დაბა ზნაურის ღვთისმშობლის ეკლესია
დაბა ზნაურის ღვთისმშობლის ეკლესია - დარბაზული ეკლესია აგებულია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია ვიწრო შვერილებით. სამხრეთ კედელში გაჭრილია ვიწრო, თაღოვანი სარკმელი. შეისრულთაღიანი შესასვლელიც სამხრეთიდანაა. კარი ნაოთხალია შესასვლელის თავზე სწორკუთხა ნიშია. აღმოსავლეთ სარკმელს ლილვი აჩარჩოებს. სარკმლის თავზე ჩადგმულ კვადრზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიას ეტყობა გვიანდელი შეკეთება-გადაკეთების კვალი. ადგილობრივ მოსახლეობას ეკლესია შიფერით გადაუხურავს. კამარა და კონქი ჩამოქცეულია კედლები დაბზარულია. ეკლესიის გარშემო მიწის დონე აწეულია.
წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა