ბაბილონის სამეფო
ბაბილონის სამეფო – ბაბილონია ანუ ბაბილონის სამეფო – ძველი სახელმწიფო შუამდინარეთში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე. წარმოიქმნაძვწ. II ათასწლეულის დასაწყისში და არსებობა შეწყვიტა ძვ.წ. 539 წელს. ბაბილონის სამეფოს დედაქალაქი იყო ქალაქი ბაბილონი, საიდანაც მიიღო სახელმწიფომ სახელწოდება. ბაბილონი სემიტური მოდგმის ხალხმა, ამორევლებმა დაარსეს. ბაბილონელებმა განავითარეს შუმერულ–აქადური კულტურა და განვითარების უფრო მაღალ დონეზე ავიდნენ. ბაბილონელები ლაპარაკობდნენ სემიტურ-აქადურ ენებზე და ასევე საკულტო ენად ითვლებოდა შუმერული ენაც.
ბაბილონი შუმერული ქალაქის, კადინგირის ადგილზე წარმოიქმნა. პირველი წყაროები, რომლებიც ბაბილონს მოიხსენიებენ აქადის მეფის, შარკალიშარის (ძვ.წ. XXIII საუკუნე) ეპოქიდან მოდის. ძვ.წ. XXII საუკუნეში ქალაქი ურის მეფემ, შულგიმ აიღო და გაანადგურა.
ძვ.წ. 1895 წ ამორეველმა ბელადმა სუმუ-აბუმომ თავისი სახელმწიფო შექმნა დედაქალაქი ბაბილონით. მესოპოტამიური სახელმწიფოების გაუთაეებელი ომების პერიოდში, ბაბილონი მთელი შუამდინარეთის სამხრეთ ნაწილის მფლობელი სახელმწიფოს, ლარსას სამეფოს ცენტრი გახდა. ძვ.წ. 1764-1756 წლებში ბაბილონის მეფე ჰამურაბიმ დაპყრო ელამი, მარი, აშური, ეშნუნი, სუზიანა და ერთ მძლავრ სახელმწიფოში გააერთიანა, რომელსაც თავისივე შედგენილი კანონებით მართავდა.
ჰამურაბის მმართველობის შემდეგ ბაბილონი ნელ-ნელა დასუსტდა, ჭორასაც მოჰყვა კასიტების შემოჭრა სამეფოში. კასიტები მართავდნენ დიდ მესოპოტამიურ სახელმწიფოს, რომელიც სირიის სტეპებამდე იყო გადაჭიმული. საბოლოოდ კასიტები გაანადგურეს ელამიტებმა ძვ.წ. 1150 წ.
ბაბილონის სამეფოს აღზევება ახალბაბილონური სამეფოს ეპოქაში დაიწყო (ძვ.წ. 626-539). მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ.წ. 604-561) დროს ბაბილონში აშენდა ახალი მდიდრული სასახლეები და ტაძრები, მათ შორის ჩრდილოეთისა და სამხრეთის სასახლეები და დაკიდული ბაღები. ამას გარდა ახალბაბილონური სამეფოს მმართველებმა ქალაქის დაცვაზე ბევრი იზრუნეს და სქელი და მტკიცე გალავანი შემოარტყეს გარს. ბაბილონის სამეფო დასუსტდა ნაბუქოდონოსორ II-ის მემკვიდრეების მმართველობისას და ძვ.წ. 539 წელს, როდესაც ქვეყანას ბიბლიური მეფე ვალტასარი მართავდა ქალაქი აქემენიდმა სპარსელებმა აიღეს.
ბაბილონი დიდ როლს თამაშობს ისრაელის ისტორიაში და ბიბლიაშიც ხშირად გვხვდება იმ დროიდან, რაც ხალხმა ბაბილონის გოდოლის მშენებლობა დაიწყო. ბიბლიურ წყაროებში ჩანს მეფე ნებროთის სახე, რომელიც განთქმული მონადირე და ებრაელი ერის დიდი მტერი იყო.
ბიბლიის წიგნებში, III და IV მეფეთაში აღწერილია ბაბილონის სამეფოს გაძლიერების პერიოდი და შემდეგ ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ იუდეის სამეფოს დაპყრობის, იერუსალიმის აღების და ებრაელების ბაბილონში გადასახლების ისტორია.
ბაბილონი რამდენჯერმეა მოხსენიებული იოანეს აპოკალიფსისში „დიადი ქალაქის“ სახელით, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ხალხთა ცხოვრებაში. თუმცა აპოკალიფსისი არ გვიჩვენებს პირდაპირ მესოპოუტამიურ ბაბილონს, რომელსაც დაკარგული ჰქონდა თავისი მსოფლიო მნიშვნელობა და გულისხმობს მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდ და ძლიერ ქალაქს, რომს, როგორც მეორე ბაბილონს.