დიონისობა
დიონისობა — ღვთაება დიონისესადმი მიძღვნილი რელიგიური დღესასწაული ძველ საბერძნეთში. მასში შედიოდა დითირამბი გუნდის მიერ შესრულებული დიონისეს სადიდებელი საზეიმო სიმღერა და კომოსი – მცხოვრებთა სვლა მხიარული სიმღერებით.
დითირამბის შესრულება ათენში მისადაგებული იყო დიდი დიონისობის პირველ დღესთან, რომელიც იმართებოდა მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში. ამ დღესასწაულს, ლენეობასთან ერთად (იანვრის ბოლო, თებერვლის დასაწყისი), ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა ათენური დრამის განვითარებისათვის. ძვ.წ. მე-5 ს. დიდი დიონისობის და ლენეობის დღესასწაულზე ჩართულ იქნა დრამატული პოეტების, სამი ტრაგიკოსის და სამი კომედიოგრაფის ახალი ნაწარმოებები.
დიდ დიონისობაზე ტრაგედიების წარმოდგენა დაიწყო ძვ.წ. 534 წელს, ხოლო კომედიების – ძვ.წ. დაახლ. 487 წელს. ყოველი ტრაგიკოსი წარმოადგენდა სამ ტრაგედიას და ერთ სატირების დრამას. ესქილესთან, ხშირად, 4 პიესა მოქცეული იყო ერთ სიუჟეტში და ქმნიდა ე.წ. ტეტრალოგიას; სოფოკლესთან და ევრიპიდესთან ტეტრალოგიას არ გააჩნდა შინაგანი კავშირი. კომედიოგრაფები დგამდნენ თითო კომედიას. დრამატულ ნაწარმოებებს აფასებდა სპეციალური ჟიური. დრამატურგებს ენიჭებოდათ პირველი, მეორე და მესამე ადგილი (ტრაგედიებს და კომედიებს ცალ-ცალკე). დიდი დიონისობის და ლენეობის გარდა, ზეიმობდნენ ასევე მცირე (სოფლის) დიონისობას (დეკემბერი – იანვარი), სადაც შეიძლებოდა წარმოედგინათ დიდ დღესასწაულზე გამარჯვებული ნაწარმოები. მე-4 ს. ძვ.წ. თანადროულ პოეტების შეჯიბრს წინ უძღოდა მე-5 ს. ძვ.წ. რომელიმე ტრაგიკოსის ნაწარმოების დადგმა.