გიორგი VII (საქართველოს მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი VIIსაქართველოს მეფე (1393-1407), ბაგრატ V-ის და დედოფალ ელენეს ძე, რომელიც გარდაიცვალა 1366 წ. საქართველოში გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემიით. გიორგი VII თანამოსაყდრედ ეკურთხა 1375 წ.

გიორგი VII მამის სიცოცხლეშივე აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის მართვა-გამგეობაში. თემურლენგის საქართველოში ლაშქრობისას (1386) ის მამის ბრძანებით, დასავლეთ საქართველოში გადავიდა მდგომარეობის გასაკონტროლებლად, რათა იქაურ მთავრებს, სამცხის მთავარ ბექა ჯაყელის მსგავსად, თემურლენგისთვის მორჩილება არ გამოეცხადებინათ. მიუხედავად ამისა, ბაგრატის დატყვევებით (1386) და გიორგი VII-ის აღმოსავლეთ საქართველოში გადასვლით ისარგებლა იმერეთის ერისთავმა ალექსანდრემ [საქართველოს მეფის დავით VI ნარინის (1243/47-1293) შთამომავალი] და თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა (1387-1389). გიორგი იძულებული იყო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დროებით არსებულ ვითარებას შეგუებოდა. მას ძალიან კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რომ სასტიკი მომხდურის მოგერიება და ქვეყნის განადგურებისგან გადარჩენა მხოლოდ ერთიანობით, საქართველოს მთელი ძალების სრული მობილიზაციით თუ იქნებოდა შესაძლებელი: „ამისთვის ეზრახებოდა, რათა არა ჰყონ განდგომილება, რამეთუ არს მტერი ძლიერი და მძვინვარე და შეუერთებელნი მოვისვრით ყოველნი“.

1387 წ. ქართული მხედრობა გიორგი VII-ის მეთაურობით ქ. ხუნანთან მდ. ბერდუჯის (ამჟ. ძეგამ-ჩაი, მტკვრის მარჯვენა შენაკადი) პირას, ჩაუსაფრდა თემურლენგის 12000-იან ლაშქარს, რომელსაც დატყვევებული ბაგრატ V მოჰყავდა, გარიჟრაჟზე თავს დაესხა და ისე ერთიანად ამოჟლიტა, რომ ამბის მიმტანიც კი აღარ დატოვა. მამა-მეფე ტყვეობიდან დაიხსნა, თბილისს მოადგა და ქალაქი მტრისგან გაათავისუფლა. ამის შემდეგ გიორგი VII-ის ავტორიტეტი უაღრესად გაიზარდა.

თემურლენგის წასვლისთანავე საქართველოს სამეფო კარმა ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის გამოსწორებისთვის დაიწყო ზრუნვა. ბაგრატი და გიორგი მოერიდნენ აშკარა დაპირისპირებას, ძმათა შორის სისხლისღვრას და ხელსაყრელი დრო შეარჩიეს საქართველოს მთლიანობის აღსადგენად. უდიდესია საკუთრივ გიორგის წვლილი ამ საქმეში. 1391 წ. გ. VII სამცხეში გადავიდა, გარდაცვლილ ბექა ჯაყელის ნაცვლად მის ძეს, იოანეს უბოძა ათაბაგობა და სამცხის მთავრად დაადგინა, რაც სამცხეზე საქართველოს მეფის უზენაესი ხელისუფლების აღდგენას ნიშნავდა. შინაფეოდალური ბრძოლების შედეგად 1392 წ. მოკლეს იმერთა მეფის, ალექსანდრეს შემდეგ გამეფებული მისი ძმა გიორგი (1389-1392). გიორგი VII მაშინვე დასავლეთ საქართველოში გადავიდა და „დაიპყრა იმერეთი სრულიად“. თემურლენგის შემდგომი ექვსი ლაშქრობის დროს (1394-1403) გიორგი უკვე ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას.

1394 წ. თემურლენგმა ორჯერ ილაშქრა საქართველოში. მის მიერ გამოგზავნილმა 40-ათასიანმა მხედრობამ თავდაპირველად საქართველოს სამხრეთი რაიონები დაარბია ახალციხემდე, ხოლო შემდეგ პირადად წამოუძღვა თავის ჯარს და გიორგი VII-ს მორჩილება მოსთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მარტო იყო დარჩენილი უძლიერესი მტრის წინააღმდეგ და თანაც გიორგი VII-მ ძალიან კარგად იცოდა, თუ როგორ უსწორდებოდა ურჩობისთვის თემურლენგი მოწინააღმდეგეებს (მას თვალწინ ჰქონდა ხორეზმის მაგალითი, რომლის სახელმწიფოებრიობასაც თემურლენგმა 1388 წ. მოუღო ბოლო, მიწასთან გაასწორა მისი დედაქალაქი ურგენჩი, ხოლო მოსახლეობა აჰყარა და სამარყანდში გადაასახლა), მაინც ღირსებით სავსე და გაბედული პასუხი გაუგზავნა დამპყრობელს: „დაღაცათუ სარკინოზ ხარ და ბარბაროზ სჯულითა და არა უწყი წინასწარმეტყველთა მიერ თქმული, თუ ვითარ იტყვის: უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი, ესე უწყოდე, რამეთუ მე მეფობისა შენისა არა უმცირეს ვარ, არცა უდარეს, არა უწყია, რამეთუ ძირთაგან დავით წინასწარმეტყველისაგან აღმოცენებულ ვართ, და მის გამო ღმრთისა მიერ ცხებით განეგების მეფობა ჩუენ ბაგრატოანთა და ტომნი ვართ დავით მეფისა და წინასწარმეტყველისა, რომლისათვის ბრძანა ღმერთმან, ვითარმედ: „ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს, და მე არა ვეცრუო მას, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთაო“ (ფსალმ. 131, 11) და ესე დავით იგი არს, რომელმან ერთითა შურდულითა მოკლა გოლიათი და შემუსრა ქედმაღლობა მისი. ამისთვისცა განგებითა მრავალმოწყალისა ღმრთისათა მეფედ დამკვიდრებულვართ სრულიად საქართველოსა ზედა, და ესრეთ განთავისუფლებულ ვართ, და სხუა მეფე არა უფლებულ არს ჩუენ ზედა, გარნა მეუფე იგი ზეცათჲ უფალი ჩუენი იესო ქრისტე, ხოლო მეფობა შენი აქაცა მსწრაფლ წარმავალ არს და უმკვიდრო, და მუნ საუკუნოდ გეგულების ცეცხლი უშრეტი, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათვის და შენებრ მსახურთ ყოველთათვისვე და მზაკუარებითა მაგით ხელოვნებითა ბელზებულთათა დაგიპყრიეს სრულიად აღმოსავლეთი და გყავს სიმრავლე ბანაკთა და სპანი ურიცხვნი და ესე სამგზის მოსრულ ხარ და იავარ გიყოფიეს სამკვიდრებელი ესე სამეფო ჩემი, და წილხდომილი ესე სამწყსო წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობლისა, და ესე არათუ ძალისა შენისა მოქმედება არს, არამედ ცოდვათა ჩვენთა განმრავლებისათვის სამართლად გუწუართნა ჩვენ ღმერთმან, მოვედ თუმცა არა ხარ სეფექალი და დიაც, და თუ შენ არ მოხვალ, მე მოვალ ძალითა ღმრთისათა რჩეულთა სპითა ცემითა, დაღაცათუ სიმრავლით ძალისა შენისათა მრავალი ბოროტი გიყოფიეს ჩვენდა მომართ, არამედ უვნებლად არცა ჩუენ მიერ წარსულ ხარ“. ასევე უარი შეუთვალა თემურლენგს გიორგი VII-მ ალინჯის ციხიდან მის მიერ გამოხსნილი და შეფარებული უფლისწულ თაჰერ ჯალაირიანის გადაცემაზე: „არ არის ჩვენი ნათესავთ წესი, რომ შემოხვეწილი კაცი ვისმე მივსცეთო“. სპარსელი ისტორიკოსების ცნობით, თემურის „მძვინვარების ალი კიდევ უფრო აბრიალდა ურწმუნო გიორგის უგუნური გულადობის გამო“ და თავის ლაშქარს უბრძანა, „საღავთო ომად მკლავი აღემართათ ბოროტსა და ცდომილ ხალხზე“ (ნეზამ ად-დინ შამი, შარაფ ადდინ ალი ეიზიდი). თემურლენგი ურიცხვ საბოძვარსა და წყალობას დაჰპირდა იმათ, ვინც გიორგი მეფეს შეიპყრობდა და მას მიჰგვრიდა. უდიდესი სურვილისა და ძალისხმევის მიუხედავად, მტერმა ვერ მოახერხა გიორგის ვერც შეპყრობა და ვერც წინააღმდეგობის გატეხა. რამდენჯერმე მეფემ მცირერიცხოვანი ამალით ხელჩართულ ბრძოლაში გაარღვია მტრის ალყა და სამშვიდობოს გავიდა შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აიძულა თემურლენგი უარი ეთქვა საქართველოს გაჟლეტა-გამაჰმადიანების გეგმაზე და დათანხმებულიყო გიორგის თხოვნას ზავის დადებაზე საქართველოს მხრიდან საზავო პირობების დარღვევის გამო თემურლენგმა 1403 წ. მერვედ და უკანასკნელად ილაშქრა საქართველოში.

თემურლენგის ლაშქრობები ყველგან განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, მაგრამ საქართველოს მიმართ მისი სისასტიკე კიდევ უფრო საგანგებო იყო რელიგიური ფაქტორის გამო. ყველა ქართველი ისტორიკოსი ხაზგასმით და რამდენიმეგზის აღნიშნავს თემურლენგის მიერ ეკლესია-მონასტრების „საფუძვლითურთ" დანგრევას, რასაც, სხვათა შორის, სპარსელი ისტორიკოსებიც ადასტურებენ. 1401 წ. შამქორის ზავის ხუთი პუნქტიდან (რომლებიც საქართველოს მოვალეობას ეხებოდა), ორი რელიგიის სფეროს განეკუთვნებოდა: 1. ქართველებს თავიანთ ქვეყანაში არ უნდა შეევიწროებინათ მუსლიმები; 2. ქართველებს ეკრძალებოდათ ქრისტიანული რელიგიის ადათ-წესების აშკარად შესრულება მუსლიმურ ქვეყნებში. თემურლენგი იმაზეც კი თანახმა იყო, რომ ხარკი არ დაედო საქართველოსთვის, თუკი გიორგი VII მაჰმადიანობას მიიღებდა. ბირთვისის ციხის აღების შემდეგ ის დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ისევე, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, აქაც თემურმა მთელი სივრცე დაუნაწილა თავის ჯარს და უბრძანა აღეგავათ ყოველივე „პირისაგან მიწისა“. ერთი თვის განმავლობაში შვიდასი დაბა და მონასტერი ააოხრეს. ქართველი ხალხის მიერ გაწეულმა უდიდესმა წინააღმდეგობამ პროტესტი გამოიწვია თემურის ჯარში. ალბათ, ერთადერთი შემთხვევაა თემურლენგის ბატონობის ისტორიაში, როდესაც მისმა სარდლებმა გაბედეს და ლაშქრობის შეწყვეტა მოსთხოვეს თავიანთ მბრძანებელს. იგი იძულებული იყო დასთანხმებოდა მათ მოთხოვნას, დაეთრგუნა პატივმოყვარეობა და თვითონ დაეწყო საზავო მოლაპარაკება საქართველოს მეფესთან. შამქორის ზავის პირობების პარალელურად თემურლენგი იძულებული გახდა ეცნო საქართველო, როგორც ქრისტიანული სახელმწიფო. ეს იყო ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება ამ სამამულო ომში, მოპოვებული უდიდესი მსხვერპლისა და უზარმაზარი მატერიალური ზარალის ფასად.

თემურლენგის ლაშქრობათა შორის პერიოდში გიორგი VII პოულობდა დროსა და ძალებს ქვეყნის საშინაო საქმეების მისახედადაც. 1401 წ., შამქორის ზავის დადების შემდეგ, მან ქსნის ერისთავ ვირშელთან ერთად დამსჯელი ექსპედიცია მოაწყო კვალეთში. თემურლენგის მეექვსე ლაშქრობის დროს (1401) დვალები აუჯანყდნენ ერისთავ ვირშელს, რაც იმ სიტუაციაში ღალატის ტოლფასი იყო.

გიორგი VII, მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, ცდილობდა ყურადღება არ მოეკლო საქართველოს ეკლესიისთვის. შემორჩენილია მეფის მიერ გაცემული დოკუმენტები, რომელთა ძალითაც მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს განუახლდა ძველი მამულების შეწირულებები და დაუმტკიცდა მკვიდრი მამულები. თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ (1405) თემურიანთა წინააღმდეგ ბრძოლის მედროშე გიორგი VII ხდება. ის თავს ესხმოდა და არბევდა საქართველოს საზღვრებთან ჩამოსახლებულ მაჰმადიანებს. 1405 წ. მან ნახიჩევანსა და განჯაში ილაშქრა. სასტიკად დაამარცხა და მარანდამდე განდევნა თემურლენგის შვილიშვილის, ომარის გამოგზავნილი ჯარი. გიორგი VII საბოლოოდ შეეწირა კიდეც ამ ბრძოლას. 1407 წ. გმირი მეფე ბრძოლის ველზე დაეცა. მეფის ცხედარი უმცროსმა ძმამ კონსტანტინემ ჩამოასვენა. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

გიორგი VII-ის მეფობის პერიოდში საქართველოს პატრიარქები იყვნენ გიორგი V (XIV ს. 80-90-იანი წლები) და ელიოზი (1399-1419).

გიორგი VII ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება როგორც „დავითიან-ბაგრატოვანი, აფხაზთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშა და შაჰანშა სრულისა საქართველოსა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ხელმწიფედ ფლობით მპყრობელი, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის გამაერთიანებელი, ორივე სამეფოს მტკიცედმპყრობელი“.

გ. ოთხმეზური


წყაროები და ლიტერატურა

  • ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 2, თბ., 1959;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;
  • სცსა, საბუთები №№ 1448-532, 1449-1662.
  • კაკაბაძეს, ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ცხოვრება, საისტორიო მოამბე, ტ. 2, ტფ., 1925;
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. 1. თბ., 1991;
  • ტაბატაძე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XVსს-ის მიჯნაზე, თბ., 1974;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3);
  • Якубовский А.Ю., Тимур, опыт краткой характеристики, Вопросы Истории, №8, 9, M., 1946;
  • Histoire des conquests de Tamerien intitulee Zafarnama par nizamuddin Sami. Aves des additions empruntees au Zubdatutavarich-l Buzunguri de Habiz-l Abru. Edition critique par Felix Tauer, t. 1, texte person de Zaparnama, Praha, 1937; Histori des conquests de Tamerian intitulee Zafornama par Nisamuddin Sami. Edition critique par Felix Tauer, t. – 2, introduction, comentaire, index. Pra ha, 1956; The Zafarnamah by Maulana Sharfuddin Ali of Yazd, ed. by Maulawi Muhammad Ilandad. Vol I-II, Calcutta, 1887-1888.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები