გოტშედი იოჰან კრისტოფერ
იოჰან კრისტოფერ გოტშედი – (გერმ. Johann Christoph Gottsched, 1700-1766), XVII საუკუნის გერმანელი მწერალი კლასიცისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი, კრიტიკოსი, მთარგმნელი.
ადრეული გერმანული განმანათლებლობის იდეოლოგი გოტშედი დაიბადა კენისბერგში, ბიურგერის ოჯახში. 20-იან წლებში გადადის საცხოვრებლად ლაიფციგში და უნივერსიტეტში ასწავლის გრამატიკას, რიტორიკას, ესთეტიკას, ისტორიას, ლიტერატურას. გოტშედმა უნივერსიტეტთან შექმნა –„გერმანული საზოგადოება პროზისა და მჭევრმეტყველების დამუშავებისათვის“, დააარსა კრიტიკული ჟურნალები – „გონიერი ღვთისმგმობები“ და „მართალი ადამიანი“. მისი ლიტერატურულ-ესთეტიკური შეხედულებები გადმოცემულია წიგნში – „კრიტიკული პოეტიკის ცდები გერმანელებისთვის“ (1730). ამ ნაწარმოებში გოტშედმა ასახა მთელი თანამედროვე ეპოქა და გერმანული ესთეტიკური აზრის ისტორია.
გოტშედი არ იყო ბუალოს მიმდევარი და ასევე, XVII საუკუნის გერმანული ე. წ. სალონურ-არისტოკრატიული ლიტერატურული ტრადიციების წინააღმდეგაც ილაშქრებდა. მისი აზრით, ნაწარმოები უნდა იყოს გასაგები და ადვილად აღსაქმელი. როგორც კლასიცისტისათვის, „გონიერი სიმართლე“ უმნიშვნელოვანესია ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი დრამაში. მისი „პოეტიკა“ ორ მთავარ პრინციპზეა აგებული. ბუალოს მსგავსად ამტკიცებდა, რომ ხელოვნება „მშვენიერ ბუნებას“ უნდა ბაძავდეს და „სასიამოვნო სასარგებლოს“ ერწყმოდეს, სადაც „სასარგებლო“ პირველ ადგილზეა (ამგვარად განიხილავდა ანტიკურ ხელოვნებასაც და სავალალო შედეგს იღებდა). გოტშედი „აღმერთებდა“ ფრანგულ კლასიცისტურ დრამას და უარყოფდა XVII საუკუნის გერმანულ დრამატურგიას, რომელშიც არ იცავდნენ „სამი ერთიანობის“ კანონს, ტრაგიკული და კომიკური შერწყმული იყო. („სამი ერთიანობის კანონს“ ასე ხსნიდა: დროის – მოქმედება დღე ვითარდება, რადგან ღამე უნდა იძინონ; ადგილის – მსახიობები და მაყურებელი ვერ გადავლენ სხვა ადგილას; ტრაგედიის და კომედიის გაყოფას იმით ხსნის, რომ ტრაგედიაში – მეფეები გამოჰყავთ, კომედიაში – ბიურგერები. დაუშვებელია მაყურებელის წინაშე მეფის „უხერხულ ვითარებაში“ წარმოჩენა. ვინაიდან, მეფისთვის მიუღებელი საქციელი სიუზერენის ავტორიტეტისა და პატივისცემის დაკარგვას გამოიწვევს ხალხში.). გოტშედი ებრძოდა XVII საუკუნის არისტოკრატიული დრამატურგიისათვის დამახასიათებელ მანერულობას და ხელოვნურობას, გადაჭარბებულ პათოსსა და პოეზიაში ფორმალურ ხერხებს.
1731 წელს გოტშედი წერს ტრაგედიას – „მომაკვდავი კატონი“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა XVIII საუკუნის გერმანულ კლასიცისტურ დრამატურგიას. ტრაგედია დაწერილია ინგლისელი განმანათლებლის, ჯოზეფ ადისონის „კატონის სიკვდილის“ თემაზე. ტრაგედიის გმირი უკანასკნელი რომაელი რესპუბლიკელია. გოტშედს კატონი უდიდეს მოქალაქედ ჰყავს გამოყვანილი, რომელიც მონობას თავისუფლად სიკვდილს არჩევს. კატონი ებრძვის ტირანიას, სიყვარულს და თავისუფლებას აღმერთებს. გოტშედის კატონი გერმანელი ბიურგერის პორტრეტი იყო, რომელიც მხოლოდ შორეულ მომავალში ხედავდა თავისი პოლიტიკური იდეალის განხორციელებას. მხატვრული თვალსაზრისით ნაწარმოები სუსტია, ლიტერატურულ წრეებში დასცინოდნენ. ერთერთმა კრიტიკოსმა დაწერა: რომაელ კატონს გოტშედის კატონისათვის რომ მოესმინა, თავს მეორედ მოიკლავდაო. სამაგიეროდ, სცენაზე განხორციელებული „მომაკვდავი კატონი“ მაყურებელმა მოიწონა. მთავარ როლს კოლგარდტი ასრულებდა. პიესა გამოჩენილმა მსახიობმა – რეფორმატორმა კაროლინა ნოიბერმა დადგა. კაროლინა ნოიბერი გერმანულ თეატრში, საშემსრულებლო ხელოვნებაში კლასიცისტური მიმდინარეობის ფუძემდებელი გახლდათ.
მაკა ვასაძე