გრძედი
გრძედი – (longitude), კოორდინატი, რომელიც განსაზღვრავს დედამიწაზე წერტილის მდებარეობას საწყისი მერიდიანიდან დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.
განასხვავებენ: ასტრონომიულ, გეოდეზიურ და გეოცენტრულ გრძედებს.
ასტრონომიული გრძედის (λ) განსაზღვრა ხდება ორწახნაგა კუთხით, რომელსაც წერტილის მერიდიანის სიბრტყე ქმნის საწყისი მერიდიანის სიბრტყესთან. აითვლება 0º-დან 360º-მდე დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ან 0º-დან 180º-მდე საწყისი მერიდიანის აღმოსავლეთით და დასავლეთით. ამ შემთხვევაში აუცილებელია მინიშნება: აღმოსავლეთის გრძედი (აგ) ან ნიშანი (+), დასავლეთის გრძედი (დგ) ან ნიშანი (-). პრაქტიკულად გრძედი განისაზღვრება მერიდიანებს შორის დროთა სხვაობით, ამიტომ იგი შეიძლება დროის ერთეულებშიც გამოისახოს (საათი, წუთი, წამი).
ტერმინი „გრძედი“ შემოიღო ბერძენმა ასტრონომმა ჰიპარქემ ძვ. წ-ის II საუკუნეში. 1884 წელს საერთაშორისო შეთანხმებით საწყის მერიდიანად მიჩნეულ იქნა გრინვიჩის მერიდიანი.