ევროპის რეგიონთა კომიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპის რეგიონთა კომიტეტი – ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტი.

რეგიონებს შორის ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებების ფუნქციონირებით გამოწვეული ეკონომიკური უთანასწორობის ფონზე, რეგიონული განვითარების ევროპული ფონდის დაარსებასთან ერთად და ევროკავშირის კანონმდებლობის რაოდენობისა და გავლენის ზრდის კვალდაკვალ, წევრი ქვეყნების რეგიონული და ადგილობრივი აქტორების ყურადღების ცენტრმა თანდათან ევროკავშირისკენ გადაინაცვლა. ფინანსების მიღების სურვილითა და ეროვნული მთავრობების გვერდის ავლით რეგიონებმა ევროკავშირის ინსტიტუტებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება დაიწყეს (Nugent, 2010, p. 231). 1988 წელს კომისიის მიერ დაარსდა რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფალთა საკონსულტაციო საბჭო. თუმცა, მისი შეზღუდული როლისა და ფუნქციების გამო, მაასტრიხტის ხელშეკრულების ინტერგავენმენტალისტური კონფერენციის დროს გერმანიამ, ბელგიამ და იტალიამ დაჟინებით მოითხოვა ევროკავშირის პოლიტიკაში რეგიონების მნიშვნელობის გაზრდა. შედეგად, 1992 წელს დაფუძნდა რეგიონების კომიტეტი (CoR, 2013; Nugent, 2010, p. 231; McCormick, 2011, p. 250), მისი პირველი პლენარული სესია კი 1994 წლის მარტში გაიმართა (Dinan, 2010, p. 285).

ლისაბონის მდგომარეობით, რეგიონების კომიტეტის საქმიანობა ევროკავშირის ხელშეკრულების მე-13 მუხლითა და ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების 305-307-ე მუხლებით არის მოწესრიგებული (Horspool & Humphreys, 2012, p. 63).

სარჩევი

სტრუქტურა

ევროკავშირის ქვეყნების წარდგინებითა და პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ, რეგიონების კომიტეტის წევრები ევროკავშირის საბჭოს მიერ კვალიფიციური უმრავლესობით ხუთწლიანი ვადით ინიშნებიან. ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ არჩეულნი რეგიონულ ან ადგილობრივ ორგანოებში ან მათ წინაშე უნდა იყვნენ პოლიტიკურად ანგარიშვალდებულები (Kaczorowska, 2011, p. 178).

რეგიონების კომიტეტის 329 წევრი ევროკავშირის ქვეყნებიდან ეესკ-ის მსგავსი პროპორციით არის წარმოდგენილი. კომიტეტის სტრუქტურაში შედიან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბიურო, პოლიტიკური ჯგუფები, გენერალური სამდივნო და სპეციალიზებული კომიტეტები/კომისიები. ბიუროში ორწლიანი ვადით ირჩევენ პრეზიდენტს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, 27 ვიცე-პრეზიდენტს (თითოს თითო ქვეყნიდან), 27 სხვა წევრს (თითოს თითო ქვეყნიდან) და პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს (თითოს თითო ჯგუფიდან) (CoR, 2013).

რეგიონების კომიტეტის პოლიტიკურ ჯგუფებში ამჟამად წარმოდგენილი არიან ევროპული სახალხო პარტია (EPP), ევროპელ სოციალისტთა პარტია (PES), ლიბერალები და დემოკრატები (Renew Europe), ევროპული ალიანსის ჯგუფი (EA), ევროპელი კონსერვატებისა და რეფორმისტების ჯგუფი (ECR) და მწვანეები (The Greends) (CoR, 2022).

ეეკს-ის და რეგიონრბის კომიტეტის წევრთა რაოდენობა წყარო:

EESC, 2022A, COR, 2022

საფრანგეთი, გერმანია, იტალია, 24
ესპანეთი, პოლონეთი 21
რუმინეთი 15
უნგრეთი, პორტუგალია, შვედეთი, ბულგარეთი, ავსტრია,

ბელგია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა

15
სლოვაკეთი, დანია, ფინეთი, ხორვატია, ლიეტუვა, ირლანდია 9
ლატვია, ესტონრთი, სლოვენია 7
კვიპროსი, ლუქსემბურგი 6
მალტა 5
სულ 329

ფუნქციები

რეგიონების კომიტეტის უმთავრესი ფუნქცია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესში წევრი ქვეყნების რეგიონული და ადგილობრივი წარმომადგენლების პოზიციების დაფიქსირება და დაცვაა.

ეესკ-ის მსგავსად, მისი მოსაზრებებიც მხოლოდ რეკომენდაციულ ხასიათს ატარებს. ამის მიუხედავად, ევროკავშირის საბჭო, ევროპული პარლამენტი და ევროპული კომისია ვალდებულები არიან საკითხების განხილვისას კონსულტაცია გაიარონ რეგიონების კომიტეტთან. უფრო მეტიც, ლისაბონის ხელშეკრულებით, ამ უფლების უგულვებელყოფის შემთხვევაში რეგიონების კომიტეტს მართლმსაჯულების სასამართლოში მისი გასაჩივრების უფლება მიეცა. მანვე გააფართოვა სავალდებულო კონსულაციის სფეროები და მოიცვა ეკონომიკური და სოციალური ერთიანობა, ჯანმრთელობა, ტრანსევროპული კავშირები, დასაქმება, სოციალური პოლიტიკა, განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკა, სამოქალაქო დაცვა და პროფესიული მომზადება (CoR, 2013; Chalmers, Davies & Monti, 2010, p. 90).

სავალდებულო კონსულტაციის გარდა, რეგიონების კომიტეტს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით დააფიქსიროს მოსაზრება ფაქტობრივად ყველა აქტუალურ საკითხზე, განსაკუთრებით, ისეთებზე, რომლებიც ეხება გაფართოებასა და საზღვრებს შორის თანამშრომლობას (Reinisch, 2009, p. 34).

აღსანიშნავია, რომ ეესკ-ს მსგავსად, რეგიონების კომიტეტის ძალაუფლებაც მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. მისი მოსაზრებების მხოლოდ რეკომენდაციული ბუნების გარდა, სავალდებულო კონსულტაციის პროცედურა არ არის საჭირო რეგიონული მიმართულების მქონე ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიც არის შიდა ბაზარი, კონკურენცია, ინდუსტრიული პოლიტიკა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. კომიტეტის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან ამ საკითხებზე გავლენის მოპოვება ვერ შეძლო (Chalmers, Davies & Monti, 2010, p. 90). ამასთან, ძლიერი რეგიონებისთვის ყოველთვის უფრო მომგებიანი იყო კომისიის ან ეროვნული მთავრობების პირდაპირი ლობირება (Joos, 2011, pp. 115-116; Warleigh-Lack, 2009, p. 47), რაც ასუსტებდა კომიტეტის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ლისაბონის ხელშეკრულების 263-ე და სუბსიდიარობისა და პროპორციულობის პრინციპების გამოყენებასთან დაკავშირებული პროტოკოლის მე-8 მუხლებით, მართლმსაჯულების სასამართლოში გასაჩივრების უფლება ეხება მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც სავალდებულო კონსულტაციით არის გათვალისწინებული (Official Journal of the European Union, 2008b, p. 208). ისიც აღსანიშნავია, რომ სუბსიდიარობის ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, კომიტეტს სავარაუდოდ გაუჭირდება სასამართლოს გზით თავისი პოზიციის დაცვა და გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის იძულება. და ბოლოს, ინსტიტუციური პროცედურები (პროექტის განხილვისთვის არსებული მცირე დრო და რესურსები) ხშირად წამგებიან პოზიციაში ამყოფებს რეგიონების კომიტეტს (Nugent, 2010, p. 232; McCormick, 2011, pp. 250-251). შესაბამისად, მას არ შეუძლია ხელშესახები გავლენა იქონიოს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

გადაწყვეტილების მიღების პროცედურები

ჩვეულებრივ, რეგიონების კომიტეტში საკითხის დამუშავება მიმდინარეობს შემდეგ ექვს სპეციალიზებულ კომისიაში (CoR, 2021):

  1. მოქალქეობა, მმართველობა, ინსტიტუციური და საგარეო ურთიერთობები (CIVEX);
  2. ეკონომიკური პოლიტიკა (ECON);
  3. ტერიტორიული ერთიანობის პოლიტიკა და ევროკავშირის ბიუჯეტი (COTER);
  4. გარემო, კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკა (ENVE);
  5. ბუნებრივი რესურსები (NAT);
  6. სოციალური პოლიტიკა, განათლება, დასაქმება, კვლევა და კულტურა (SEDEC).

მათ მიერ მომზადებული მოსაზრების პროექტი განსახილველად და კენჭისყრისთვის გადაეცემა პლენალურ სესიას, რომელიც ბრიუსელში წელიწადში 5-6-ჯერ იმართება.

რეგიონების კომიტეტი ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ციკლში სხვადასხვა ხარისხით არის ჩართული. ევროპული კომისიის მიერ კანონპროექტის შემუშავების დროს რეგიონების კომიტეტი მართავს კონსულტაციებს რეგიონულ და ადგილობრივ აქტორებთან და მათ პოზიციებს აწვდის კომისიას. კანონპროექტის გამოქვეყნების შემდეგ კომისიამ სავალდებულო წესით კონსულტაცია უნდა გაიაროს რეგიონების კომიტეტთან. ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ კანონპროექტის განხილვის დაწყების შემდეგ, კომიტეტთან დამატებით კონსულაციებს გადიან ევროპული პარლამენტი და ევროკავშირის საბჭო. ამ ეტაპზე კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ტიპის ასოციაციასთან და ახმოვანებს მათ სურვილებს. თუ პროცესის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა კანონპროექტის შინაარსი, რეგიონების კომიტეტს აქვს შესაძლებლობა გადახედოს თავის პირვანდელ მოსაზრებას და გაუზიაროს იგი დანარჩენ ინსტიტუტებს. კანონის დამტკიცების შემდეგ, სუბსიდიარობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, ლისაბონის ხელშეკრულებამ რეგიონების კომიტეტს მიანიჭა მართლმსაჯულების სასამართლოში მისი გასაჩივრების უფლება. სხვა შემთხვევაში, იგი ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს კანონმდებლობის იმპლემენტაციის მონიტორინგს (CoR, 2012, p. 3).

წყარო

ევროკვშირის ინსტიტუტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები