დისკობოლოსი (ქანდაკება)
დისკობოლოსი – (ბერძ. Δισκοβόλος — დისკოს მტყორცნელი), ძვ. წ. V ს. მეორე მეოთხედის მოქანდაკისა და „ადრეული კლასიკის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მირონის ქანდაკება.
„დისკობოლოსის“ მხოლოდ ორმა ასლმა მოაღწია ჩვენამდე (კასტელ პორციანოდან და ლანგელოტიდან); ასევე შემორჩენილია ელინიზმის ხანის მცირე ზომის ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მირონის „დისკობოლოსის“ მიხედვითაა შექმნილი. ამ ასლების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ წარმოვიდგინოთ, თუ როგორი იქნებოდა თვით ორიგინალი.
ცნობილია, რომ ეს ქანდაკება შეჯიბრებაში გამარჯვებული ერთ-ერთი ათლეტის სადიდებლად დაიდგა, მაგრამ ეს არ არის კონკრეტული ადამიანის პორტრეტი, იგი უფრო ათლეტის განზოგადებულ, კრებით სახეს წარმოგვიდგენს. ესაა ახალგაზრდა, ფიზიკურად მშვენიერი შიშველი ჭაბუკი, გამოსახული რთულ მოძრაობაში, დაძაბულ მდგომარეობაში, იმ კულმინაციურ მომენტში, როდესაც მობილიზებულია ადამიანის მთელი ძალა და იგი სადაცაა უკანასკნელ გადამწყვეტ მოქმედებას განახორციელებს. სხეული თითქოს მოზიდული მშვილდივითაა დაჭიმული. ათლეტის მკვეთრად წინ გადახრილი ფიგურა მყარად ეყრდნობა შარჯვენა ფეხს, მარცხენათი კი მხოლოდ ცერით ებჯინება მიწას. ფეხები პროფილში იკითხება, მნახველისკენ მიქცეული სხეულის ზედა ნაწილი კი – თითქმის ფასში. მძლავრად მოქნეულ, უკან გაწვდილ მარჯვენა ხელში ათლეტს ბადრო უჭირავს. მარცხენა კი ქვემოთ აქვს დაშვებული. ეს ყოველივე მოძრაობის სიმძაფრის გადმოცემას ემსახურება; ერთი წამიც და დაძაბული სხეული როგორც ზამბარა, ისე გაიშლება და მძლავრად მოქნეული მარჯვენა წინ, სივრცეში გატყორცნის ბადროს. მიუხედავად ამისა, ფიგურა მაინც გარკვეულად შინაგანი სიმშვიდის შთაბეჭდილებას ტოვებს (მყარი დგომა და სახის მშვიდი გამომეტყველებაც ამას ემსახურება). იგი თითქოს წამით გარინდულა გადამწყვეტი მოქმედების წინ. მისი პოზა მოძრაობის გაგრძელების პოტენციას შეიცავს. თავის თავში და ამდენად, თითქოს მთლიანობაში წარმოგვიდგენს დისკოს ტყორცნის მთელ აქტს. ამ შემთხვევაში კონკრეტული მოძრაობა გულისხმობს მთელი აქტის, მოქმედების დასრულებულობას. მოქანდაკე ამ მოქმედების რომელიმე შემთხვევით მომენტს კი არ ასახავს, არამედ − ყველაზე ტიპურს, სახასიათოს და, ამდენად, მოქმედების – ბადროს ტყორცნის არსს გამოხატავს.
„დისკობოლოსის“ კომპოზიცია მკაცრად გააზრებული და ორგანიზებულია. წინ გადახრილი ფიგურის ზურგის რკალურ მოყვანილობას საპირისპირო მხრიდან დაბლა დაშვებული მარცხენა ხელის რკალი ეპასუხება. ამდენად, სხეულის ზედა ნაწილი ერთგვარ ჩაკეტილ წრედ აღიქმება, რომელსაც კომპოზიციის ქვედა ნაწილში მყარ საფუძველს უქმნის გადაჯვარედინებული ფეხებით შექმნილი სამკუთხედი. ამის გამო ათლეტის ფიგურა შეკრულია და ერთიან მყარ მასად აღიქმება. მისგან მკაფიოდ გამოიყოფა მხოლოდ უკან გაწვდილი მარჯვენა ხელი ბადროთი, რომელსაც გარკვეულწილად აწონასწორებს ათლეტის წინ დახრილი, სხეულის საერთო მასისაგან გამოყოფილი თავის ფორმა. უკან გაწვდილი მარჯვენა, ერთი შეხედვით, მკვეთრად არღვევს და სცილდება ფიგურის საზღვრებს. თუ ამ ნაწარმოების აღქმისას ჩვენს ემოციებს დავუკვირდებით, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ ბადროს მტყორცნელის ფიგურის მთლიანობაში აღქმის შემდგომ ჩვენი მზერა სწორედ ამ უკან გაწეულ ხელს გაჰყვება და შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თითქოს სადაცაა გასცდება ფიგურის საზღვრებს, მაგრამ ეს ასე არ ხდება, რადგან მზერა ბადროს წრეხაზზე მისრიალებს და ეს წრე კვლავ უკან, ათლეტის ხელისა და საბოლოოდ კი მისი სხეულისაკენ გვაბრუნებს. ამის გამო თვით აღქმის პროცესი მეტად დინამიკური და ემოციურია. რთული მოძრაობის მიუხედავად, ფიგურა ისეა აგებული, რომ მთლიანად, ერთი მხრიდან ეხსნება მნახველს და საშუალებას აძლევს, ერთბაშად აღიქვას იგი. როგორც დავინახეთ, მოძრაობის ბუნებრიობასა და სიმძაფრესთან ერთად, მიღწეულია კომპოზიციის ჩაკეტილობა და დასრულებულობა, გაწონასწორებულობა და ერთგვარი შინაგანი სიმშვიდე: ყველა ეს. ნიშანი შემდგომ, ძვ.წ. V-IV სს-ის განმავლობაში კლასიკის ეტაპის ხელოვნებისათვის იქნება დამახასიათებელი.