დეკანები (ეგვიპტე)
დეკანები (დეკანების მნათობები) – ეგვიპტური საერო კალენდრის მიხედვით წელიწადი 12 ოცდაათდღიანი თვისგან შედგებოდა, რომელსაც 5 ეპაგომენალური დღე ჰქონდა დამატებული (30x12+5=365). ყოველი თვე სამ ათდღიან „კვირად“ იყო დაყოფილი. ყოველი ახალი კვირის დასაწყისის დადგენა ეგვიპტელებმა ძალიან ადრე, უკვე მესამე ათასწლეულის პირველ ნახევარში დაიწყეს, ვარსკვლავების საშუალებით. ცა მათ 36 ნაწილად დაყვეს და თითოეულ ნაწილს თითო ვარსკვლავი ან ვარსკვლავთა ჯგუფი შეუსაბამეს. თითოეული მათგანის კულმინაცია (უმაღლეს წერტილზე ასვლა) ახალი დეკადის მაუწყებელი იყო, რის გამოც მათ ბერძნებმა „დეკანები“ დაარქვეს. ეგვიპტელები ყოველ დეკანს თავის სახელს ეძახდნენ. მათი სახელები წერილობით პირველად ჰერაკლეოპოლისური პერიოდის (პირველი გარდამავალი პერიოდი) დროის სარკოფაგებზეა დაფიქსირებული, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტესი მათგანის იდენტიფიცირება დღეს ვერ ხერხდება. ბერძნები დეკანებს „36 ღმერთსაც“ ეძახდნენ, რაც ასევე ეგვიპტური ტრადიციის გამოძახილი იყო, რადგან დეკანების უძველეს ეგვიპტურ ცხრილში ისინი „ზეცის 36 ღმერთად“ არიან მოხსენიებულნი.