ლაოკოონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაოკოონი
(ძვ.წ. I ს.), რომი, ვატიკანის მუზეუმი

ლაოკოონი – მისანი, აპოლონის ქურუმი ტროაში.

ტროას ომის მეათე წელს ბერძნებმა ძალით რომ ვერ აიღეს ქალაქი, ხერხს მიმართეს. ოდისევსის რჩევით გამოთალეს ხის უზარმაზარი ცხენი და შიგ ჩამალეს მებრძოლები. შემდეგ ეს ცხენი ქალაქის კარიბჭესთან დატოვეს, თავად ხომ ალდებზე ავიდნენ და ტროელებს თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს საბერძნეთისკენ აიღეს გეზი. სინამდვილეში კი იქვე, მახლობლად დაიმალნენ და გადამწვეტი ბრძოლისათვის დაიწყეს მზადება. ტროელებმა ჩათვალეს, რომ ბერძნებმა ალყა მოხსნეს და ქალაქის კარიბჭე გახსნეს. მალე მათ ხის ცხენსაც მოჰკრეს თვალი და გაოცებულებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე თუ რას მოასწავებდა ეს სასწაული. ზოგმა ტროელმა ისიც კი თქვა, რომ ეს ღმერთების მიერ გარდმოვლენილი კეთილი უწყება არისო და სცადა, დაერწმუნებინა თანამოქალაქენი, შეეგორებინათ ცხენი ქალაქის კედლებს მიღმა. მაშინ ტროელთა წინაშე წარსდგა ნათელმხილველი ლაოკოონი, რომელმაც აუწყა შეკრებილ ხალხს, თუ რა დიდი უბედურება დაატყდებოდათ მათ თავს ხის ცხენის ქალაქში შეგორებისთანავე. მან შუბიც კი სტყორცნა ხის ქანდაკებას, რომელიც შეირხა, ხოლო შიგნიდან იარაღის ხმა მოისმა. მაგრამ ცრუ – გამარჯვებით გონებადაბინდულ ტროელებს აღარაფერი ესმოდათ, რადგანაც ღმერთებს დიდი ხანია გადაეწყვიტათ ტროას დაღუპვა.

ნათელმხილველის დასაოკებლად ცისიერებმა ზღვის წიაღიდან ამოაცურეს ორი უზარმაზარი გველი. ისინი სისინით გასრიალდნენ და ლაოკოონის ორ ვაჟიშვილს, იქვე რომ იდგნენ, შემოეგრაგნენ. ნათელმხილველმა მათკენ ისწრაფა, მაგრამ გველებმა არ დაინდეს აპოლონის ქურუმი და თავის შვილებთან ერთად მოგუდეს. წამებით აღმოხდა სული ლაოკოონს, ხოლო გველები ათენას ტაძარში შეიმალნენ. ტროელებმა იფიქრეს, რომ ეს გველები მათ მოუვლინა თავად ათენამ, რომელსაც სურდა, რომ ხის ცხენი მის სახელზე მდგარიყო ქალაქში. მათ შემოაგორეს ბერძენთა ეს მზაკვრული ძღვენი ტროაში. სულ მალე ტროა განადგურდება (ტროას ომი).

მითოსის სხვა ვერსიით, ლაოკოონის ვაჟებს ეს გველები მიუგზავნა აპოლონმა, რომელიც განრისხებულიყო თავის ქურუმზე იმის გამო, რომ აკრძალვისდა მიუხედავად შეერთო ცოლი და შვილებიც კი გაეჩინა. მამის თვალწინ აღმოხდათ სული საბრალო ბავშვებს. ლაოკოონი კი აპოლონმა ცოცხალი დატოვა, რათა ცხოვრების ბოლომდე ეტანჯა იმის შეგნებით, რომ ბრალად ედო საკუთარ შვილთა ეს საშინელი აღსასრული.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები