დევდორაკი (მყინვარი)
დევდორაკი – ცნობილი მყინვარია ყაზბეგის მწვერვალზე. იგი მდებარეობს მდინარე ყაბახის სათავეში (თერგის მარცხენა შენაკადი), ხოხის ქედზე, ადგილ დიდებულიძის ნაბინავარისა და შევარდნის ბუდეს შორის. დევდორაკი მყინვარწვერის უდიდესი მყინვარია; მისი სიგრძეა 3 კმ., სიგანე კი 400 მეტრს აღემატება. აქ იღებს სათავეს პატარა ხევი დევდორაკის წყალი, რომელიც თერგს გველეთის ქვემოთ შეერთვის.
ხალხური ტრადიციული გადმოცემა დევდორაკს სიტყვა დევს უკავშირებს: „ერთ დევს რასმე უცხოვრია ყირვნის ქოხებში. ამ დევს, წითიწლამდე მიჰყოლებია ქალი-უთხოვარი, მიჰყოლებია თავისწვერაობაზე. შაღონდა თურმე ხალხი, ძაან რო გაუჭირა საქმე ამ დევმა, რო იმას აღარცრა არა ჰკმაინობს. ამ შაღონებულ ხალხს ერთხალაც გაუგზანია კაცი, ელჩი, რაღა, რო შენ ეხლა ჩვენ უნდა დაგეეხსნა, სოფელს შენი არა ჰკიდია რა“? და რაზედ მიგყავს ეს ხელით დარჩეული ქალების ოღონც შენ ხალხის მხრივ დაგვეხსენ და სხოს რასაც დაინებებ, იმას მაგისრულებთ, სხო რამით დაგითავსწორდებით. – არაო, – ამ დევს უთქომ, – რათა ხანია ადამიანის ხორცი დავჰკვეთეო, კბილი აღარაფრისათვი დამიდგიაო... მენ ეხლა უნდა შაგვირთოო რომენიც ლამაზზე ლამაზი ქალაი კყავთ სოფელჩი, ის მინდა საცოლედაო, იმას რატო მიმალაგთო, ის გამამიგზავნეთ წილშიაო და დაგეხსნებითო! სახე თურმე დაემჯღარა ამ კაცსა და არ კი გათხტა, ისრივ გუნებაში გაილოცა,“ რო შენი ჯიშ-ჯილაგიმც გაიჟუჟაო. ო და აბა, რაღა ქნას, რო ძალა, ნიედეგ, იმასა აქუ! ესა ყოფილა კარქა გამადეგილი ხმაგათქმული კაცი და ანდეზე უთქომ, რო: – რომენი გინდა ცოლათაო, ცისიაო? არაო, ცისიაი მცისიაო, – უფლისაო? – არაო, ეგ რადღა მინდაო, ეგაო ხვთისიაო! (გაუწყრას იმისი მადლი!) – მაშ რომენიღაო, დორაიო? – ჰო, დორაი კიო! იმას აქათ დაუძახნია ხალხსა, ის ყირვნის ქოხები სადაც რო არი, იმ ადგილებისათვი დევი და დორაი, ბოლო-ბოლო კი ეხლანდელი სახელი დაწესკანონდა, სუყველა დევდორაკობით იტყვის“ (არჩილ ჩოფიკაშვილი სოფ. ანანური).
როგორც ვხედავთ, ადგილობრივ მოსახლეობას ტოპონიმ დევდორაკში სწორად ამოუცნია სიტყვა დევი, მეორე სიტყვა კი ქალის საკუთარი სახელისათვის (დორა) მიუმსგავსებია და თქმულებაც ამ სიტყვების მიხედვით შეუთხზავს. საინტერესოა, რომ დევდორაკის შინაარსის გარკვევით ჩვენი საუკუნის დასაწყისიდანვე დაინტერესებულან. კ. ჰანი ამ სახელწოდებაში ორ სიტყვას გამოყოფდა: დევ და დორა „ბალიში“. მაშასადამე, კ. ჰანს დევდორაკი გააზრებული ჰქონია როგორც „დევის ბალიში, დევის სასთუმალი“.
1920-იან წლებში გამოცემულ ზოგ ქართულ წიგნში, დევდორაკი დევდარაკის სახით იყო წარმოდგენილი, სახელწოდების წარმოშობას კი ყინულის დევს უკავშირებდნენ.” უახლეს ოფიციალურ ლიტერატურაშიც ტოპონიმი დევდორაკი რატომღაც დევდარაკის ფორმით მოიხსენიება." ასევე იკითხება ეს ტოპონიმი სპეციალურ ლიტერატურაშიც.” ამგვარ უზუსტობაში ვფიქრობთ, რუსი ინჟინერ-კარტოგრაფების მიერ შედგენილი ძველი რუკების მონაცემებს მიუძღვით ბრალი, თორემ ყაზბეგის რაიონის ტოპონიმიის სპეციალისტებიც და არასპეციალისტებიც ჩვენთვის საინტერესო ობიექტს დევდორაკად მოიხსენიებენ. საგულისხმოა, რომ ყველა, ვინც კი დევდორაკის წარმომავლობას შეხებია, პირველ ფუძედ სიტყვა დევს მიიჩნევდა; რაც შეეხება ტოპონიმის მეორე ნაწილს (დორაკი), ის ყველასათვის გაურკვეველი და გაუცნობიერებელი რჩებოდა.
ჩვენი ფიქრით, დევდორაკი დევთ-გორაკი-საგან უნდა მომდინარეობდეს. პირველი ფუძე (დევი) თავდაპირველად წარმოდგენილი ყოფილა ნარ-თანიან მრავლობითში (დევთ), რომლის ბოლოკიდური ყრუ -თ-ანი მომდევნო მჟღერის (გ-თანხმოვნის) მეზობლობაში გამჟღერებულა და დ-ონად ქცეულა. ამის შემდგომ გამამჟღერებელი გ თანხმოვანი დაკარგულა და საბოლოოდ დევდორაკი მიგვიღია (მდრ. ძვ. ქალაქითგან –- ქალაქიდ-გან –- ქალაქიდან). მაშასადამე, ტოპონიმ დევდორაკს ცვლა-განვითარების ასეთი გზა გაუვლია: დევთ გორაკი – დევდგორაკი “ დევდორაკი. იგი შემდეგნაირად უნდა გავიაზროთ: „გორაკი, რომელიც დევების გამოქვაბულთან ახლოს მდებარეობს“. აქაურ მიკროტოპონიმიაში მსაზღვრელ ფუძედ ხშირად გვხვდება სიტყვა დევი: დევთქობაი, დევთქობისთავი, დევთნაკარალნი, დევის ქოხი (დევის გამოქვაბული)...“ და სხვ.