დუმბარტონ ოუქსის ბიზანტინისტიკის ცენტრში დაცული ქართული ხელნაწერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუმბარტონ ოუქსის ბიზანტინისტიკის ცენტრში დაცული ქართული ხელნაწერიდუმბარტონ ოუქსის ბიზანტინისტიკის ცენტრის ფონდებში დაცულია იერუსალიმური წარმომავლობის ერთი ქართული ხელნაწერი – თვენი.

Dumbarton Oaks MS 2. თვენი

XI ს. შუა წლები. 377 ფ.; ეტრატი, 23,5×17 სმ.; ნუსხური. გადამწერი: იოვანე დვალი, შემმოსველი: ნისთერეონი. ხელნაწერი შინაარსით დეკემბერ-თებერვლის თვენია. ხელნაწერი იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის საკუთრება იყო. იქიდან კი იერუსალიმის მართლმადიდებელი საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში მოხვდა, საიდანაც 1883 წლის შემდეგ დაიკარგა. ხელნაწერი თავდაპირველად აღწერა ალ. ცაგარელმა და მოკლე ინფორმაცია გამოაქვეყნა ჯვრის მონასტრის ხელნაწერების კატალოგში (Цагарели 1888: 164, №36). ჯვრის მონასტერში ხელნაწერი აღარ დახვედრიათ არც ნ. მარს და არც რ. ბლეიკს. მოგვიანებით კრებული ევროპაში ნახა ექვთიმე თაყაიშვილმა (თაყაიშვილი 1947). 40-იან წლებში თვენის ამ ხელნაწერის შესახებ ცნობები სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდა რ. ბლეიკმა (Blake 1945-1949: 97-104). 60-იან წლებში კი გამოკვლევები გამოაქვეყნეს კ. კეკელიძემ და ცნობილმა ბელგიელმა ორიენტალისტმა ჟ. გარიტმა (კეკელიძე 1962: 5-36; Garitte 1964: 29-64). ხელნაწერის შავ-თეთრი ფოტოპირი ინახება კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. წიგნი გადაწერილია ჯვრის მონასტრის წიგნსაცავისთვის მისი წინამძღვრისა და ამგების გიორგი-პროხორეს დავალებით. ესაა თვენის მეტად მნიშვნელოვანი ხელნაწერი, რომელშიც წარმოადგენილია ამ საღვთისმსახურო კრებულის ადრეული რედაქცია, ანუ გარდამავალი ტექსტი IX-X სს-თა იადგარებიდან გიორგი ათონელის თვენისკენ. თვენის I რედაქცია შედგენილობით ქართული მოვლენაა, რომელშიც შეზავებულია ღვთისმსახურების ორი ტრადიცია – იერუსალიმური და კონსტანტინოპოლური (ჯღამაია 2016: 198). ამდენად ამ ხელნაწერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული ეკლესიის საღვთისმსახურო კრებულების შესწავლაში. კრებულის გადამწერია ცნობილი კალიგრაფი, გიორგი პროხორეს მიერ შემოკრებილ მწიგნობართა ჯგუფის წევრი იოვანე დვალი: „სახელითა ღმრთისაჲთა, განსრულდა ესეცა წიგნი სამი თთუჱ, დეკენბერი იანვარი და ფებერვალი, ბრძანებითა და მოღუაწებითა ღმერთშემოსილისა მამისა და მოძღურისა გიორგი პროხორესითა. ქრისტემან ამათ ყოველთა წმიდათა მისთა თანადიდებულ ყავნ სული მათი სასუფეველსა ცათასა, ამენ. ლოცვასა მომიჴსენეთ ცოდვილი უცბად მჩხრეკალი იოვანე დვალი, წმიდანო მამანო…(377r)“ . რაც შეეხება წიგნის შემმოსველ ნისთერეონს, იგი ფიგურირებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ 1049 წელს გოლგოთაზე იოვანე გოლგოთელის დაკვეთით გადაწერილი ივლის-აგვისტოს თვენისა (ხეც. H 2337) და 1052 წელს საბაწმიდის ქართველთა სავანისათვის გადაწერილი მარხვანის Sin. Geo.O. 5 შემოსვაში.

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები