ეგან-კრიგერი იენო ფონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგან-კრიგერი იენო ფონ (დ. - 10.VII.1886, ბერნშტაინი - გ. - 22.II.1965, კიოლნი) - გერმანელი სამხედრო მოხელე, გერმანიის კავკასიური ექსპედიციის პირველი მეთაური 1918 წლის ივნისში, ორი მსოფლიო ომის მონაწილე, პირველი და მეორე ხარისხის რკინის ჯვრის და სხვა ბევრი ჯილდოს მფლობელი.

სამხედრო განათლება მიიღო გერმანიაში, კასელის სამხედრო სკოლასა და აკადემიაში. პირველ მსოფლიო ომს შეხვდა უფროსი ლეიტენანტის რანგში. 1914-1917 წლებში ომში მონაწილეობდა სხვადასხვა საშუალო რანგის ოფიცრის თანამდებობებზე, ამზადებდა სარეზერვო შენაერთებს.

1918 წლის მაისში გერმანიის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კავკასიაში საკუთარი ჯარის გაგზავნა. პირველი გერმანული დანაყოფები, ბავარიული პირველი სარეზერვო ბატალიონი და პრუსიული მე-10 შტურმბატალიონი ყირიმის პორტ სევასტოპოლიდან 6 ივნისს ჩამოვიდნენ ფოთის პორტში. ამ მისიის მეთაური იყო კაპიტანი იენო ფონ ეგან-კრიგერი. ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინის დელეგაციის ჩამოსვლამდე 1918 წლის 23 ივნისს, ეგან-კრიგერი ასრულებდა გერმანიის ჯარების მეთაურის მოვალეობას კავკასიაში. უშუალოდ მისი მკაცრი მიდგომის ხარჯზე მოხერხდა სამხრეთ საქარველოში, ბორჩალოს მაზრაში, თათრების აჯანყების ჩახშობა, ასევე, თურქების შეკავება საზღვრებთან. ფონ კრესის ჩამოსვლის შემდეგ რჩებოდა მაღალი დონის მოხელედ კავკასიურ დელეგაციაში, იკავებდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის და სამხედრო კომისიონერის პოსტებს. კავკასიაში ყოფნისას დაავადდა მალარიით და სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში ივლისის თვეში. აგვისტოში ბერლინში შეხვედრები ჰქონდა ქვეყნის მმართველ პირებთან, ლუდენდორფთან, ჰინდენბურგთან, 18 აგვისტოს კი - კაიზერ ვილჰელმ მეორესთან, რომელთაც პირადად გააცნო კავკასიაში არსებული ვითარება. ლუდენდორფისგან მოითხოვდა სამი დამატებითი კავალერიის დივიზიის გაგზავნას კავკასიაში, იქიდან კი - ინგლისელებზე თავდასხმის მოსაწყობად ინდოეთში. ბერლინში ყოფნისას კავკასიის საკითხის გამო სერიოზული დაპირისპირება მოუვიდა პროთურქული განწყობით ცნობილ ოსმალეთის არმიის გენერალური შტაბის გერმანელ უფროსთან, გენერალ ჰანს ფონ ზეექტთან. ფონ ზეექტი გადადგომით დაიმუქრა, თუ ეგან-კრიგერს კავკასიიდან არ მოაცილებდნენ. ეგან-კრიგერი ბატალიონის მეთაურად გადაიყვანეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც ოქტომბერში მძიმედ დაიჭრა და ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. 1920 წლის იანვარში მაიორის რანგში ყოფნისას გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან.

ვაიმარის რესპუბლიკაში ეგან-კრიგერმა პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყო ხელი. დაახლოებული იყო ულტრაკონსერვატიულ ორგანიზაციებთან, მაგალითად, შტალჰელმთან და ალფრედ ჰუგენბერგის გერმანიის სახალხო პარტიასთან. მონაწილეობას იღებდა კაპის პუტჩში. ჰიტლერის მიერ ერნსტ რიომის და მისი მომხრეების განადგურების დროს დაპატიმრებული იყო მცირე ხნით (1934). 1934 წლის ნოემბრიდან აღადგინეს სამხედრო სამსახურში, ამჯერად გერმანულ საჰაერო ძალებში, სადაც უმაღლეს თანამდებობებს მიაღწია მეორე მსოფლიო ომის დროს. 1942 გენერალ-ლეიტენანტი გახდა. 1944 წლიდან პენსიაში გავიდა. 1945-1947 წლებში იმყოფებოდა ამერიკელთა ტყვეობაში. 1948 გახდა იოანიტების ორდენის საპატიო კომენდატორი. დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი სამხედრო თემატიკაზე.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იენო ფონ ეგან-კრიგერის პირადი არქივი რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1964, ეგან-კრიგერი თავის მეგობარ კლაუს ოტო შლეგელს ესაუბრა გერმანიის კავკასიური ექსპედიციის შესახებ. ეს საუბარი ფირზე ჩაიწერეს, 1968 მოუსმინა მკვლევარმა ვინფრიდ ბაუმგართმა და 17-გვერდიანი ჩანაწერი გააკეთა, რომლის 2 გვერდი გამოაქვეყნა კიდეც. სამწუხაროდ, ფირის ორიგინალი და ჩანაწერი დღეს არ იძებნება გამოქვეყნებული გვერდების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეგან-კრიგერის მონათხრობი ბევრი ინფორმაციის მომცემი უნდა ყოფილიყო.

გიორგი ასტამაძე


ლიტერატურა

  • O. Krug, Biographische Sammiung zu deutschen Generalen und Admiralen, BundesarchIv Freiburg, MSG 109/543, MSG 109/3556;
  • K. F. Hildebrandt, Die Generale der Luftwaffe 1935–1945, Band 3: O-Z, Biblio Verlag, Osnabrück, 1993;
  • Politisches Archiv des Auswärtigen Amtes: Georgien, R7308 bIs R7317. Nachlass Schulenburg: N2273, 121;
  • W. Baumgart, Das „Kaspi-Unternehmen“, Größenwahn Ludendorffs oder Routineplannung des deutschen Generalstabes? Jahrbücher für Geschichte Europas, Wiesbaden, 1970, Bd. 18, S. 47-126 und 231-278.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები