დუუა
დუუა (ბალყ.-ყარაჩ. Дууа) – თილისმა, ყურანიდან ამოკრებილი ტექსტები და სხვა დამცავი წერილობითი საშუალებები მუსულმანური მაგიის არსენალიდან. გავრცელებული იყო ასეთი თილისმის რამდენიმე სახეობა, რომელთა შორის დღემდე შედარებით პოპულარულია ე. წ. „სხეულის დუუა“ (джюрютген дууа). არსებობდა დაზიანებისა, გაქურდვისა და ხანძრისაგან საცხოვრებლისა და კარვის დამცავი დუუა, რომელსაც საწოლისა და შესასვლელის ზემოთ ჰკიდებდნენ. ასეთივე თილისმა გამოიყენებოდა სამეურნეო ნაგებობებისა და სათავსების დასაცავად. იყენებდნენ დასაწვავ დუუასაც (кюйдюрюлген дууа). ქაღალდზე წარწერილ ტექსტს ჭურჭელში ათავსებდნენ, ცეცხლს წაუკიდებდნენ და ავადმყოფს „სამკურნალო“ კვამლს ასუნთქებდნენ. სწამდათ, რომ კვამლის ძალას გათვალვით ან ავსულთა მეცადინეობით გამოწვეული ქალის შიდა ორგანოების დაავადებების მოსპობა შეეძლო. თილისმის მესამე ნაირსახეობა (бастырылгъан дууа) მიწაში იმარხებოდა და მას „შავი ჯინების“ მავნე ძალისა და გათვალვის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. მაგიურმა პრაქტიკამ ამ სფეროში პროფესიულად დასაქმებულ პირთა – ჯადოქართა (билгич, хыйнычы) და ექიმბაშთა (къарт-къуртха) კატეგორია წარმოშვა.
ლიტერატურა
- Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
- Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.