დოდაშვილი სოლომონ (ფსიქოლოგიის ლექსიკონი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლომონ დოდაშვილი

დოდაშვილი სოლომონ - Dodashvili Solomon, Додашвили Соломон, 1805-1836

ქართველი ფილოსოფოს-ლოგიკოსი, განმანათლებელი, სახელმწიფო მოღვაწე. თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი გამორჩეული მოსწავლე იყო. ამიტომ მისი დამთავრების შემდეგ, მიტროპოლიტ იოანე ბოდბელის ხელშეწყობით, იგი სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა და პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1827 წელს დოდაშვილმა წარჩინებით დაამთავრა უნივერსისტეტი და სადოქტორო დისერტაციად წარადგინა ნაშრომი „ფილოსოფიის კურსი. პირველი ნაწილი. ლოგიკა”. ამ ნაშრომის ღირსებები თავიდანვე ყველასთვის ნათელი იყო. მას ძალიან მაღალი შეფასება მიეცა და იმავე წელს გამოქვეყნდა. ეს იყო რუსეთის იმპერიაში ლოგიკის პირველი სპეციალური მონოგრაფია. ამ წიგნის წყალობით დოდაშვილმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ქართული და რუსული ფილოსოფიური და ფსიქო-ლოგიური აზრის ისტორიაში.

სამშობლოში დაბრუნებული დოდაშვილი მრავალფეროვან სამწერლო-ჟურნალისტურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1832 წელს ს. დოდაშვილი დააპატიმრეს რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართულ შეთქ-მულებაში მონაწილეობისთვის, რომლის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. თავდაპირველად მას ჩამოხრჩობა მიესაჯა, რაც შემდგომ ათი წლით გადასახლებით შეუცვალეს. ჭლექით ავადმყოფს. დოდაშვილს ვიატკის გუბერნიის კლიმატმა მალე მოუღო ბოლო. იგი იქვე, ვიატკაში დაკრძალეს. 1994 წელს სახელოვანი მამულიშვილის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს და მთაწმინდის მიწას მიაბარეს.

თავის წიგნში „ლოგიკა” ს. დოდაშვილი განიხილავს ფილოსოფიის შემადგენლობისა და მეცნიერების მეთოდოლოგიის პრობლემატიკას. ამ კონტექსტში იგი აყალიბებს აზრებს, რომლებიც ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების დასაბუთებას და მისი კვლევის ხასიათს ეხება. ავტორს მიაჩნია, რომ ლოგიკა, ფსიქოლოგია და მეტაფიზიკა ე.წ. თეორიული ფილოსოფიის ნაწილებია. გარდა ამისა, გამოიყოფა პრაქტიკული ფილოსოფია (ეთიკა, სამართალი, თეოლოგია) და ესთეტიკა. ფილოსოფიის მთლიანმა სისტემამ, რომლის მხოლოდ პირველი ნაწილია ლოგიკა, უნდა მოიცვას ყველა ეს დარგი. მაშასადამე, ფსიქოლოგია დოდაშვილის მიერ საბუთდება, როგორც ფილოსოფიის ცალკე დარგი, რომელიც ადამიანის ფსიქიკური მოქმედების კანონზომიერებებს არკვევს.

ლოგიკა და ფსიქოლოგია, ფილოსოფიის დარგები, ორივე აზროვნებას შეისწავლის, მაგრამ სხვადასხვა ასპექტით. ამავე დროს, თვით ფილოსოფიის ძირითადი ამოცანა ჩამოყალიბებულია, როგორც ადამიანის მიერ საკუთარი თავის შემეცნება („შეიცან თავი შენი” {სოკრატე}). მაგრამ „სამყარო ჩვენში” ფსიქოლოგიის უშუალო კვლევის საგანია. მეტად საყურადღებოა ისიც, რომ „ფილოსოფიაში შემმეცნებელი პირი და შემეცნების უმთავრესი საგანი ადამიანია”. მაშასადამე, სხვა მეცნიერებებისაგან განსხვავებით, შემეცნების ობიექტი და სუბიექტი ფილოსოფიაში (ფსიქოლოგიაში) ერთმანეთს ემთხვევა: ადამიანი ადამიანს შეისწავლის, ცნობიერება − ცნობიერებას, აზროვნება − აზროვნებას. მაშასადამე ფილოსოფია, არსებითად, თვითშემეცნებაა. ფილოსოფიის დოდაშვილისეული დახასიათება გარკვეული მნიშვნელობით ფსიქოლოგიურ ხასიათს ატარებს; ყოველ შემთხვევაში ფსიქოლოგიას ფილოსოფიური ცოდნის ორგანულ ნაწილად გულისხმობს.

მთავარი ის კი არ არის, ფორმალურად დარგების რომელ ჯგუფს აკუთვნებს ავტორი ფსიქოლოგიას, არამედ ის, თუ როგორ აქვს გააზრებული ამ მეცნიერების მეთოდოლოგიური და მეთოდიკური სახე. ს. დოდაშვილი პირდაპირ არ ახსენებს ფსიქოლოგიას, მაგრამ მისი პოზიცია ამ პრინციპულ საკითხებზე გარკვევით იკითხება მსჯელობებში ადამიანის მეცნიერული შესწავლის შესაძლებლობის თაობაზე. „შინაგანი იდეალური ცხოვრების” შემსწავლელი მეცნიერება (ფსიქოლოგია), უნდა ამოდიოდეს იმ მასალიდან, რომელსაც ის „თავის მოვლენებში” ნახულობს და ხელმძღვანელობდეს კვლევის იმავე პრინციპებით, რომლებსაც ბუნების მოვლენების შემსწავლელი სხვა მეცნიერებები იყენებს. აქ, არსებითად, ის იგულისხმება, რომ მეცნიერული კვლევა დეტერმინიზმის მეთოდოლოგიური პრინციპის საფუძველზე უნდა მიმდინარეობდეს. ხოლო კონკრეტულ მეთოდიკურ ხერხებს ს. დოდაშვილთან ჩვენ ვერ ვხვდებით. პირდაპირი მოწოდება ფსიქოლოგიისადმი, რომ მიმართოს ექსპერიმენტს, არსებითად ნაგულისხმევია ქართველი სწავლულის ნააზრევში და, რომ დასცლოდა, ამას უთუოდ პირდაპირაც იტყოდა (დოდაშვილი ხომ 31 წლის ასაკში გარდაიცვალა, თანაც ტყვეობაში).

ს. დოდაშვილის ლოგიკა მხოლოდ პირველი ნაწილია მის მიერ ჩაფიქრებული იმ ფილოსოფიური სისტემისა, რომელიც ფსიქოლოგიასაც მოიცავს. უეჭველია, რომ იგი არ შემოიფარგლებოდა ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიური საკითხების გარკვევით და ფსიქოლოგიური ცოდნის სისტემურ დალაგებაზეც იზრუნებდა. ს. დოდაშვილის მეცნიერული მრწამსი, მისი მსოფლმხედველობრივი პოზიცია სქოლასტიკური ბორკილებისაგან განთავისუფლებას გულისხმობს და გამორიცხავს მეცნიერებაში ყოველივე ზებუნებრივს. ამის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ მისი ფსიქოლოგია არ იქნებოდა მეტაფიზიკური და მისტიკურ-რელიგიური შინაარსით დატვირთული რაციონალური ფსიქოლოგია.

საინტერესოა ს. დოდაშვილისეული აზრი „ობიექტი და სუბიექტი ფილოსოფიაში (ფსიქოლოგიაში) ერთმანეთს ემთხვევა“ − დაახლოებით 80 წლის შემდეგ არსებითად ასეთივე აზრი უ. ჯეიმსმაც ჩამოაყალიბა {მეობა}). (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


მთავარი ნაშრომები

  • ს. დოდაშვილი. თხზულებანი. თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 1989
  • ფილოსოფიის კურსი (ავტორი) // ნაწ. 1: ლოგიკა. - თბილისი, სახელგამი, 1949

იხილე აგრეთვე

სოლომონ დოდაშვილი

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები