დეძდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეძდი (ქისტ. Дедзди) – ასე უწოდებენ პანკისელი ქისტები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს; დანარჩენი ვაინახები მას აღნიშნავენ ტერმინით „მარხა“ (<– ქართ. „მარხვა“). წარმოადგენდა სამდღიან დღესასწაულს, რომლის განმავლობაში სქესობრივი კავშირი იკრძალებოდა. აღდგომა დღეს პანკისის ხეობის სოფ. ომალოს მოსახლეობა ლოცულობდა და მსხვერპლს სწირავდა სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე წმ. გიორგის სახელობის ქართული სამლოცველოს ნანგრევებთან, რომელსაც ადგილობრივები „წიინდ გიურგს“. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ყველა მორწმუნე უნდა განბანილიყო, რათა დღესასწაულს განწმენდილი შეხვედროდა. რამდენადაც დეძდიზე კოლექტიური მსხვერპლშეწირვა არ იცოდნენ, საკლავი (მკითხავის მითითებით: ცხვარი, ხბო ან მამალი) ერთი კვირით ადრევე უნდა შეეძინა. საამდღისოდ ამზადებდნენ სანთლებს, სხვადასხვა სახის ღვეზლებს, ლუდს და არაყს; გარდა აღნიშნულისა, სალოცავში მიჰქონდათ უხეშუ თეთრი ქსოვილი, რომელსაც ქალები იქვე მდგარ ხეზე ჰკიდებდნენ ან ქვაზე ამაგრებდნენ. მლოცველები საკულტო ნაგებობისგან დარჩენილ ქვის სვეტს სამჯერ შემოუვლიდნენ; აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული კულტმსახური სანთლითა და ჭიქა არყით ხელში ლოცვას აღავლენდა: „ღმერთო, გვიწყალობე სიკეთე, გაგვამრავლე, გაგვიმრავლე ხარ-ცხვარი, რომელსაც შენ შემოგწირავთ; გვალვის დროს წვიმა მოგვეცი, ხშირი წვიმების დროს – მზე; დაგვიცავი ჩვენ და ჩვენი საქონელი ავადმყოფობისაგან, გვიწყალობე ჯანმრთელობა“. ლოცვის დასრულებისთანავე კულტმსახური სამსხვერპლო ცხოველს შუბლს ანთებული სანთლით შეუტრუსავდა, დაკლავდა და მის სისხლს შემწირველს შუბლზე წაცხებდა. მსხვერპლის ხორცს იქვე მოხარშავდნენ და საწესო სუფრაზე დებდნენ (სახლში წაღება არ შეიძლებოდა). სუფრასთან ქალები, მამაკაცები და ახალდშეუღლებულები ცალ-ცალკე სხდებოდნენ.

აღდგომის მეორე დღეს ომალოელები შუადღიდან მზის ჩასვლამდე ლოცულობდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ სოფლის ველობზე მდგარ სამ ხესთან, რომელსაც თუშუოლს, ღთიშმშობლის სალოცავს უწოდებდნენ; მესამე დღეს მიდიოდნენ წმ. სამების (სანება-წუ) სალოცავში, რომელიც კუშტანაშვილების კუთვნილ ნაკვეთში ეგულებოდათ. ანალოგიური წესები დაცული იყო ხეობის სოფლების – ჯოყოლოს, დუისის, კაკლიანის – მკვიდრ ქისტებშიც. განსხვავება ის იყო, რომ აქაურები აღდგომის პირველ დღეს ბალთაგორაზე მდებარე წმ. გიორგის სალოცავში ატარებდნენ, მეორეს დღეს – ჩობიოს ხევში არსებულ „ლაშარის ჯვარში“, რომელსაც „ჩვიბიერ წუს“ უწოდებდნენ, მესამე დღეს – ჯოყოლოს ეკლესიაში.



ლიტერატურა

  • მარგოშვილი ლ. პანკისის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა). თბ., 2002;
  • მ. ალბუთაშვილი. პანკისის ხეობა: ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული აღწერა. თბ., 2005.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები