დიუმენილი მარი ფრანსუაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარი ფრანსუაზ დიუმენილი

მარი ფრანსუაზ დიუმენილი – (ფრანგ. Marie-Françoise Dumesnil, ნამდვილი გვარი მარი ფრანსუაზ მარშანი, 1713-1802), ფრანგი მსახიობი.

თავისი სამსახიობო კარიერა პროვინციაში დაიწყო და კომედი ფრანსეზში 40 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ის იყო ტრაგიკოსი მსახიობი, თუმცა, ხანდახან, კომიკურ როლებსაც ასრულებდა. საშუალო სიმაღლის, კარგი აღნაგობის დიუვენილი ძალიან მომხიბვლელი იყო. გამოირჩეოდა მეტყველი თვალებით, დაბალი ტემბრის ხმით. როლზე არ მუშაობდა და სცენაზე მხოლოდ თავის ინტუიციას და შთაგონებას ეყრდნობოდა. სამსახიობო ტექნიკის თვალსაზრისით, ის რასინის სკოლის წარმომადგენელი იყო. დიუმენილი ზოგ სცენას დიდი აღმაფრენით ასრულებდა, ზოგჯერ კი ცივად და უფერულად თამაშობდა. მისი ემოციური უშუალობა, იმპულსურობა არღვევდა ამ სკოლის კანონებსაც – ხშირად ტრაგედიაში კომედიის თამაშისთვის დამახასიათებელ ხერხებს იყენებდა. „დიუმენილის შესრულებით დედოფალ სემირამიდასა და სგანარელის ცოლს შორის სხვაობა ქრებოდა“, – წერდა ერთ-ერთი კრიტიკოსი. აღმაფრენის სცენებში დიუმენილი სრულიად გარდაიქმნებოდა და, თავად როლით გატაცებული, მთელ დარბაზზე ზემოქმედებდა. ამ წუთებში ის არღვევდა ყველა კლასიცისტურ პირობითობას, სამეფო კარის ეტიკეტის წესებს, რომელთაც ექვემდებარებოდა ტრაგიკოსი მსახიობის შესრულების მანერა. სასტიკი კლეოპატრას როლის შესრულებისას ისეთი ზეგავლენა მოახდინა მაყურებელზე, რომ ერთმა მათგანმა ზურგში მუშტი ჩაარტყა, რაზეც დიუმენილი აღნიშნავდა, რომ მისთვის ეს დარტყმა აპლოდისმენტებზე სასიამოვნო იყო, რადგან მაყურებელმა მსახიობი სრულიად გააიგივა როლთან.

მან პირველმა იმ დროის მსახიობთა შორის გაიზიარა ვოლტერის მოწოდება ტრაგედიული იერსახეების გაფართოებისა და ექსპრესიული თამაშის შესახებ. იგი წარმატებით ასრულებდა როლებს „მაღალ კომედიაშიც“. მის ხელოვნებას მაღალ შეფასებას აძლევდნენ დ. გარიკი, ჟ. ნოვერი. სცენა დატოვა 1776 წელს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები