დისოციაციური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დისოციაციური (კონვერსიული) აშლილობა - (F44), (dissociative [conversive] disorder) წარსულის შესახებ მოგონებებს, საკუთარი იდენტურობის შემეცნებას, უშუალოდ შეგრძნებებსა და სხეულის მოძრაობების კონტროლს შორის ნორმალური კავშირის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა.

დისოციაციურ აშლილობებს აქვს სპონტანური რემისიის ტენდენცია რამდენიმე თვის ან კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით თუ მათი დაწყება უკავშირდება ფსიქომატრავმირებელ ცხოვრებისეულ მოვლენას. აშლილობა ქრონიკული ხასიათის მატარებელია (მაგ., დამბლა, ანესთეზია) და შეიძლება განვითარდეს გადაუჭრელი პრობლემისა და ინტრაპერსონალური სირთულეების პასუხად.

ითვლება, რომ ეს აშლილობა ფსიქოგენური ბუნებისაა და ადრე კლასიფიცირდებოდა როგორც კონვერსიული ისტერია. სიმპტომები ხშირად ასახავს პაციენტის წარმოდგენას, თუ როგორ გამოვლინდება სომატური დაავადება. სამედიცინო შემოწმება და მიზანმიმართული გამოკვლევა არ ადასტურებს რომელიმე ცნობილი სომატური ან ნევროლოგიური პათოლოგიის არსებობას.

ტერმინი „კონვერსიული აშლილობა“ DSM-ში მოძველებული ტერმინის „ისტერიის“ მაგივრად გამოიყენება. ICD-10-ში ის დისოციაციური (კონვერსიული) აშლილობის ეკვივალენტურია და მიუთითებს ისეთ მდგომარეობაზე, რომლის დროსაც პაციენტს აღენიშნება ცალკეული ნევროლოგიური სიმპტომები, რომელთა ახსნაც რომელიმე ცნობილი პათოლოგიური მექანიზმით ვერ ხერხდება; გარდა ამისა, ამ დროს არსებობს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სტრესორი. ასეთი სიმპტომების შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქვს და მისი ცოდნა აუცილებელია კონვერსიული აშლილობის ცნების დღევანდელი სტატუსის გასაგებად.

სარჩევი

კლინიკური მახასიათებლები

DSM-IV-ში კონვერსიული აშლილობა ოთხ ქვეტიპად არის დაყოფილი:

  1. კონვერსიული აშლილობა მოტორული დარღვევებითა და მოტორული სიმპტომებით. ამ ქვეტიპში შედის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კოორდინაციის ან ბალანსის დარღვევა; პარალიზი (დამბლა) ან ლოკალური სისუსტე; ყლაპვის გაძნელება ან „ყელში ბურთის გაჩხერი“ შეგრძნება; აფონია და შარდის შეკავება.
  2. კონვერსიული აშლილობა სენსორული დარღვევებითა და სენსორული სიმპტომებით. ამ ქვეტიპში შედის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა შეხების ან ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, მხედველობის გაორება, სიბრმავე, სიყრუე და ჰალუცინაციები.
  3. კონვერსიული აშლილობა გულყრებით ან კონვულსიებით. ამ ქვეტიპში შედის გულყრები ან კონვულსიები, რომელთაც ნებელობითი მოტორული ან სენსორული კომპონენტები ახლავს თან.
  4. შერეული კონვერსიული აშლილობა. ამ ქვეტიპს იყენებენ მაშინ, როდესაც პაციენტს ერთზე მეტი კატეგორიის სიმპტომი აღენიშნება.

ჩვეულებრივ, კონვერსიული სიმპტომები არ ასახავენ ისეთ ფიზიოლოგიურ ან პათოლოგიურ მექანიზმებს, რომლებიც სხვა ნევროლოგიურ დაზიანებებში აისახება. კონვერსიული სიმპტომები, ასევე, ძალიან მგრძნობიარეა სუგესტიის მიმართ და შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალონ სხვა ადამიანების, განსაკუთრებით კი ექიმების, კომენტარების შედეგად. მაგ., პაციენტს, რომელსაც სიარული უჭირს, შეიძლება სიმპტომები „გაუძლიერდეს“ თუ მას ინვალიდის ეტლს შევთავაზებთ. გარდა ამისა, კონვერსიული აშლილობების მქონე ადამიანი შეიძლება ნაკლებად წუხდეს თავისი სიმპტომებისა და მათი შედეგების გამო. ამ თვისებას zogjer la belle indifference („ლამაზ გულგრილობას“) უწოდებენ (ეს ტერმინი მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი მწერლებისგანაა ნასესხები).

ხშირად თვლიან, რომ კონვერსიული აშლილობის მქონე ადამიანებისთვის მათ სიმპტომებს მეორადი გამორჩენა აქვთ, რაც გარკვეულ პრივილეგიებსა და მათთვის არასასურველი პასუხისმგებლობების თავიდან აცილებაში მდგომარეობს (ტერმინი “პირველადი გამორჩენა” იმაზე მიუთითითებს, რომ ფსიქიკური დისტრესის გარდაქმნა ფიზიკურ სიმპტომებად ანუ კონვერსია პაციენტისთვის შვების მომტანია). მეორადი გამორჩენის დადგენა ზოგჯერ შეუძლებელია. გარდა ამისა, მეორადი გამორჩენით სხვა ფსიქიკური ან სომატური დარღვევების მქონე პაციენტებიც სარგებლობენ.

ეპიდემიოლოგია

ზოგად პოპულაციაში რთულია კონვერსიული აშლილობის გავრცელების სიხშირის დადგენა. მონაცემები ცვალებადობს გამოყენებული კრიტერიუმებისა და დემოგრაფიული კვლევების ტიპის მიხედვით. ხუთი გამოკვლევის შედეგების განხილვისას აღმოჩნდა, რომ ამ აშლილობის გავრცელების სიხშირე წელიწადში 100 000-დან 5-12 შემთხვევას შეადგენს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფსიქიატრიულ პრაქტიკაში დადგინდა, რადგან კონვერსიული აშლილობის მქონე ბევრი პაციენტი არ მიმართავს ფსიქიატრს. მონაცემები შეიძლება უფრო მეტადაც ვარირებდეს, მაგრამ ჩვეულებრივ 100 000-დან 50 შემთხვევას არ აღემატება (მაგ., Singh and Lee, 1997). მცირერიცხოვანმა გამოკვლევებმა, რომლებითაც ხდებოდა კონვერსიული აშლილობის შემთხვევების გრძელვადიანი მონიტორინგი, არ დაადასტურა შეხედულება, რომ კონვერსიული აშლილობები შეიძლება სავსებით განიკურნოს (Akagi and House, 2002).

ეტიოლოგია

კონვერსიული აშლილობების ეტიოლოგია უცნობია. არსებობს რამდენიმე ეტიოლოგიური თეორია, თუმცა მათ მცირედი მტკიცებულება გააჩნიათ.

„ეპიდემიური ისტერია“

ხანდახან დისოციაციური (კონვერსიული) აშლილობა ადამიანების გარკვეულ ჯგუფში „ეპიდემიის“ მსგავსად ვრცელდება. ყველაზე ხშირად, ეს მოვლენა ქალთა დახურულ ჯგუფებში აღინიშნება (მაგ., ქალთა სკოლაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ან ქალთა მონასტერში). როდესაც ჯგუფს რაიმე საშიშროება ემუქრება (მაგ., რეგიონში გავრცელებული მძიმე სომატური დაავადებით დასნებოვნების რისკი), ჯგუფის წევრებში შფოთვა თანდათანობით ძლიერდება. როგორც წესი, ეპიდემია ერთი ადამიანიდან იწყება, რომელიც ჯგუფის წევრების ყურადღების ცენტრში იმყოფება და განსაკუთრებული სუგესტიურობითა და ისტერიულობით გამოირჩევა. ეს პირველი შემთხვევა შეიძლება პროვოცირებული იყოს სომატური დაავადების საშიშროებასთან დაკავშირებული ზოგადი წინათგრძნობით ან კონკრეტული ადამიანის (ნაცნობის) ავადმყოფობაზე წუხილით. თანდათანობით ჯგუფში სხვა შემთხვევებიც იჩენს თავს: პირველად იმ ადამიანებთან, რომლებიც უფრო სუგესტიურები არიან, ხოლო შემდეგ, შფოთვის გაძლიერებასთან ერთად, მათ შორისაც, ვისაც ნაკლები პრედისპოზიცია გააჩნია. სიმპტომები სხვადასხვაგვარია, მაგრამ მათში ყველაზე უფრო გავრცელებული თავბრუსხვევა და გულის წასვლაა. ისტერიის ეპიდემიური აფეთქებები დაფიქსირებული იყო სკოლის მოსწავლეებთან. ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ შუა საუკუნეებში გავრცელებული ქორეომანია („dancing Manias“) სავარაუდოდ ისტერიულ ეპიდემიას წარმოადგენდა, რომელიც რელიგიური აღტკინებით იყო გამოწვეული (იხ. Wessely, 1987).





იხილე აგრეთვე

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები