გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – ბიბლიოთეკა რიგით მესამეა ავსტრიის წიგნსაცავთა შორის. მისი დაფუძნების ისტორია XVI ს-მდე მივყავართ. 1573 წელს დაარსებული იეზუიტთა კოლეჯი იმავე საუკუნის 80-იან წლებში გარდაიქმნა უნივერსიტეტად, რომელიც თავდაპირველად ყურადღებას უთმობდა მხოლოდ თეოლოგიასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. მონასტერთა ხელშეწყობით იზრდებოდა უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდიც. 1773 წლიდან უნივერსიტეტი სახელმწიფო ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, 1781 წელს კი ბიბლიოთეკამ ოფიციალური ინაოგურაცია გაიარა.
ამჟამად ბიბლიოთეკა ფლობს ინკუნაბულების, ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების მდიდარ კოლექციას. აღსანიშნავია პაპირუსზე გადაწერილი ეგვიპტური წარმომავლობის 42 ერთეული; ბიბლიოთეკის კოლექციის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს VII-XI ს-ების სინური წარმომავლობის 5 ქართული ხელნაწერი წიგნი და 2 ფრაგმენტი, რომელთა ბიბლიოთეკის ფონდში არსებობაც ჰუგო შუხართის სახელს უკავშირდება. გარდა ამ ხელნაწერებისა, შუხართმა ბიბლიოთეკას გადასცა რამდენიმე ასეული ქართული ნაბეჭდი წიგნი, დოკუმენტები და წერილები. 2001 წელს ვახტანგ იმნაიშვილმა გრაცში დაცულ ხენაწერებს მიუძღვნა ნაშრომი: „სინის მთიდან გრაცამდის (გრაცის ქართულ ხელნაწერთა ისტორია)“. პუბლიკაცია ძირითადად ეხება გრაცის უნივერსიტეტის კუთვნილ ქართულ ხელნაწერებს, უფრო ზუსტად კი, ამ ხელნაწერების სინას მთიდან გრაცში მოხვედრის თავგადასავლებია ასახული (იმნაიშვილი 2001).
იხილე აგრეთვე
გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები