დანელია გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი დანელია

გიორგი დანელია – (დ. 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში, გ. 2019 წლის 4 აპრილს მოსკოვში) – სახელგანთქმული კინორეჟისორი და სცენარისტი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1989 წელი), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978 წელი).

თავისი კარიერა კინოში დაიწყო მასობრივ სცენებში მონაწილეობით ღვიძლი ბიძის, მიხეილ ჭიაურელის ფილმებში. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი, მუშაობდა არქიტექტორად ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში. 1956 წელს შევიდა მოსკოვის ახალგახსნილ უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილი) სახელოსნოში, რომელიც დაამთავრა 1959 წელს.

1959 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა დამდგმელ რეჟისორად კინოსტუდია „მოსფილმში”. უკვე პირველმა ფილმმა „სერიოჟა” (1960 წელი), გადაღებული თანაკურსელ იგორ ტალანკინთან ერთად, კრიტიკოსებისა და მაყურებლის ყურადღება მიიპყრო და კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიდი პრიზით („ბროლის გლობუსი”) აღინიშნა.

გიორგი დანელიამ კინემატოგრაფში ახალი მიმართულება შექმნა – ლირიკული კომედია კეთილი იუმორითა და ირიბი სარკაზმით. მის შემოქმედებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „გიორგი დანელიას კინო”. რეჟისორი ცნობილია თავისი „სევდიანი კომედიებით” („დავდივარ მოსკოვის ქუჩებში”, „ოცდაცამეტი”, „არ იდარდო”, „მიმინო”, „აფონია” და სხვ), როგორც თვითონ უწოდებდა საკუთარ შემოქმედებას.

გიორგი დანელია არის ნიჭიერი და თვითმყოფადი მხატვარი, ყოველთვის სხვადასხვანაირი და მოულოდნელი. მისი ნიჭიც კეთილია და ფილმებიც. ყველა მათგანში ის სიკეთის ნაწილს ტოვებს და ადამიანებისადმი თავისი სიყვარულის დიდ ნაწილსაც” – ასე ახასიათებდა რეჟისორს ცნობილი კინომსახიობი ევგენი ლეონოვი.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  1. 1960 – „სერიოჟა” (კარლოვი-ვარის სკფ, დიდი პრიზი „ბროლის გლობუსი” საუკეთესო ფილმისთვის; კანი, პირველი პრემია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ფილმების საერთაშორისო დათვალიერებაზე; აკაპულკო, პრიზი „პალენკეს ოქროს თავი” საფესტივალო ფილმების საერთაშორისო დათვალიერებაზე)
  2. 1963 – „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში”
  3. 1965 – „ოცდაცამეტი”
  4. 1968 – არ იდარდო” (მარ-დელ-პლატას სკფ, ჟიურის სპეციალური პრიზი „კონდორი”)
  5. 1972 – „მთლად ხელიდან წასული”
  6. 1975 – „აფონია”
  7. 1977 – „მიმინო” (მოსკოვის სკფ, ოქროს პრიზი; აველინოს სკფ, პრიზი „ოქროს ლაჩენო”)
  8. 1979 – „შემოდგომის მარათონი” (ვენეციის სკფ, ფიპრესის პრიზი; სან-სებასტიანის სკფ, მთავარი პრიზი „ოქროს ნიჟარა”, ფიპრესის პრიზი; ბერლინის სკფ, საერთაშორისო ევანგელისტური ჟიურის პრიზი; შამრუსის კომედიური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი)
  9. 1986 – „ქინ-ძა-ძა” (მადრიდის ფანტასტიკური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი; პორტუს ფანტასტიკური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი
  10. 1990 – „პასპორტი”
  11. 1993 – „ნასტია” (რიმინის სკფ, პრიზი „ამარკორდი”)
  12. 2000 – „ფორტუნა”
  13. 2013 – „ქუ! ქინ-ძა-ძა”

და სხვ.


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები