დორიფოროსი (ქანდაკება)
„დორიფოროსი“ − ძველი ბერძენი მოქანდაკის პოლიკლეტეს ახალგაზრდა ათლეტის ბრინჯაოს ქანდაკება, (ძვ.წ 450-440 წწ.). იგი ჩვენთვის ცნობილია მარმარილოს რომაული ასლის სახით, რომელიც, ალბათ, ძალზე შორეულად თუ გადმოგვცემს ორიგინალის მშვენიერებას.
ეს არის მშვიდად მდგარი შიშველი ჭაბუკის ფიგურა შუბით ხელში. „დორიფოროსი“ მთელი სიმძიმით მარჯვენა ფეხს ეყრდნობა, თითებზე დაბჯენილ, უკან დარჩენილ მარცხენას კი სადაცაა გადმოდგამს, ოღონდ დინჯად, მშვიდად გააგრძელებს სვლას. სვლის მომენტი ოდნავ თუ იგრძნობა; ფიგურა, ძირითადად, მაინც სტატიკურად წარმოგვიდგება, თუმცა მოძრაობა სრულიად ბუნებრივია. აღქმის წერტილი აქაც, მირონის ფიგურების მსგავსად, ერთია – ფრონტალური, მაგრამ შუბოსანი მკაცრად ფრონტალური როდია; ფიგურა ოდნავაა შებრუნებული მარცხნივ და მხრით სიღრმეში შედის. სხეულის ცალკეული ნაწილები სრულ წონასწორობაშია მოყვანილი: ზემოთ აწეულ მარჯვენა თეძოს, რომელსაც სხეულის მთელი სიმძიმე აწვება, ამავე მხარეს დაბლა დაშვებული მხარი შეესაბამება, მარცხნივ კი პირიქით – დაბლა დაშვებულ თეძოს ზემოთ აზიდული მხარი აწონასწორებს. ფიგურის ამგვარი დგომა, რომელსაც კონტრაპოსტს (ქიაზმს) უწოდებენ, ბუნებრიობასა და დამაჯერებლობას ანიჭებს მის მოძრაობას. თუ „დორიფოროსის“ ფიგურას არქაულ კუროსებს შევადარებთ, ნათლად გამოჩნდება, როგორ წავიდნენ ბერძენი ოსტატები წინ, რამდენად უფრო ბუნებრივადაა დაკავშირებული ერთმანეთთან სხეულის სხვადასხვა ნაწილი, როგორი რეალური და ცოცხალია მოძრაობა, როგორ ოსტატურადაა გადმოცემული ფორმები, მუსკულატურა: განვითარებული, განიერი მკერდი, დაკუნთული მუცლის პრესი, მკლავები, რომლებზეც ალაგ-ალაგ ძარღვებიც კი ჩანს. თავშეკავებულ ძალას ფარავს ეს სხეული, ჭაბუკის მშვენიერ სახე კი შინაგან სიმშვიდეს, ღირსებასა და ვაჟკაცობას ასხივებს.
დავუკვირდეთ დორიფოროსის ქვემოთ დაშვებული მარჯვენა ხელის მტევანს; როგორც უნდა ვეცადოთ, თითებს ასეთ მდგომარეობაში ვერაფრით დავიჭერთ, მაგრამ, ამავე დროს, როდესაც მას ვუყურებთ, ხელის მოძრაობა სრულიად ბუნებრივი გვეჩვენება. საქმე ისაა, რომ თითების სხეულისაკენ ასეთი მკვეთრი შემობრუნებით ოსტატმა ამ მხრიდან ჩაკეტა, შეკრა ფიგურა და ამ კომპოზიციურ მოთხოვნას გარკვეული თვალსაზრისით „შეეწირა“ ხელის მტევნის ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ ეს თვალში საცემი სრულიადაც არაა და მხოლოდ საგანგებო დაკვირვებისას თუ აღიქმება. ამდენად, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ არის გათვლილ-გაანგარიშებული და გააზრებული ყოველივე პოლიკლეტოსის ფიგურებში: პროპორციები, ფორმები თუ ცალკეული დეტალები, მაგრამ ამ რაციონალიზმის მიუხედავად, ფიგურა მაინც ბუნებრივი და ცოცხალია. სწორედ ეს არის ბერძნული ხელოვნების ერთერთი უშთავრეს ნიშანთაგანი – რაციონალიზმისა და ცხოველმყოფელობის მაგიური შერწყმა. თვით ბერძენთა მიერ დაწერილ ტექსტებში ხშირად შეხვდებით ხელოვნების ნიმუშების ამგვარ დახასიათებას: „იგი ცოცხალია“, „თითქოს სუნთქავს“, „გეჩვენება, თითქოს სისხლი ჩქეფს მის მარმარილოს სხეულში“ და სხვ. დ
პოლიკლეტოსმა ამ ქანდაკებით შესანიშნავად განახორციელა კლასიკის იდეალი – ყოველმხრივ განვითარებული სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი და მშვენიერი პიროვნება. „დორიფოროსზე“ ჩვენ შეგვიძლია სოფოკლეს მიერ საკუთარ შემოქმედებაზე გამოთქმული აზრი გავავრცელოთ - „მე გამოვსახავ ადამიანებს არა ისეთებს, როგორებიც არიან ისინი სინამდვილეში, არამედ ისეთებს, როგორებიც უნდა იყვნენ“. და თუ როგორები უნდა ყოფილიყვნენ ადამიანები ელინთა წარმოდგენით, ამას ბერძენი მწერალი ლუკიანე ასე გვამცნობს: „ყველაზე მეტად ჩვენ ვცდილობთ, რომ მოქალაქენი იყვნენ მშვენიერნი სხეულითაც და სულითაც, რამეთუ სწორედ ასეთი ადამიანები ცხოვრობენ თანხმობით მშვიდობიანობის დროს, ხოლო ომიანობისას სწორედ ასეთნი გადაარჩენენ სახელმწიფოს, დაიცავენ მის თავისუფლებას“. „დორიფოროსი“ თავისი სრულყოფილებითა და მშვენიერებით, ელინთა თვალში ადამიანის სილამაზის მიუღწეველი, მისაბაძი ნიმუში იყო. მისი ასლები ელადის მრავალ ქალაქში იდგა.