დედაბრული ხელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაბრული ხელის ნიმუში

დედაბრული ხელი – ქართული მხედრული დამწერლობის სახეობა. ჩამოყალიბდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (გურიასა და აჭარაში). უპირატესად გავრცელებული იყო ქალებს შორის (აქედანაა სახელწოდებაც – დედაბრული ხელი). ჩვენამდე მოაღწია დედაბრული ხელით შესრულებულმა კერძო წერილებმა (ხელნაწ. ინ-ტი, H-1258 ა), ისტორიულმა საბუთებმა – მიწის ნასყიდობის წიგნებმა (ხელნაწ. ინ-ტი, Qd-3351. Qd-3366, Qd-3578, Qd-3580) და ხელნაწერმა წიგნმა – კარაბადინმა (ხელნაწ. ინ-ტი, H-1258; ზომა 12X14 სმ. 34 გვ.), ასევე, - დედაბრული ხელით თურქულ ენაზე დაწერილმა წერილმა. დედაბრული ხელით არის ნაწერი ხელნაწერთა ინ-ტის H ფონდის (ყოფ. საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმის კოლექცია) შემდეგი წერილობითი ძეგლები: 2885-2889, 2959, 2981, 2983, 2984, 2986, 2989, 2991. დედაბრული ხელი პირველად ზოგადად დაახასიათა და მისი ორსტრიქონიანი ნიმუში გამოაქვეყნა დ. ბაქრაძემ (1878). ტერმინი „დედაბრული ხელი“ წერილობით პირველად დააფიქსირა აკად. ს. ჯანაშიამ (1946), იგი საგანგებოდ გამოიკვლია და მის შესახებ ცალკე ნაშრომი – გაშიფრული ტექსტები და ტაბულები – გამოაქვეყნა თ. ხაჟომიამ (1949).

დედაბრული ხელისთვის დამახასიათებელია მხედრული ასოების კუთხოვანი მოხაზულობით გადმოცემა; ცალკეულ შემთხვევებში მხედრულით დაწერილ ტექსტში ნუსხური, ზოგჯერ უ, ი ან სხვა ასოების ზედმეტად ჩართვა სიტყვაში; ა, გ, ე, ო-სა და ზოგიერთი სხვა ასოს ისეთი მოხაზულობა რომელიც იწვევს მსგავსებას XI ს. მხედრული დამწერლობით შესრულებულ წერილობით ძეგლებთან. დედაბრული ხელით შესრულებული ჩვენამდე მოღწეული ნიმუშები XIX ს-ისაა. მკვლევართა ვარაუდით, მათი ცალკეული ასოების მსგავსება უძველესი დროის მხედრული დამწერლობის ძეგლებთან დედაბრული ხელის ადრეულ წარმოშობაზე მიუთითებს

ვ. სილოგავა



ლიტერატურა

  • ჯანაშია ს. გიორგი შარვაშიძე, თბ., 1946;
  • ხაჟომია თ· ქართული დამწერლობის ერთ-ერთი თავისებური სახე, „მიმომხილველი“, I, თბ. 1949, ტაბ. IX.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები