სარგონ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარგონ II და მისი ვაჟი სინაქერიბი

სარგონ II - (ნამდვილი სახელი შარუ-კინუ II, ბიბლიური ფორმა სარგონ II, ძვ.წ. 722-705) – ასურეთის მეფე, ტიგლათფალასარ III-ის უმცროსი ძე (ზუსტი ვერსია არ არის). მან ტახტი თავისი უფროსი ძმის, სალმანასარ V-ის სიკვდილის შემდეგ დაიკავა. ძვ.წ. 722-719 წლები სარგონ II-მ სამხედრო მოქმედებებში გაატარა, სირიისა და პალესტინის მიწაზე. ძვ.წ. 718 წლიდან კი სამხედრო მოქმედებებმა ჩრდილოეთით გადაინაცვლეს.

სარგონ II-ის პერიოდის ჩანაწერებში არაფერია ნათქვამი მის წინაპრებზე და ძმაზე, ხოლო სახელი „სარგონ“ – ნამდვილ მეფეს ნიშნავს. ასეთი სახელი უზურპატორებისთვის უფრო მისაღები იქნებოდა ვიდრე ასურული დინასტიის მეფისთვის.

როდესაც ასურეთში სარგონ II გამეფდა, დაძაბული სიტუაცია იდგა იმ მხრივ, რომ პალესტინაში და სირიაში ასურეთის საწინააღმდეგო კავშირები იქმნებოდა, ხოლო ურარტუს სამეფო ძალებს იკრებდა ტიგლათფალასარ III-თან ომებში გაჩანაგების შემდეგ.

ძვ.წ. 721 წელს სარგონ II-მ ილაშქრა ბაბილონში მადრუქ-აპლა-იდინ II-ს წინააღმდეგ, რომელსაც კავშირი ჰქონდა ელამის სამეფოსთან. დერასთან სარგონ II ელამის მეფესთან ხუმპანიკაშასთან ბრძოლაში დამარცხდა და უკან დაიხია. სამაგიეროდ ასურელებმა წარმატებებს სირიაში მიაღწიეს. ძვ.წ. 721 წელს აიღეს სამარია და მთლიანად დაიპყრეს ისრაელის სამეფო. დაახლ. 28000 ებრაელი გადაასახლეს მეფის ბრძანებით ასურეთში, მათ მაგივრად კი დაასახლეს არამელები და ბაბილონელები. სარგონმა ხამათის მეფე და მისი მოკავშირეები სასტიკად დაამარცხა ძვ.წ. 720 წელს კარკარასთან ბრძოლაში. ასურელებმა დაანგრიეს ხამათი და კარკარა, ხოლო ხამათის მიწები პროვინციად აქციეს. იმავე წელს რაფიასთან ბრძოლაში სარგონ II-მ დაამარცხა ღაზის მეფე ჰანონის და ეგვიპტის ნუბიელი ფარაონის, შაბაკის ჯარები. ამ ბრძოლის შემდეგ ასურელებმა შეუტიეს არაბულ ტომებს და ისინიც დაიმორჩილეს.

სარგონ II-მ ძვ.წ. 720 წელს ილაშქრა ტიროსის წინააღმდეგაც, თუმცა ვერ შესძლო ამ ქალაქის აღება და მხოლოდ იმას დასჯერდა, რომ ფინიკიელები აიძულა ხარკი ეძლიათ ასურელებისთვის. ძვ.წ. 719 წელს ასურელები დაეხმარნენ მანის მეფეს ურარტუს და ზიკერტუს წინააღმდეგ ბრძოლაში.

ძვ.წ. 718 წელს სარგონ II-მ მცირე აზიაში ასურელების წინააღმდეგ აჯანყებული სამეფოების კავშირი დაამარცხა. ერთი წლის შემდეგ (ძვ.წ. 717) ასურელებმა დაიპყრეს ქალაქი ქარხემიში და მოკლეს მისი ბოლო მეფე პისირისა.

ძვ.წ. 716 წელს სარგონ II კიდევ ერთხელ დაეხმარა მანის სამეფოს მოწინააღმდეგეების დამარცხებაში. ომის დასრულების შემდეგ მეფე სარგონმა ასურეთს ორი ახალი პროვინცია, ხარხარი და კიშესუ შემატა.

ძვ.წ. 715 წელს ასურელებმა იარაღის ძალით ჩააწყნარეს აჯანყებული მიდიელები და წაართვეს მათ ტერიტორიები.

ძვ.წ. 714 წელს კიმერიელებმა სასტიკად დაამარცხეს ასურეთის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, ურარტუს სამეფო. სარგონ II-მ ამით ისარგებლა, ურარტუსთვის ტერიტორიების წართმევა მოისურვა და ნაწილობრივ განახორციელა კიდეც ეს გეგმა. ამას გარდა ასურელებმა დალაშქრეს რამდენიმე მეზობელი მცირე სამეფო. სწორედ ამ პერიოდში მას ომი მოუხდა ურარტუს მეფე რუსასთან. ასურელები ღამით თავს დაესხნენ ურარტუს ჯარის ბანაკს და მთლიანად გაანადგურეს რუსას დიდი ლაშქარი. ამ გამარჯვებამ სარგონ II-ს დიდი სიმდიდრე და ახალი ტერიტორიები მოუტანა.

ასურელებმა ილაშქრეს ურმიის ტბის მახლობელ ტერიტორიებზეც. სარგონმა დაიპყრო ურარტუს მნიშვნელოვანი ქალაქები და შეიჭრა ურარტუელთა სამშობლოში. ყველა ქალაქი, რომლებიც ასურელებმა აიღეს, მიწასთან იქნა გასწორებული. ურარტუს შემდეგ სარგონ II-მ დალაშქრა მუსასირის სამეფოც, საიდანაც დიდძალი განძი გაიტანა. ურარტუს განადგურებულმა მეფე რუსამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ძვ.წ. 713 წელს სარგონმა მიდიაში ილაშქრა, დაიპყრო მიწები, ხოლო ზოგიერთი მიდიელი ბელადი ვასალად გაიხადა. იმავე წელს ასურელებმა ჩაახშეს სარგონ II-ის წინააღმდეგ აგორებული აჯანყება და ილაშქრეს ტაბალში.

ძვ.წ. 712 წელს სარგონს აუჯანყდა მელიღას (კომანუ) მეფე ტარსუნაზი, თუმცა ასურელებმა მალე დაამარცხეს ამბოხებული და დაიპყრეს კომანუ.

ძვ.წ. 711 წელს ასურელებმა დაიპყრეს გურგუმის სახელმწიფო, ხოლო შემდეგ აშდოდის ანტიასურულ კოალიციას შეუტიეს, რომელშიც შედიოდნენ: ედომი, იუდეა და მოაბი. ამ ამბოხებას მხარს უჭერდა ეგვიპტის ნუბიელი ფარაონი, შებაკე. სარგონ II-მ დაიპყრო აშდოდი და პროვინციად აქცია. მეფეს ძღვენი არაბებმა და ეგვიპტელებმა მიართვეს, რათა კიდევ უფრო არ გაემწვავებინათ ურთიერთობა მასთან.

ძვ.წ. 710 წელს სარგონ II-მ დაიპყრო ბაბილონის სამეფო და განდევნა იქიდან მარდუქ-აპლა-იდინ II. ძვ.წ. 709 წელს ასურელები ქალდეველებს ბით-იაკინში დაესხნენ თავს და 90000 ქალდეველი ასურეთში გადაასახლეს. სარგონ II-მ თავისი ვაჟი სინაქერიბი ბაბილონელ ქალზე დააქორწინა, ხოლო თვითონ თავზე ბაბილონის გვირგვინი დაიდგა. იმავე წელს მათ მუშქების წინააღმდეგ წარმატებით გაილაშქრეს. ასურელებთან ურთიერთობა კვიპროსელებმა გააბეს და მეფეს ძღვენი მიართვვს, ამას მნიშვნელობა გააჩნდა ასურეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტატუსისთვის.

ძვ.წ. 708 წელს სარგონ II-მ ილაშქრა კუმუხაში და მთლიანად დაიპყრო ეს სამეფო, რომლის მეფეს ურთიერთობა გაება ურარტუს მმართველთან, არგიშთისთან.

ძვ.წ. 706 წელს ასურელებმა დალაშქრეს ელიპის სამეფო და დაიპყრეს მისი მიწები.

სარგონ II ქვეყანაში სამშენებლო საქმიანობასაც ეწეოდა და ააგო მშვენიერი სასახლე და ციხე-სიმაგრე დურ-შარუკინა ნინევიის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

თავისი მეფობის 17 წელიწადი სარგონ-II-მ ომებში გაატარა და ასურეთის საზღვრები მნიშვნელოვნად გააფართოვა. ძვ.წ. 705 წელს დიდი ხელმწიფე ტაბალში ლაშქრობისას მოკლეს. ასურეთის ტახტი მისმა ვაჟმა, სინაქერიბმა დაიკავა.




წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები