კლიტემნესტრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლიტემნესტრა კლავს კასანდრას. კილიქსის ფერწერა (ძვ.წ. 430 წ.), ფერარა, სპინას არქეოლოგიური მუზეუმი

კლიტემნესტრა(ბერძნ.) აგამემნონის მეუღლე. ტინდარეოსისა და ლედას ასული. იფიგენიას, ელექტრასა და ორესტესის დედა.

ვიდრე მიკენის მეფე ტროას ომში იბრძოდა, ხოლო ამ ომმა ათი წელი გასტანა, კლიტემნესტრამ ეგისთოსი შეიყვარა. როდესაც გამარჯვებული აგამემნონი შინ დაბრუნდა, დიდი ზეიმით მიიღო იგი მეუღლემ: მსახურთ უბრძანა, განსაკუთრებული პატივის ნიშნად, გზად მეწამული ხალიჩა დაეფინათ. თავად კი სიხარულის და სიამაყის სიტყვები არ დაუშურებია, რათა თავი ბედნიერ დედოფლად მოეჩვენებინა. შემდეგ თან შეჰყვა სასახლეში, თავზე ბადე ჩამოაცვა და სატევრის სამგზისი დარტყმით უმალ სიცოცხლეს გამოასალმა ბერძენთა დიდი მთავარსარდალი, რომელიც ომის საშინელებას გადაურჩა.

მითოსის ერთი ვერსიის მიხედვით, ამ საზარელი მკვლელობის მიზეზი იყო ეგისთოსისადმი აღძრული სიყვარული. სხვა ვერსიით, კლიტემნესტრამ შური იძია იმის გამო, რომ აგამემნონმა იფიგენია შესწირა მსხვერპლად ომში მიმავალ ბერძენთა დამაბრკოლებელ არტემისს. არსებობს მესამე ვერსიაც: აგამემნონმა ტროადან ჩამოიყვანა მეფის ასული კასანდრა, რომელიც ნადავლად ერგო. იეჭვიანა კლიტემნესტრამ და ქმარს ღალატი არ აპატია.

ამ ამბებიდან დიდი ხნის შემდეგ ორესტესი შურს იძიებს მამის მკვლელობისათვის. მოკლავს კლიტემნესტრას და მის საყვარელ ეგისთოსსაც.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები