დე შტეილი
დე შტეილი (ჰოლ. De Stijl სტილი) I მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირისგან სრულიად განსხვავებულად განვითარდა აბსტრაქტული ხელოვნების ბედი ნიდერლანდებში. პიტ მონდრიანმა 1917 წელს ლეიდენში დააარსა ჰოლანდიელ ხელოვანთა გაერთიანება, ეს მიმდინარეობა ასევე ცნობილა ნეოპლასტიციზმის სახელით.
სარჩევი |
პიტ მონდრიანი
ჰოლანდიელი ხელოვანი პიტ მონდრიანი (Piet Mondrian, 1872-1944) შემთხვევით, 1912 წელს პარიზში მოგზაურობისას, გაეცნო კუბიზმს. სწორედ პარიზში დაიწყო მან ცხოველების, ხეების და პეიზაჟების აბსტრაგირებაზე მუშაობა, ეძიებდა რა მათ „არსობრივ“ ფორმას. ნიდერლანდებში დაბრუნების შემდეგ, იგი, 1917 წელს დაარსებული ჟურნალის De Stijl (სტილი) დამფუძნებელს, თეო ვან დუზბურგს (Theo van Doesburg, 1883-1931) შეხვდა. ომის შემდეგ, სწორედ DE STIJL იქცა ჰოლანდიელი მხატვრების, არქიტექტორებისა და დიზაინერების დამაკავშირებელ ცენტრად. ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაწერებში ვან დუზბურგი ამტკიცებდა, რომ მშვენიერებამ ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმა შეიძინა - ერთია გრძნობითი ან სუბიექტური მშვენიერება, მეორე კი - რაციონალურ-უნივერსალური. De Stijl-ის ხელოვანებს დუზბურგმა მთავარ ამოცანად სწორედ უნივერსალური მშვენიერებისკენ სწრაფვა დაუსახა. ამის მიღწევას მონდრიანი თავისი შემოქმედებიდან ყოველივე გრძნობითისა და სუბიექტურის აღმოფხვრით ეცადა, თუმცა ის მ.ჰ.ჯ. შონმაეკერის თეოსოფიური იდეების მიმდევარიც გახლდათ. თავის 1915 წლით დათარიღებულ წიგნში სამყაროს ახალი სახე, შონმაეკერი ამტკიცებდა, რომ ბუნების შინაგანი ვიზუალური კონსტრუქცია ისეთ დაპირისპირებულ ძალთა წონასწორობისგან შედგება, როგორიცაა: სიცხე და სიცივე, ქალური და მამაკაცური, წესრიგი და უწესრიგობა. ამ შინაგანი კონსტრუქციის გადმოცემა ხელოვანებს აბსტრაქტულ მხატვრობაში შეუძლიათ, მხოლოდ და მხოლოდ ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზებისა და ძირითადი ფერების გამოყენებით. მონდრიანის გვიანი სურათები როგორც შონმაეკერის თეორიის, ისე De Stijl -ის მხატვრული იდეების საერთო გამოხატულებაა. მაგალითად, ნამუშევარში კომპოზიცია ყვითლით, წითლით და ლურჯით, მონდრიანი უმაღლესი მშვენიერების არსისა და დაპირისპირებულ ძალთა ბალანსის ძიებაში, მხოლოდ სამ ძირითად ფერს (წითელი, ყვითელი, ლურჯი), სამ ნეიტრალურს (თეთრი, ნაცრისფერი და შავი) და ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზებისგან შედგენილ ბადეს იყენებს. მისი დაპირისპირებული ხაზები და ფერები საპირისპიროთა დაბალანსებულ ჰარმონიას ქმნის, რომელსაც მონდრიანი "დინამიკურ ეკვილიბრიუმს" უწოდებდა. ეს ჰარმონია მიღწეულია გულდასმით გამოხაზული ფორმებისა და ფერების წესრიგით და მათი ასიმეტრიული, თუმცა ვიზუალურად გაწონასწორებული დაჯგუფებით ტილოს კიდეებში, ცენტრის გარშემო, რომელიც სურათის შავ-თეთრ საყრდენ წერტილად გვევლინება.
მონდრიანი იმედოვნებდა, რომ De Stijl რეალურ სამყაროშიც ჰპოვებდა გამოყენებას და შექმნიდა სრულიად ახალ, ვიზუალურ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც უნივერსალური მშვენიერების კანონების მიხედვით იქნებოდა დაგეგმილი და როგორც იდეალურად დაბალანსებული რამ, წონასწორობასა და სისუფთავეს მოუტანდა სამყაროს. პიტ მონდრიანი იმედოვნებდა, რომ ის სამყაროს უკანასკნელი ხელოვანი გახდებოდა, რადგან იმ დროს, როდესაც ხელოვნება ადამიანთა ყოველდღიურობად იქცეოდა, უნივერსალური მშვენიერება კი ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავდა, ხელოვნების საჭიროებაც აღარ იარსებებდა.
გერით რითფელდი
არქიტექტორმა და დიზაინერმა გერით რითფელდმა (Gerrit Rietveld, 1888-1964) პიტ მონდრიანის დინამიკური ეკვილიბრიუმის პრინციპებსა და De Stijl -ის ესთეტიკის თეორიას პრაქტიკული გამოყენება მოუძებნა არქიტექტურაში და ინტერნაციონაური სტილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითი შექმნა. უტრეხტში მდებარე შრიოდერის სახლის მკვეთრად ასიმეტრიულ ექსტერიერს სხვადასხვა ზომის თეთრი და ნაცრისფერი ურთიერთდაკავშირებული სიბრტყეებისა და შავი და ძირითადი ფერების ჰორიზონტალური დავერტიკალური აქცენტების კომბინაცია წარმოქმნის. იგივე წესრიგს ეხმიანება ინტერიერის ლურჯ-წითელი სავარძელი.
მოძრავი ტიხრების გამოყენება საძინებელი, სამუშაო და გასართობი შიდა სივრცეების მრავალგვარი მოდიფიცირების საშუალებას იძლევა. სახლის მეპატრონეს თრუუს შრიოდერ-შრიოდერს სურდა ჰქონოდა სახლი, რომელშიც ელეგანტური სიმკაცრე და პირველადი დანიშნულების ელემენტები რბილად იქნებოდა ინტეგრირებული დაბალანსებულ, ზომიერ მთლიანობაში.
De Stijl-ის წევრები
ჯგუფის წევრები იყვნენ:
- თეო ვან დუსბურგი;
- ენტონი კოკი;
- პიტ მონდრიანი;
- იაკობუს აუდი;
- გერიტ რიტველდი;
- ვილმოს ჰუზარი;
- იან ვილსი;
- ჯინო სევერინი.