ევროპული ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი (ეესკ) – რომის ხელშეკრულების მოლაპარაკებების დროს დამფუძნებელი წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ ისეთი საკონსულტაციო ორგანოს დაარსებაზე, რომელიც შიდა ბაზრის ჩამოყალიბებისას გააჟღერებდა სოციალური და ეკონომიკური ინტერესთა ჯგუფების პოზიციებს, გარკვეული ხარისხით ჩართავდა მათ თანამეგობრობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აღნიშნულ საკითხებში კომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ინფორმირებისთვის უზრუნველყოფდა ინსტიტუციოანალიზებულ რეჟიმს (Kaczorowska, 2011, p. 177).

შედეგად, 1957 წელს რომის ხელშეკრულებით დაარსდა ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი, რომელსაც დასახელებაში „ევროპული“ ოფიციალურად 2003 წელს დაემატა. ერთიანმა ევროპულმა აქტმა მნიშვნელოვნად გაზარდა მისი კომპეტენციის სფეროები, მათ შორის, გარემოს დაცვისა და რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით. ამსტერდამის ხელშეკრულებით, ეესკ–ის კონსულტაცია ევროპული პარლამენტისთვის სავალდებულო გახდა. ნიცისა და ლისაბონის ხელშეკრულებამ კი მისი ზომისა და შემადგენლობის მუხლები დახვეწა.

ამჟამად კომიტეტის საქმიანობა რეგულირდება ევროკავშირის ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი ნაწილითა და ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების 301-304-ე მუხლებით (Horspool & Humphreys, 2012, p. 36).

სარჩევი

სტრუქტურა

ბრექსიტის შემდეგ განხორციელებული ცვლილებებით, ეესკ–ს წევრთა რაოდენობა 329-მდე შემცირდა. მათ შორის, ყველაზე მეტი წარმომადგენელი (24) საფრანგეთს, იტალიას და გერმანიას ჰყავს, ყველაზე ცოტა (5) კი – მალტას (EESC, 2022a).

ლისაბონის ხელშეკრულებით, ეროვნული დედაქალაქების წარდგინებით, ეესკ-ის წევრებს ხუთწლიანი განახლებადი ვადით კვალიფიციური უმრავლეობით ამტკიცებს ევროკავშირის საბჭო (Nugent, 2010, p. 228).

ეეკს-ის რეგიონრბის კომიტეტის წევრთა რაოდენობა წყარო:

EESC, 2022A, COR, 2022

საფრანგეთი, გერმანია, იტალია, 24
ესპანეთი, პოლონეთი 21
რუმინეთი 15
უნგრეთი, პორტუგალია, შვედეთი, ბულგარეთი, ავსტრია,

ბელგია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა

15
სლოვაკეთი, დანია, ფინეთი, ხორვატია, ლიეტუვა, ირლანდია 9
ლატვია, ესტონრთი, სლოვენია 7
კვიპროსი, ლუქსემბურგი 6
მალტა 5
სულ 329

საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ეესკა დაყოფილია სამი თანაბარი ზომის ჯგუფად. პირველ ჯგუფში (დამსაქმებლები) წარმოდგენილი არიან კომერციული, საბანკო, ინდუსტრიული და სადაზღვევო კომპანიები, ორგანიზაციები და დაწესებულებები. მეორე ჯგუფი (დასაქმებულები) ძირითადად მოიცავს ეროვნულ სავაჭრო კავშირებს. მესამე ჯგუფი (მრავალფეროვანი ევროპა) კი დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებთან, მომხმარებელთა ჯგუფებთან, პროფესიულ კავშირებთან, გარემოს დამცველ ორგანიზაციებთან, აკადემიურ, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ქალთა ასოციაციებთან და სხვა ინტერეს ჯგუფებთან. ჩვეულებრივ, ეესკ–ს ჯგუფები რეგულარულად იკრიბებიან, განიხილავენ არსებულ პრობლემებს, ეესკ-ს საქმიანობას და ათანხმებენ პოზიციებს პლენარულ სესიაზე კენჭისყრისთვის გამოტანილი საკითხების შესახებ (Chalmers, Davies & Monti, 2010, p. 90; Nugent, 2010, p. 228).

გარდა ამისა, ეესკ-ში არის სექციები, რომლებშიც გაერთიანებული არიან ეესკ-ს ჯგუფის წევრები. ამჟამად, ფუნქციონირებს შვიდი ასეთი სექცია (ECA, 2022b):

  • ეკონომიკური და მონეტარული კავშირი და ეკონომიკური და სოციალური ერთიანობა (ECO);
  • ერთიანი ბაზარი, წარმოება და მოხმარება (INT);
  • ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და ინფორმაციული საზოგადოება (TEN);
  • დასაქმება, სოციალური ურთიერთობები და მოქალაქეობა (SOC);
  • სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და გარემოს დაცვა (NAT);
  • საგარეო ურთიერთობები (REX);
  • ინდუსტრიულ ცვლილებაზე საკონსულტაციო კომისია (CCMI).

ეესკ–ს ადმინისტრაციულ დახმარებას უწევს გენერალური სამდივნო, რომელსაც იგი იზიარებს რეგიონების კომიტეტთან ერთად.

ეესკ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ირჩევს პრეზიდენტს, ორ ვიცე-პრეზიდენტსა და ბიუროს. პრეზიდენტი პასუხისმგებელია ეესკ-ს გამართულ ფუნქციონირებაზე და ეესკ-ის სახელით მოქმედებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობაში. ბიურო კი უზრუნველყოფს ეესკ-ის საქმიანობის კოორდინაციასა და გაიდლაინების შემუშავებას (Nugent, 2010, p. 228).

ფუნქციები

წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საკუთარი პოზიციების ევროპულ დონეზე დაფიქსირებით, ეესკ-ს წვლილი შეაქვს ევროკავშირის დემოკრატიული ლიგიტიმაციისა და ეფექტურობის გაზრდის საქმეში (Dinan, 2010, p. 283). იგი ხელს უწყობს არსებულ სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებთან და საზოგადოებრივ პოზიციებთან ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებებისა და კანონმდებლობის მჭიდროდ დაკავშირებას და იმ ღირებულებების დაცვასა და გავრცელებას, რასაც ეფუძნება ევროპული ინტეგრაციის პროცესი.

ეესკ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს სამი განსხვავებული ფორმით (Kaczorowska, 2011, p. 178):

  • სავალდებულო მიმართვით, როდესაც ლისაბონის ხელშეკრულების 304-ე მუხლის საფუძველზე, საკითხის განხილვისას ევროპულმა კომისიამ, ევროპულმა პარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ კონსულტაცია უნდა გაიარონ ეესკ-თან. სავალდებულო მიმართვის სფეროები მოიცავს სოფლის მეურნეობას, შიდა ბაზარს, ეკონომიკურ და სოციალურ ერთიანობას, რეგიონულ პოლიტიკას, გარემოს დაცვას, კვლევისა და ტექნოლოგიების განვითარებას, მუშათა თავისუფალ გადაადგილებას, ჯანმრთელობას, სოციალურ პოლიტიკას, ევროპული სოციალური და ევროპული რეგიონული განვითარების ფონდებს და სხვა;
  • არასავალდებულო კონსულტაციით, როდესაც იგივე ინსტიტუტები რჩევისთვის მიმართავენ ეესკ-ს იმ საკითხებზე, რომლებსაც თავად ჩათვლიან საჭიროდ;
  • საკუთარი ინიციატივით ეესკ-ს საშუალება აქვს დააფიქსიროს თავისი პოზიცია ნებისმიერ თემაზე.

თუმცა, ეესკ-ის აქტიურობის მიუხედავად, ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კომიტეტის ძალაუფლება მნიშვნელოვნად არის შეზღუდული. მათ არგუმენტებად მოჰყავთ ის, რომ ბუნდოვანია კომიტეტის როლი ევროკავშირის სისტემაში, რომ ინტერესთა ჯგუფებისთვის ძირითად ინსტიტუტებთან პირდაპირი კონტაქტი უფრო პროდუქტიულია (Joos, 2011, pp. 115-116; Warleigh-Lack, 2009, p. 47), რომ ეესკ-ის მოსაზრება ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტებისთვის მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათისაა და რომ სწრაფი და სიღრმისეული პოზიციის შემუშავებისთვის ეესკ-ს ხშირად არ აქვს საკმარისი ადამიანური და დროის რესურსი (Nugent, 2010, p. 230).

გადაწყვეტილების მიღების პროცედურები

მას შემდეგ, რაც ეესკ-ს პრეზიდენტი საბჭოსგან, კომისიისგან ან პარლამენტისგან იღებს მოსაზრების დაფიქსირების წინადადებას, ბიურო მას შესაბამის სექციაში ანაწილებს. საკითხის შესახებ მოსაზრების პროექტის შემუშავებისთვის კონკრეტული სექციის სახელით იგი გადაეცემა თორმეტკაციან მოკვლევის ჯგუფსა და მის რაპორტიორს. ევროპული პარლამენტის მსგავსად, ეესკ–ს რაპორტიორიც შეზღუდულია რესურსებში, რის გამოც დახმარებისთვის ისიც აქტიურად იყენებს გარე წყაროებს, მათ შორის, ეესკ-ის სამდივნოს, მოკვლევის ჯგუფის ექსპერტებსა და ინტერესთა ჯგუფებს. მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე, სექცია უბრალო უმრავლესობით იღებს მოსაზრების პროექტს და დასამტკიცებლად აგზავნის პლენარულ სესიაზე, რომელიც ბრიუსელში წელიწადში მინიმუმ 9-ჯერ იმართება (El-Agraa, 2011, p. 51).

ჩვეულებრივ, საკითხების უმრავლესობაზე ერთიანი პოზიციები სექციების დონეზე თანხმდება და პლენარულ სხდომაზე მათ განხილვის გარეშე ეყრება კენჭი. უფრო სენსიტიუტი თემების დროს კი სესიაზე რაპორტიორი წარადგენს სექციის მოსაზრებას, რის შემდეგაც ტარდება დებატები. ბოლოს, ოფიციალური მოსაზრება უბრალო უმრავლესობით მტკიცდება (Nugent, 2010, p. 230).

წყარო

ევროკვშირის ინსტიტუტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები