ევმენიდები (ესქილე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევმენიდებიძველი – ბერძენი დრამატურგის ესქილეს ტრაგედია. ტრილოგიაორესტეას“ მესამე ტრაგედია. ტრაგედიაში „ევმენიდები“ დედობრივი სამართლის თანახმად უპატიებელი ცოდვის – დედის მკვლელობისაგან ორესტეს განწმენდა უნდა განხორციელდეს. ორესტეს ცოდვა და მორალური ტვირთი იმდენად მძიმეა, რომ მისი გამართლებისათვის მხოლოდ ადამიანური არგუმენტები არ კმარა. საჭიროა გლობალური, სამყაროსეული მასშტაბის კონტექსტი. ამიტომაც, თუ პირველ ორ ტრაგედიაში კონფლიქტი ადამიანთა შორის თამაშდებოდა, ტრილოგიის მესამე ნაწილში ძველ და ახალ ღვთაებათა დაპირისპირება, ძველი და ახალი მართლწესრიგის ჭიდილი გამოდის წინა პლანზე.

ტრაგედიის ერთიანი მსოფლმხედველობის წვდომისათვის განსაკუთრებით ნიშანდობლივია პროლოგი, რომელიც აპოლონის ტაძრის წინ იშლება. რემარკა გვამცნობს: „აპოლონის ტაძარი. ორქესტრაზე გამოდის პითია, მისანი ქალი“.

პითია: ღმერთთა დასიდან ლოცვას ჩემსას ჯერ შევავედრებ
ღმერთქალ გაიას პირველ მისანს, მერმე თემიდას,
ვინც დედის შემდეგ მანტეონზე ამაღლებულა –
ასეთი არის გადმოცემა, ხოლო მესამე
ტიტანიდია, ფებე მიწის მომდევნო ქალი,...
რომელმან ფებოსს, ახალშობილს უბოძა ტახტი,
სწორედ აქედან წარსმოდგება სახელი მისი.

პითიას ლოცვის შესავალ ნაწილში ჩამოთვლილი ღმერთებისა და მათთან ასოცირებული ღვთაებების მფარველობის სფეროები კანონთან, მართმსაჯულებასთან სამართლიანობასა და მშვიდობასთა არის დაკავშირებული. კარგად ჩანს დელფოსის სამისნოს ერთგვარი მისია, რომელიც მართლმსაჯულების, კანონიერებისა და სამოქალაქო სიქველის პრინციპების დამკვიდრებას ემსახურება. ამასთან, აქ გამოკვეთილია ერთგვარი მემკვიდრეობითობისა და თვისებრივი ევოლუციის პრინციპი, რომელსაც აპოლონის დელფური რელიგიის ფორმირების ეტაპამდე მივყავართ. ნიშანდობლივია, რომ ესქილეს ვერსიაში აპოლონი თვითონ კი არ აარსებს დელფოსის სამისნოს, არამედ მემკვიდრეობით იღებს მას. ის პირველი მამაკაცი ღმერთია, რომელსაც ეს წმინდა სამისნო გადაეცა. ეს ხაზი იმ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს, რომლის თანახმადაც ტრაგედია დედობრივი სამართლის ადრეული საფეხურიდან მამობრივი სამართალის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლასა და ცივლიზაციური პროგრესის ასახვას წარმოადგენს.

პითიას ტექსტში აპოლონის მიერ დელფოსოს ტახტის მემკვიდრეობით მიღება ზევსის ნების გამოხატულებაა:

„ ...ზევსისაგან კურთხეული და განბრძობილი
ტახტზე ავიდა, ვით მეოთხე ნათელმხილველი.
ამრიგად ზევსის ორაკული გახლავთ ლოქსია“.

ამით ესქილე აპოლონის ქმედებას უზენაეს ლეგიტიმაციას ანიჭებს.

მიუხედავად ამისა, დედობრივი ღვთაებების მიერ ძალაუფლებისა და ძველი სამართლებრივი პრინციპების დათმობა მტკივნეული დრამატული პროცესია. ერინიები, რომლებიც გავრცელებული ვერსიით, გეამ ქრონოსის მიერ დაკოდილი ურანოსის სისხლისგან გააჩინა, აპოლონს უპირისპირდებიან და დედის მკვლელი ორესტეს განადგურება სურთ.

აპოლონის ნებას მინდობილი და ერინიებისაგან დევნილი ორესტე დელფოსში მის ტაძარს აფარებს თავს. აპოლონი ძილს მოჰგვრის შურისმაძიებელ ქალღმერთებს და ორესტეს თავის თანადგომას აღუთქვამს. ის ორესტეს ათენში გააგზავნის, ათენა პალადას ქალაქში, სადაც იგი მართლმსაჯულებას ჰპოვებს. ერინიებს კლიტემნესტრას აჩრდილი აღვიძებს საყვედურებით და მოვალეობისაკენ მოუწოდებს. აპოლონის ცბიერებით აღშფოთებულნი ისინი ღმერთს წმინდა მანტიკური კერიის შებღალვასა და ღმერთების წესის ღალატში ადანაშაულებენ, რომელსაც აპოლონმა მოკვდავთა წესი ამჯობინა:

„მანტიკური წმინდა კერია
ღმერთთაგანმა შებღალა თავად,
ღმერთთა საწესოს ამჯობინა მოკვდავთა წესი.
მოირების მეუფება დაამხო ძველი“.

ციტირებული სტროფის ბოლო სტრიქონი მიმდინარე ბრძოლის მასშტაბებზე მოწმობს, რომელსაც არა მხოლოდ მიწიერი, არამედ ზეციური სამყაროც მოუცავს. ამ ბრძოლის ცენტრშია მოქცეული ორესტე, რომელსაც ადამიანური და ღვთაებრივი მართლმსაჯულების წინაშე მოუწევს პასუხისგება.

ესქილეს სრულიად გაცნობიერებული მიზანი ამოძრავებს, როდესაც ის თავის ტროლოგიას ათენის არეოპაგის მიერ ორესტეს გასამართლებით ასრულებს. სწორედ არეოპაგში უნდა გაერთიანდეს ადამიანური და ზენაარი მართლმსაჯულება, მნიშვნელოვანი მსოფლმხედველობრივი და სამართლებრივი გარდატეხა უნდა მოხდეს. პოეტი ხაზს უსვამს ათენის როლს ახალი სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბების საქმეში, სისხლის აღების გვაროვნული წესიდან სამართლის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლაში.

ათენა პალადა, რომელსაც ორესტემ ხსნისათვის მიმართა, მარტო ვერ იღებს თავის თავზე ამ მძიმე საქმის განსჯის პასუხისმგებლობას, ის ერთპიროვნული განჩინებისაგან თავს იკავებს და სამსჯავროს მოწვევას განიზრახავს, ფაქტობრივად, ის გვევლინება ათენის არეოპაგის დამაარსებლად:

„.... მძიმეა ჩემი არჩევანი...
.... რაკიღა ეს საკითხი თათბირს მოითხოვს,
რადგან ახლოით სასიკვდილო ბრალდებას განვჩხრეკთ,
ვიწვევ სამსჯავროს სამუდამო კანონისათვის.
... მიბრძანებია, ღირსეული მოქალაქენი
საბჭოს წარუდგნენ და მართალი ქმნან სამართალი,
დაიცვან ფიცი, რაც სწორია, არ გაამრუდონ“.

სასამართლოს ჩატარების ადგილად ის არესის სახელობის მაღლობს აირჩევს, სადაც ოდესღაც ამორძალებს „აღუმართავთ დიდებული ახალქალაქი“.

„დე, ამ ალაგის მოშიშება ჰქონდეთ ნიადაგ,
რომ იმეუფოს სამართალმა და სათნოებამ.
... არც ანარქია მირჩევნია, არც ტირანია
ჩვენი ქვეყნისთვის...“

სიტყვები, რომლებიც ესქილემ ათენას წარმოათქმევინა, ერთგვარ საპროგრამო დატვირთვას ატარებს და დემოკრატიული ათენის სამართლებრივ და სახელმწიფოებრივ კრედოს აყალიბებს („არც ანარქია მირჩევნია, არც ტირანია“).

სასამართლო შეიკრიბება და მხარეებს მოუსმენს. ერინიები ახალ ღმერთებს ძველი ღმერთების გათელვას აბრალებენ. აპოლონი აქტიურად იცავს „ახლების“ პოზიციას და ერინიებს ზევსის მიმართ უპატივცემულობას აბრალებს.

სასამართლოს ათენა თავმჯდომარეობს, ბჭობის დასასრულს ის კენჭისყრას გამოაცხადებს და თავის ხმას ორესტეს აძლევს. ხმები ტოლად გაიყოფა, რაც ორესტესათვის გამამართლებელ განაჩენს ნიშნავს. გახარებული ორესტე მადლობას უძღვნის ქალღმერთსა და ქალაქ ათენს და აპოლონთან ერთად არგოსში ბრუნდება.

პიესის დასასრულს ათენა ერინიების მრისხანების დაცხრობას ცდილობს, ის მათ სათანადო პატივსა და დიდებას აღუთქვამს და ფორმალურად ძალაუფლებას უნაწილებს, ათენის მფარველ ღვთაებათა სტატუსსა და ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვას სთავაზობს. თვითონ ომსა და ქალაქის თავდაცვაზე ზრუნვას იღებს თავის თავზე, „რომ გამარჯვებით იხარებდეს ქვეყანა ესე“. ამის შემდგომ ერინიები ევმენიდებად (მოწყალეებად, ქველებად) იწოდებიან.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ერინიების ფინალური ტრანსფორმაცია წარმოადგენს ტრაგედიის საბოლოო მიზანს, როგორც დრამატული პროცესის დიალექტიკურ შედეგს, დიდი ხნის დარღვეული წონასწორობის აღდგენასა და წინააღმდეგობათა გადალახვის გზით ახალი მსოფლწესრიგის დამყარებას. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ესქილეს დრამატულ ტრილოგიას დიდი ეპიკური ძალა აქვს, ტრაგიკოსი პოეტი გადაულახავ წინააღმდეგობათა ბეწვის ხიდზე გაივლის და უდიდესი ძალის კათარზისს აღწევს. ნიშანდობლივია ისიც, რომ სასურველი წონასწორობის მიღება არა არგოსის, არამედ ათენის მიწაზე ხერხდება, რომელიც თვისობრივად ახალი ცნობიერებისა და სამართლის სუბიექტია.

თამარ ბოკუჩავა


იხილე აგრეთვე

ორესტეა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები