ტროას ომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელენე და პარისი.
ჟ. დავიდის ნახატი (1788 წ.), პარიზი, ლუვრი
მენელაოსისა და პარისის ბრძოლა.
კილიქსის ფერწერა (დაახლ. ძვ.წ. 490 წ.), პარიზი ლუვრი
ჰექტორის და აიასის ბრძოლა.
კილიქსის ფერწერა (დაახლ. ძვ.წ. 490 წ.), პარიზი ლუვრი

ტროას ომი(ბერძნ.) საბერძნეთის ისტორიისა და მითოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ბერძენთა ბრძოლა ტროელთა წინააღმდეგ, რომელიც მეცნიერებმა ძვ.წ. XIII საუკუნით დაათარიღეს. პირველი ავტორი, რომელიც ამ ომზე მოგვითხრობს, ჰომეროსია. მისი პოემები, „ილიადა“ და „ოდისეა“, გვაწვდიან მდიდარ ინფორმაციას, როგორც ბრძოლებზე, ასევე მასში მონაწილე გმირებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქმნილებებში ისტორია და პოეტური გამონაგონი ერთმანეთშია ჩახლართული.

მითების თანახმად, ტროას ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ტროას მეფისწულმა, პარისმა, მოიტაცა სპარტელი მეფის, მენელაოსის მეუღლე, მშვენიერი ელენე. ამ საქმის წამომწყები კი იყო სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე (განხეთქილების ვაშლი).

ელენეს მოტაცების ამბავი მთელ საბერძნეთს მოედო. ყველას სურდა, შური ეძია სტუმართმოყვარეობის წმინდა ადათის შემბღალავ ზღვისიმიერ ბარბაროსზე. მენელაოსმა მთავარსარდლობა სთხოვა თავის ძმას, მიკენის მეფე აგამემნონს. მრავალმა სახელოვანმა გმირმა მოიყარა თავი სალაშქროდ. არ ჩანდა მხოლოდ აქილევსი. წინასწარმეტყველება კი ასეთი იყო: „უაქილევსოდ დიდი ტროა არ დაემხობა“. ბედისწერა აქილევსს უკვდავ დიდებას უმზადებდა, მაგრამ ისიც ცნობილი იყო, რომ დიადი გმირი ამ ომიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა. კარგად იცოდა ეს დედა – თეტისმა და მთელი ძალით ცდილობდა მისი სასტიკი ხვედრის შეცვლას (აქილევსი). მან გადამალა აქილევსი, მაგრამ ამაოდ. აგამემნონმა ცბიერ ოდისევსს დაავალა მისი მოძებნა. როდესაც ოდისევსმა აღმოაჩინა აქილევსი და დიადი ლაშქრობის ამბავი აუწყა, იგი დაუხანებლად შეუერთდა სახელოვან მებრძოლებს.

უზარმაზარმა სპამ მოიყარა თავი ზღვისპირა ქალაქ ავლისში, მაგრამ მრავალი რამ უშლიდა ხელს ხომალდთა წინსვლას. წყნარმა ამინდმა კარგა ხნით დააყოვნა სალაშქროდ გამზადებულნი. აფრებს ნიავი არ არხევდა. მაშინ მისანმა კალქასმა განაცხადა, რომ არტემისი მსხვერპლად ითხოვდა აგამემნონის ნორჩ ასულს, იფიგენიას. თავზარი დაეცა აგამემნონს, მაგრამ ღვთაების სურვილს წინ ვერ აღუდგა. დედასთან, კლიტემნესტრასთან ერთად ჩამოიყვანეს ავლისში იფიგენია. მშვიდი და გახარებული იყო იგი, რადგან ეგონა, აქილევსი ირთავდა ცოლად. მას ასე ამცნეს. მაგრამ საქორწინო ჩირაღდნების ნაცვლად მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად გამზადებული ბომონი დაახვედრეს. თავდაპირველად შეცბა ქალწული, მაგრამ მალე გონს მოეგო და საკუთარი ნებით გაემართა სამსხვერპლოსაკენ. და სწორედ მაშინ, როცა კალაქსმა აღმართა დანა, ხოლო შეძრწუნებულმა აგამემნონმა სახედ ქიტონი აიფარა, მოხდა სასწაული: ქალღმერთმა არტემისმა მოიტაცა იფიგენია. ხოლო იქ, სადაც წესისგებას აღასრულებდნენ, დანით დაჭრილი ირემი სულს ღაფავდა.

მალე ზურგქარმაც დაბერა და მცირე აზიის ნაპირებისკენ დაძრა ბერძენთა ხომალდები. როდესაც ტროას მიაღწიეს, აქაველებმა (ასე უწოდებდნენ ბერძნებს) ოდისევსი და მენელაოსი გაგზავნეს მეფის სასახლეში ელენეს დაბრუნების მოთხოვნით. მაგრამ ტროელებმა არ ისურვეს საქმის მშვიდობით მოგვარება. დაიწყო ხანგრძლივი და სასტიკი ომი. თავად ღმერთებიც კი იბრძოდნენ მოკვდავთა გვერდით.

ბრძოლის მეათე წელი იდგა. ბერძენთა ბანაკში ჭირმა იფეთქა. მრავალი გმირი შეიწირა ამ საზარელმა სენმა და აი, რატომ: აპოლონის ქურუმის, ქრისესის ქალიშვილი ქრისეისი აგამემნონს ერგო მხევლად. მოხუცმა მამამ მდიდრული გამოსასყიდის საფასურად მოითხოვა თავისი ასული. აგამემნონმა იგი შეურაცხყო და მუქარით გაისტუმრა. ქურუმის თხოვნით, აპოლონმა ჭირი მოუვლინა აქაველებს. ცხრა დღის განმავლობაში წყება-წყებად ეშვებოდნენ მებრძოლები ჰადესის მრუმე სამეფოში. მეათე დღეს კი აქილევსმა სპა შეკრიბა, რათა მისანთაგან შეეტყო სასჯელის მიზეზი. კალქასმა სიმართლე აუწყა შეკრებილთ, რამაც საგონებელში ჩააგდო აგამემნონი. იგი იძულებული გახდა დაებრუნებინა ქრისეისი, მაგრამ სანაცვლოდ აქილევსს წაართვა მხევალი ქალი, ბრისეისი.

მძვინვარე სენმა ჩაიარა, მაგრამ ახალი რისხვა დაატყდა თავს ბერძენთა ჯარს: აგამემნონის საქციელმა განარისხა აქილევსი და მან უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე. მის გარეშე აქაველები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მრავალი გმირი დაიღუპა, მათ შორის აქილევსის უახლოესი მეგობარი პატროკლოსი. ღრმა მწუხარებით შეძრულმა აქილევსმა თავისი რისხვა ახლა ტროელებისკენ მიმართა, მუსრი გაავლო მათ ჯარს და ორთაბრძოლაში დაამარცხა მეფე პრიამოსის ძე, ჰექტორი.

ტროას დაცემა.
კილიქსის ფერწერა (დაახლ. ძვ.წ. 490 წ.), პარიზი ლუვრი

ტროა შეძრა ჰექტორის სიკვდილმა. ყველამ იცოდა, რომ სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარე კიდევ ერთი ვაჟკაცი უმართებულო ბრძოლის წილ გამოესალმა სიცოცხლეს. თავად ჰექტორიც გრძნობდა, რომ ამაო იყო მისი თავგანწირვა, მაგრამ ბოლომდე განაგრძობდა ბრძოლას პასუხისმგებლობისა და საკუთარი ღირსების შეგრძნებით. კოცონი, რომელშიც მისი გვამი დაიფერფლა, ტროას დაღუპვასაც მოასწავებდა.

ჰექტორის გარდაცვალების შემდეგ აქილევსს დიდხანს არ უცოცხლია. იგი პარისმა განგმირა ისრით. მალე პარისიც დაიღუპა, ხოლო ელენეს აღარ სურდა ტროაში დარჩენა. იგი მალულად ეხმარებოდა კიდეც თავისიანებს. ერთხელ მან თვალი მოჰკრა გადაცმულ ბერძენ გმირებს, დიომედესს და ოდისევსს. ისინი ათენას ტაძრისკენ მიიპარებოდნენ, რათა ამ ღვთაების საკვირველი ქანდაკება, პალადიონი, ხელთ ჩაეგდოთ. ნათქვამი იყო, ვიდრე ეს პალადიონი ტროაში იქნებოდა, ქალაქი არ დაემხობოდა. ელენემ გმირებს საიდუმლო გზები ასწავლა. მეორე დღეს, როდესაც ტროელებმა შეიტყვეს ძვირფასი სიწმინდის დაკარგვის ამბავი, არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ ქალაქის აღსასრული ახლოვდებოდა. მოულოდნელად მაცნემ ამბავი მოიტანა, რომ ბერძნები ტოვებდნენ ტროას. ყველა ქალაქის გალავანს მიაწყდა. სიხარულით უმზერდნენ ილიონელები (ეს ტროელთა მეორე სახელი იყო) ბერძნების დაცარიელებულ ბანაკებსა და ზღვაში ღრმად შეცურებულ ხომალდებს.

და კვლავ ახალი სასწაული: გალავნის მიღმა იდგა უზარმაზარი ხის ცხენი. ზოგს მისი ქალაქში შეგორება სურდა, ზოგს კი – ზღვაში გადაგდება. დაიწყო დავა. მაშინ გამოჩნდა აპოლონის ქურუმი, ლაოკოონი, ორი ვაჟიშვილის თანხლებით და თავშეყრილ ბრბოს ცხენის დაწვა ურჩია. ამ დროს ათენა პალასმა ზღვიდან ორი უზარმაზარი გველი ამოასრიალა. მათ ხალხის თვალწინ გაგუდეს და შთანთქეს ლაოკოონი შვილებთან ერთად. ღმერთის უწყება იქნებაო! – გაიფიქრა ბრბომ და ხის ცხენის შეგორება იწყო ქალაქში. ახლა ნათელმხილველმა კასანდრამ იწყო მოთქმა და ვედრება, დაღუპავსო ცხენი ილიონს, მაგრამ მასაც არ მოუსმინეს, რადგან არავის სჯეროდა მისი მისნობის.

მაგრამ მართალი იყო კასანდრა, მართალი იყო ლაოკოონიც. ხის ცხენის შიგნით თორმეტი რჩეული გმირი იჯდა ოდისევსის მეთაურობით. მან მოიგონა ეს მზაკვრობაც. როცა დაღამდა და მხიარული ნადიმით მოქანცულმა ტროელებმა დაიძინეს, აქაველებმა ხის ცხენიდან გამოაღწიეს და ქალაქის კარიბჭე გახსნეს. ამასობაში ხომალდებიც უკან მობრუნდნენ. ბერძნები ყიჟინით შეცვივდნენ ტროაში და უმოწყალოდ ააწიოკეს. გეგონებოდათ, ყველა ღმერთმა მიატოვაო ეს ქალაქი.

მენელაოსი შეიჭრა იმ სახლში, სადაც მეუღლე ეგულებოდა. გაიღო კარი და ფერმიხდილი ელენეც გამოჩნდა. ამ საკვირველი სილამაზის, ესოდენ ძვირფასი და ახლობელი ქალის დანახვაზე შურისძიების სურვილმა მიატოვა მენელაოსი. ცოლი და ქმარი კვლავ აფროდიტემ შეაერთა ნეტარი გრძნობით.

ტროა დაემხო, გმირები დაიღუპნენ, დამონებული ქალები საბერძნეთის გზას გაუყენეს. ჰექტორის მეუღლე, ანდრომაქე, ნადავლად ერგო ნეოპტოლემოსს. მეფის ასული კასანდრა – აგამემნონს. პოლიქსენე მსხვერპლად შესწირეს აქილევსს. ღმერთებმა მხოლოდ ენეასი გადაარჩინეს, რომელიც ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მიაღწევს ლატიუმს (ენეასი). პატარა აიასი ათენას საკურთხეველს წაბილწავს. ამის გამო ქალღმერთი შინ მიმავალ ბერძენთა ხომალდებს ზღვაში ჩაძირავს. დიდი აიასი თავს მოიკლავს. აგამემნონს მშობლიურ ჭერქვეშ ვერაგულად გამოასალმებენ სიცოცხლეს. მენელაოსსა და ოდისევსს მრავალი განსაცდელის გადალახვა მოუწევთ, ვიდრე სამშობლოს მიაღწევენ. შინ მშვიდობით დაბრუნდებიან ბერძენთა ბელადები: დიომედესი, ნეოპტოლემოსი, ფილოქტეტესი, იდომენევსი და სხვები.

ტროას ომი მრავალ ლეგენდაში აისახა, მის გმირებზე დიდებული ნაწარმოებები შეიქმნა. საკმარისია დავასახელოთ თუნდაც ძველი ბერძნული ლიტერატურის უპირველესი პოეტის, ჰომეროსის ქმნილებები „ილიადა“ და „ოდისეა“, რომაული პოეზიის შედევრი, ვერგილიუსის „ენეიდა“ და სხვა მრავალი. ანტიკური წყაროები ტროას ომის აუცილებლობას ხსნიან ზევსის ნებით, რომელსაც თურმე ამ სასტიკი და ხანგრძლივი ბრძოლით სურდა ან „დედამიწის ტვირთის შემსუბუქება“. ან ღვთაებრივ გმირთა განდიდება. ან თავისი ასულის, ელენეს, მშვენიერების სამარადისო აღბეჭდვა თაობათა მეხსიერებაში.

დღეს აღარავის მიაჩნია სადაოდ, რომ ბერძნული თქმულება ტროას ომზე და, შესაბამისად, ჰომეროსის ეპოსიც, ისტორიულ ამბებზეა დაფუძნებული. ამ მოსაზრებას ამყარებს არქეოლოგიური გათხრები მცირე აზიაში, თანამედროვე ჰისარლიყის მაღლობზე, სადაც ბრინჯაოს ხანის დასახლების სხვადასხვა ფენებია აღმოჩენილი. ეს გათხრები დაიწყო მე-19 საუკუნეში გერმანელმა მეცნიერმა ჰ. შლიმანმა და დღემდე გრძელდება.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები