დადაიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დადაიზმი – (ფრანგ. dadaisme, < dada – აბდაუბდა, ბავშვური ლუღლუღი) – მოდერნისტული მოძრაობა დასავლეთ ევროპის ლიტერატურასა და ხელოვნებაში (ძირითადად საფრანგეთსა და გერმანიაში). დადაიზმი აღმოცენდა შვეიცარიაში 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს. მისი შემქმნელნი იყვნენ გერმანელი და რუმინელი მხატვრები და პოეტები: ტრისტან ცარა, რიჰარდ გიულზენბეკი, ჰუგო ბალი, გ. არპი, მ. იანკო.. დადაიზმის ძირითად პრინციპს შეადგენს ინდივიდუმის ანარქიული, ყოველმხრივ თავისუფალი ინიციატივ, რომელიც არაფრით არაა დაკავშირებული ყოველდღიურობასთან. დადაისტების აზრით, „დადას“ არა აქვს მეხსიერება, არ უყვარს და არ სჭირდება ინტელექტი. „დადაისტი არის უაღრესად თავისუფალი ადამიანი დედამიწის ზურგზე“, „ვინც არ ცხოვრობს დღევანდელი დღისთვის, იგი მარად ცხოვრობს“ (რ. გიულზენბეკი). „მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი სისტემისა. ყველაზე მისაღები სისტემაა – არ მიიღო არავითარი სისტემა“ (ტ. ცარა).

დადაისტები იკრიბებოდნენ ციურიხში, ერთ-ერთ კაბარეში, შეგნებულად აღიზიანებდნენ პუბლიკას სკანდალური გამოსვლებით, იმპროვიზებული სპექტაკლებით, მანიფესტებით. აღიარებდნენ ხელოვნების აბსოლუტურობას, მის არსებობას ყოველგვარი მინარევების გარეშე.

1923-24 წწ. დადაიზმი კარგავს მთლიანობას. ფრანგი დადაისტები ყალიბდებიან სურრეალისტებად, გერმანელები – ექსპრესიონისტებად.

დადაიზმი შემოქმედებითი პროცესის სათავედ მიიჩნევს ალოგიზმს, უარყოფს კონკრეტული შინაარსის მქონე სიტყვას და მის ნაცვლად იყენებს ირაციონალურ ბგერებს.

ქართველ პოეტთა შორის რამდენიმე დადაისტური ლექსი დაწერილი აქვს ტიციან ტაბიძეს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები