დისველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დისველი – ისტორიული სოფელი, აწ ნასოფლარი საქართველოში, ქვემო ქართლში (მდ. მაშავგრის ხეობა, ბოლნისის რ.). XVI-XVII საუკუნეებისათვის დისველი საბარათიანოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოფელი ყოფილა.

XVI ს-ის ერთ კერძო განჩინებაში (კათალიკოსისა და გერმანოზ ბარათაშვილის მამულის გაყოფის საქმე) ნათქვამია: „ს. ყორანთა… გაგისამზღურეთ და დაგანებეთ; დისველი ძველითგანვე გასამზღვრული იყო და მოლიო შემოუვლის რატევნის ჭალით“.

ტოპონიმი დისველ-ი ადამიანის სადაურობის აღმნიშვნელი -ელ სუფიქსიანი სახელწოდებაა: დის-ვ-ელ-ი. იგი ნიშნავს: „დისეველი“, „სოფელ დისევიდან საცხოვრებლად წამოსული კაცის ახალი სამოსახლო ადგილი“. დისეველ- ფუძის კუმშვა და მისგან დისველ- ფორმის გაჩენა ადრევე მომხდარა. ყოველ შემთხვევაში XVII-XVIII საუკუნეების ქართული ეკონომიკური საბუთები უკვე დისვლის ფორმას გვიჩვენებენ: „გიბოძეთ სოფელი სატრედო თავისის სამართლიანის სამძღვრითა… დისვლის სახნავ-სათიბრითა“. „გიბოძეთ სომხითს თამრგვალისა და დისვლისა… ნაცვლობა და მეღალეობა.

ხალხური გადმოცემის მიხედვით ტოპონიმი დისველი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება: მეფემ ეს მამულები თავის დას უბოძა და მას მერე სოფელსაც დისველი დაერქვაო.

სხვ ვერსიით დავით აღმაშენებელს რომელიღაც ქართველი ერისთავისათვის აქ თავისი დის ნაქონი („დისეული“) მამული მიუცია ერთგული სამსახურის სანაცვლოდ, რის გამოც სოფელს დისევლი შერქმევია. ზუსტად ასე განმარტავდა ტოპონიმ დისველს კ. ჰანიც: დის ველი („поле сестры“).

სახელწოდება დისველი სინამდვილეში მიგვანიშნებს იმ ფაქტზე, რომ XV-XVI საუკუნეებში მომხდარა. ცენტრალური ქართლის მოსახლეობის ერთი ნაწილის, კერძოდ, ს. დისევის მცხოვრებთა, მიგრაცია ქვემო ქართლში, მდ. მაშავერას ხეობაში. ახალი მოსახლენი ადგილობრივთათვის, რა თქმა უნდა, დისეველები ანუ დისველები (შდრ. ხანდო-ხანდოვლები, ერწო-ერწოვლები…) იქნებოდნენ. სწორედ ეს ისტორიული პროცესი ასახულა და გაქვავებულა ტოპონიმ დისველ-ში. დისველ-ი, მაშასადამე, ისევეა წარმოქმნილი, როგორც ყვარელ-ი („სოფელ ყვარიდან მოსული ხალხი“), ურაველ-ი („რაჭის სოფელ ურავიდან გადმოსახლებული ხალხი“), სალებელ-ი (სოფელ სალებედან გადმოსახლებული ხალხის საცხოვრებელი ადგილი“) და სხვ. მრ.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები