გოკია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი გოკია

გოკია, გოკიო – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ალასტანის თემში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. გოკიოსწყლის (ჭობარეთის მარცხენა შენაკადი), ზღვის დონიდან 1750-1840 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 24 კმ მანძილზე, აზავრეთ-თორის საავტომობილო გზაზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 549. მათი უმეტესობა (99 %) სომეხია (2002). შუა საუკუნეეებში იყო ქალაქი. ვახუშტი ბაგრატიონი გოკიოს შესახებ წერს: „გოკია არს ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი და ურიანი ვაჭარნი".

სახელწოდება

ადგილობრივ გავრცელებული თქმულების მიხედვით სახელწოდება გოკიო, გოკია ჩვენი ხალხის ტრაგიკული ისტორიის ამსახველი ტოპონიმი ყოფილა. იგი, თურმე, ნიშნავს: „გოგო კივა“. მოთარეშე მტერს სოფლიდან ქალიშვილი გაუტაცია. გოგო მტერს არ ნებდებოდა და ისეთი განწირული ხმით კიოდა, რომ მისი ხმა მეზობელ სოფლებსაც კი წვდებოდა, მშველელი კი არ ჩანდა, რადგან ხმლის ხელში ამღები ყველა მამაკაცი მტერს ზედ შეჰკვდომოდაო.

გოკიო, ჩვენი ვარაუდით, თურქული ენის კუთვნილება უნდა იყოს ტოპონიმ გოკიას არაქართულ ენობრივ სამყაროსთან შესაძლო კავშირის შესახებ მოსაზრება გამოთქმული აქვს აგრეთვე ქეთ. ლომთათიძეს. გიოქ თურქულად ლურჯს, ცისფერს ნიშნავს. გამორიცხული არ ჩანს, რომ იგი საზღვრულჩავარდნილი ერთეული იყოს. თავდაპირველად მას, ალბათ, მეორე ფუძეც (საზღვრული) უნდა ხლებოდა: ლურჯი ტბა (წვალი, გუბე, ხევი..) შდრ. გიოქჩაი „ლურჯი წყალი", „ლურჯი ტბა“ (ქართ. გოქჩა). უთუოდ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ XVI საუკუნის აღწერათა მიხედვით აქ, ამ არეალში, სოფელი გოქი არის მინიშნებული, რაც ჩვენს ვარაუდს ერთგვარად უჭერს მხარს. ჯავახეთის ტოპონიმიის სპეციალისტი გრ. ბერიძე ასევე ადასტურებს ამ რეგიონში ნასოფლარ გოქი-ს არსებობას. მკვლევარი გოკია-ში გამოყოფს –ია მაწარმოებელს, მაგრამ არაფერს გვეუბნება „გოკ“ ძირის სემანტიკაზე.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები