დეეტერსი გერჰარდტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეეტერსი გერჰარდტ ულრიხ ვოლდემარ (1892–1961), გერმანელი ენათმეცნიერი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიოლოგი და ქართველოლოგი. იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს. მასვე ეკუთვნის რამდენიმე წერილი შოთა რუსთაველზე და ნაშრომი „ქართული ლიტერატურა" (1963).

ქართველურ ენათა კვლევის თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა „ქართველური ზმნა“ (Das Kharthwelische Verbum“, Leipzig, 1930). ამ ნაშრომში დეეტერსი ორ მიზანს ისახავდა: პირველ ყოვლისა, მას სურდა ნიადაგი მოემზადებინა ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი გრამატიკის შესაქმნელად, შემდეგ კი ქართველური ენები შეედარებინა მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან და საბოლოოდ ამ ენათა მიმართება გაერკვია მცირე აზიისა და წინა აზიის ძველ ენებთან. ნაშრომი 15 თავისაგან შედგება. მასში თანამიმდევრულადაა განხილული ზმნისწინები, პირის აღმნიშვნელი პრეფიქსები და სუფიქსები, მრავლობითი რიცხვის სუფიქსები, დროის და გვართა წარმოება და ა. შ.

დეეტერსს ყურადღება მიუქცევია ქართული ენის დიალექტებისთვისაც. ამ მიზნით გამოუყენებია ა. შანიძის, არნ. ჩიქობავასა და ე. თოფურიას შრომები.

რიგ შემთხვევაში დეეტერსი ემყარება ნ. მარის „ჭანური ენის გრამატიკას“, ი. ყიფშიძის „მეგრული ენის გრამატიკას“, სვანურისთვის კი იყენებს ა. ონიანისა და ი. ნიჟარაძის ტექსტებს, ა. შანიძის გამოკვლევას „უმლაუტი სვანურში“, ამასთან ერთად, შანიძისეული კლასიფიკაციით, სვანურში ოთხ დიალექტს გამოყოფს (ბალსზემოურს, ბალსქვემოურს, ლაშხურსა და ლენტეხურს).

„ქართველური ზმნა“ გამოქვეყნდა უფრო ადრე, ვიდრე დაიბეჭდებოდა ა. შანიძის „ქართული ენის გრამატიკა“ (1930), ნ. მარისა და მ. ბრიერის „ქართული ენა“ (1931), ვ. თოფურიას „სვანური ენა, I ზმნა“ (1911). ამის გამო დეეტერსის ნაშრომის ზოგი საკითხი სადავოა.

გ. თოფურია

ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ, იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები