გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი

გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი – (ინგლ. Gurjaani All-Holy Temple), VIII-IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი, საქართველოში ერთადერთი ორგუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ს. გურჯაანის მახლობლად, ტყეში, ქ. გურჯაანიდან 2 კმ-ის დაშორებით.

გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ტაძარი თამარ მეფის დროიდან ენისელი მოურავების საკუთრებაში იყო. XVII საუკუნეში იგი თავად ჯანო ანდრონიკაშვილს ეკუთვნის, ხოლო შემდეგ თავად ნოდარ ჯორჯაძის გამგებლობაშია.

პატრონიკე

ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძირების სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა. საკმაოდ რთული აგებულების ტაძარი, შიდა სივრცის გადაწყვეტის მიხედვით, სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს, თანაც ტაძარს ერთის ნაცვლად ორი ადგას, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს სხვა ქართული ძეგლებისგან. ტაძრის ასაგებად გამოყენებულია სამი ტიპის საშენი მასალა: რიყის ქვა, შირიმი და კვადრატული აგური. გვხვდება საგანგებო ფორმის აგურებიც სვეტისთავებისა და სხვა სპეციფიკური დეტალებისთვის. ნავებიცა და გუმბათებიც დახურულია ღარისებრი კრამიტით. ტაძრის ინტერიერი სამ ნავად იყოფა. შუა, მაღალი ნავი ორფერდა სახურავითაა გადახურული, ნალისებრი აფსიდით სრულდება და სამი კვადრატისგან შედგება. პირველსა და მესამე კვადრატებზე ამოყვანილია რვაწახნაგა გუმბათები ტრომპების მეშვეობით. დასავლეთი გუმბათი ოდნავ მაღალი და განიერია, ვიდრე აღმოსავლეთი. ნალისებრი აფსიდის გვერდით საკურთხევლის დამხმარე სათავსებია – სამკვეთლო (ჩრდილოეთით) და სადიაკვნე (სამხრეთით). მის გვერდით პასტოფორიები მართკუთხაა, უაფსიდო. სადიაკვნე ძალიან ვიწრო ოთახია, ხოლო სამკვეთლო ჩრდილოეთით შვერილი ნაწილითაა გაზრდილი. მთავარ ნავს სამხრეთსა და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული ორი გვერდითი ნავი, რომლებიც ერთმანეთს დასავლეთი განივი გასასვლელით უკავშირდება. გვერდითი ნავებისა და დასავლეთის შემაერთებელი დერეფნის თავზე მეორე სართული – პატრონიკეა მოწყობილი. მისი დასავლეთი მხარე ფართო თაღებით უკავშირდება ცენტრალურ სივრცეს, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი მონაკვეთები კედლებითაა გამოყოფილი მთავარი სივრცისგან - შუა ნავისკენ მათ მხოლოდ ძალიან წვრილი სარკმლები აქვთ, აღმოსავლეთით ეს სივრცეები კედლებით გამოყოფილი აფსიდებიანი სამლოცველოებით სრულდება. ამრიგად, ამ ეკლესიაში დღის განმავლობაში სამჯერ მაინც შეეძლოთ წირვა-ლოცვის ჩატარება. ეს სამივე ნავი ორსართულიანია, აღმოსავლეთ ბოლოებში დამატებითი სამლოცველოა, ხოლო დასავლეთი ნაწილი სამ იარუსად განლაგებული თაღებით იხსნება და წარმოქმნის პატრონიკეს, ანუ საგანგებო ადგილს საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენლებისთვის ლიტურგიის მოსასმენად.

ტაძარში დაცული სიწმინდეებიდან აღსანიშნავია ივერიის ღვთისმშობლის სასაწაულმოქმედი ჭედური ხატი (დაკარგულია), ვერცხლის საცეცხლური (ტაძრისთვის შეუწირავს იმერეთის მეფის სოლომონის დას მარიამს), პარაკლიტონი (საგალობელთა კრებული) და ეტრატზე დაწერილი სახარება მახარებელთა მინიატურებით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები