დურ-შარუქინი
დურ-შარუქინი – ძველი ასურული ქალაქი, დღევანდელი ხორსაბადი. დურ-შარუქინი ასურეთის დედაქალაქი იყო ასურეთის მეფე სარგონ II-ის დროს.
სასახლე და მთელი ქალაქი ერთიანი გეგმით ხუთი წლის განმავლობაში აშენდა (ძვ.წ. 711-705 წწ.). სასახლე აიგო თოთხმეტი მეტრის სიმაღლის ხელოვნურ ტერასაზე, რომელიც შექმნილი იყო ალიზის აგურების წყობით და ქვის დიდი ბლოკებით მოპირკეთებული. სასახლის ტერიტორია გაშლილი იყო ათი ჰექტარის ფართობზე. სასახლეში ორას ათი სათავსო და ოცდაათი ღია ეზო იყო. სხვადასხვა დანიშნულების დარბაზები და ოთახები ამ ღია ეზოთა გარშემო იყრიდა თავს. სასახლე მოიცავდა მისაღებ დარბაზებს, საპარადო ოთახებს, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს, საცხოვრებელ ოთახებს. აქვე იდგა სამი ტაძარი. ოთახები ვიწრო და მაღალი იყო, გადახურვის კონსტრუქციები კედრის ხისაგან მზადდებოდა. ქვის ბაზებზე დაყრდნობილ ხის სვეტებს ეკავა კოჭები. სასახლის შესასვლელები თაღებით იყო გადახურული. შესასვლელთა ორივე მხარეს მრისხანე დარაჯებად აღმართულიყვნენ ფანტასტიკური არსებანი –– ადამიანისთავიანი ფრთოსანი ლომებისა და ხარების კოლოსალური ქვის ქანდაკებები, ე.წ. „შედუ" (ასურული ტექსტების მიხედვით). მათ უნდა დაეცვათ ასურეთის მბრძანებელთა სასახლეები ავი სულებისაგან, ბოროტი ძალებისაგან. ფერადი ქვებისაგან გაკეთებული მოელვარე თვალებით ისინი მრისხანედ აკვირდებოდნენ სასახლეში შემსვლელთ.
ქვის ვეება ლოდებისაგან გამოკვეთილი ეს ქანდაკებები მრგვალი ქანდაკებისა და ჰორელიეფის (მაღალი რელიეფი) ორიგინალურ შერწყმას წარმოადგენდა. პროფილში ეს იყო მაღალ რელიეფში გამოკვეთილი გამოსახულება, წინიდან კი მრგვალი ქანდაკება. მათი ზომები განსხეავებულია, (საშუალოდ სამიდან ხუთ მეტრამდე სიმაღლისა და სიგრძის, ერთ მეტრამდე სიგანის). ზოგიერთი ქანდაკების წონა ოც ტონას აღემატებოდა. ცნობილია, რომ ქვის ეს გიგანტური ბლოკები უხეშად დამუშავებული მოჰქონდათ ქვის სატეხებიდან, მოათავსებდნენ მათთვის განკუთვნილ ადგილზე და აქ ამუშავებდნენ საბოლოოდ, ქანდაკებას ეძლეოდა დასრულებული სახე.