გლინავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გლინავი, (მგლინავი) – ისტორიული სოფელი, ამჟამად ადგილი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (არტაანი). მემატიანე სუმბატ დავითის ძე ამ ტოპონიმს მგლინავად მოიხსენიებს, ჟამთააღმწერელი კი მას იცნობს როგორც გლინავი. სახელწოდების შინაარსი რამდენადმე დაბნელებულია, თუმცა მის გარკვევაში დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია ქართული ენის რაჭულ, აგრეთვე, იმერულ დიალექტებს. მათში დღემდე არის შემონახული ზმნური „გლინავს“, „იგლინებს“ ფორმები რომლებიც სრიალის ცურვის სხლტომის მნიშვნელობით გამოიყენება:

„ყველი გლინამს ხელში“; „ფეხი დასველებია და უგლინებია ზედ“. რაჭულ დიალექტში გლინავს, იგლინებს ზოგადად დაცურებას, დაქანებას, მოჭრილი ხეების შუროში სრიალს ნიშნავს: „სვანში… მორები ჩაიყრება „იგლინებ“ და „სახაროზე“ თავისით ჩავა“ (ლ. ფრუიძე). საინტერესოა ძველი ქართული ენის მონაცემები. ბასილი კესარიელის „ექუსთა დღეთაჲ“ იცნობს სიტყვა მგლინვარე-ს, რომელიც ი. აბულაძის მიერ განმარტებულია როგორც გლუვი: „რომელნიმე მგლინვარე არიან ქერქითა და რომელნიმე მქისე“. მაშასადამე, სახელწოდება გლინავ-ი, მგლინავ-ი, სოფელს თუ ადგილს შერქმევია დაქანებული, დამრეცი მდებარეობის გამო. გლინავ- ფუძიანი მიკროტოპონიმები მხოლოდ დასავლეთ საქართველოში გვხვდება, ზემო იმერეთში (სოფლები ხედა და ქვედა წიფლავაკე, ქვედა წევა…) არის ადგილი, რომელსაც გლინავღელე ეწოდება, სოფელ გოლათუბანში კი, ზვარის გზაზე, არის ადგილი, რომელსაც წყაროგლინავა ეწოდება. აღმოსავლეთ საქართველოში სიტყვა გლინავი არ ჩანს… აქაურ ტოპონიმიაში მას გლუვი ენაცვლება.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები