ჩე. წ. ა-დე II ათასწლეულს ეკუთვნის. ყველაზე დამუშავებული და მხატვრულად სრულყოფილია ნინევიური ვერსია (II ათასწლ. ბოლო და VII- VI სს ჩვ. წ. ა-მდე).
პოემის ჩასახვის ხანა – პატრიარქატის ეპოქა – ქვის ხანის ბოლო, ლითონის ხანის დასაწყისი. ეპოსის მთავარი გმირი ისტორიული პირი, სამხრეთ შუმერის ქალაქ ურუქის მეფე-მთავარი გილგამეშია 2800–2700 წწ. ჩვ. წ. ა-დე). ჩანს გილგამეშის გარშემო მითოლოგიურ გადმოცემათა და ხალხურ საგმირო-საისტორიო სიმღერათა მთელი ციკლი შეიქმნა. ეპოსის ლიტერატურულად დამუშავებულ რედაქციებში მითოლოგიური წარმოდგენები და სახეები მეტად ძლიერია. პოემაში აღწერილია გილგამეშის ძლევამოსილი ბრძოლები ურუქის მტრებთან, ურჩხულებთან, ცეცხლის მფრქვეველ ზეციურ ხართან, ურთიერთობა ღმერთქალ იშტართან, ენქიდუსთან დაძმობილება, მეგობრის დაკარგვა და გლოვა, ბოლოს, გილგამეშის გამგზავრება მარადიული სიცოცხლისა და უკვდავების საძებრად. ამ ძეგლში დასმულია პრობლემა ადამიანის არსებობის მიზნისა და დანიშნულების შესახებ. „გილგამეშიანი“ კაცობრიობის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე შექმნილი ძეგლია. გილგამეშის ეპოსში შესული სახეები და მითები გვხვდება ბიბლიაში (მაგ., წარღვნის ლეგენდა) გილგამეშიანს საერთო მოტივები გააჩნია ქართულ ფოლკლორთან, კერძოდ, ამირანის ეპოსთან. უკვდავების მაძიებელი ჭაბუკის თემა რაც ასე რელიეფურად ჩანს გილგამეშის ეპოსში ქართული ფოლკლორის ორგანულ ნაწილს შეადგენს.
გილგამეშიანი ორჯერ არის თარგმნილი ქართულ ენაზე. პირველი თარგმანი შესრულებულია მ. წერეთლის მიერ 1924 წელს. მეორე აქადური ვერსიის მიხედვით ზ. კიკნაძის მიერ ყველა ცნობილი ვარიანტისა და ფრაგმენტების გათვალისწინებით.
ე. ვირსალაძე
ლიტერატურა
- გილგამეშიანი, ბაბილონური ეპოსი, თარგ. მიხეილ წერეთელმა, კონტანტ., 1924;
- გილგამეშის ეპოსი, აქადურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ზურაბ კიკნაძემ, თბ., 1968;
- შ. ნუცუბიძე, ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. I., თბ., 1956;
- ელ. ვირსალაძე, ქართული სამონადირო ეპოსი, თბ., 1964;
- მიხ. ჩიქოვანი, ქართული ეპოსი, II, თბ., 1965;
- მისივე, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკსთხები, 1971.