დემოსთენე (ქანდაკება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიევქტოსი. დემოსთენეს ქანდაკება. ძვ.წ. 280-279 წწ

დემოსთენეს ქანდაკება − ძვ.წ. 280-279 წწ-ში მოქანდაკე პოლიევქტოსის მიერ შექმნილი ათენელი ორატორის, დემოსთენეს ქანდაკება.

ესაა გრძელ ტოგაში გამოწყობილი ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც მშვიდად დგას და დაბლა დაშვებულ ხელებში გრაგნილი უჭირავს. ერთი შეხედვით თითქოს არაფერია განსაკუთრებული ამ ფიგურაში, მაგრამ მთელი მისი არსება იმედგაცრუებას და ამით გამოწვეულ სევდას გამოხატავს, რაც უდავოდ სიახლეს წარმოადგენს. დემოსთენეს ცალი ფეხი განზე აქვს გადგმული ანუ ისიც მაღალი კლასიკის ხანის ქანდაკებების მსგავსად კონტრაპოსტითაა წარმოდგენილი, მაგრამ ეს არ არის ის დაძაბული და მყარი დგომა, რომელიც სიმტკიცესა და დამაჯერებლობას ანიჭებდა კლასიკის ხანის ფიგურას, პირიქით, აქ კონტრაპოსტი გაუბედავი და დუნეა, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ფიგურა აბსოლუტურად დაცლილია ენერგიისაგან. ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებს უღონოდ დაშვებული მხრები და ხელები; სადღაა მაღალი კლასიკის იდეალის დამახასიათებელი ჯანსაღი, დაკუნთული, ათლეტური სხეული, რომელიც ხალისსა და სიცოცხლეს აფრქვევდა! დემოსთენეს ქანდაკება, მისი პოზა, მოძრაობა და სახის გამომეტყველება შინაგანად და ფიზიკურად დაღლილ, ენერგიისაგან დაცლილ, საკუთარ ფიქრებში ჩაძირულ, იმედგაცრუებულ ადამიანს წარმოგვიდგენს. ესაა პატრიოტის ტრაგიკული სახე, რომელშიც ნათლად გამოსჭვივის გამოუვალობის განცდა.

ამგვარი განწყობილება სრულიად უცხო იყო წინარე ხანის კულტურისათვის, მაგრამ ახლა, ელინიზმის პერიოდში, როდესაც სამყაროს საზღვრების გაფართოება და მისი მეცნიერულად აღქმა-შეცნობის ცდებმა კაცობრიობას დაანახა გარემომცველი სამყაროს სირთულე და მრავალფეროვნება; როდესაც თავისუფალი ქალაქების ვაჭრობამ და მონარქიების წარმოქმნამ ადამიანს დაუკარგა მოქალაქეობრიობის განცდა, ელინისტური ხანის ადამიანი უკვე სულ სხვაგვარად აღიქვამს სამყაროს, − არა როგორც ჰარმონიულ მთელს, რომლის განუყოფელი ნაწილიც თვითონაა, არამედ, როგორც მისდამი დაპირისპირებულ, არაკეთილგანწყობილ ძალას. აქტიური პოლიტიკური ცხოვრება, ომის საშინელებანი, სოციალური ძვრები გაიაზრება, როგორც ბედის კანონზომიერი დარტყმები, რაც ადამიანს სამყაროს ერთგვარ დრამატულ აღქმას უღვივებდა და საკუთარი განცდებისა და გრძნობების საუფლოში ძირავდა. ყოველივე ეს მკაფიოდ. აისახა ხელოვნებაში და, როგორც დავინახეთ. კონკრეტულად დემოსთენეს ქანდაკებაშიც.


წყარო

ხელოვნებია ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები