სადაზღვევო კომპანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სადაზღვევო კომპანია – (insurace company), ორგანიზაცია, რომელიც ეწევა მომსახურებას დაზღვევის სფეროში და გამოდის თავისი კლიენტების ქონებისა და სიცოცხლის დამზღვევის როლში. სადაზღვევო კომპანია თავის თავზე იღებს ვალდებულებას, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ვითარებისას ანუ სადაზღვევო შემთხვევისას აუნაზღაუროს კლიენტებს ზარალი.

საკუთრების ფორმის მიხედვით, სადაზღვევო კომპანია შეიძლება იყოს სახელმწიფო, სახელმწიფო-კომერციული, აქციონერული, კოოპერაციული და კერძო.

საბაზრო სისტემაში ამ კომპანიების სხვადასხვა ვარიანტის თანაარსებობა წარმოქმნის სადაზღვევო ბაზარს, სადაც ყალიბდება კონკურენცია სადაზღვევო კომპანიებს შორის. სახელმწიფო, როგორც წესი, წამყვან როლს ასრულებს სავალდებულო დაზღვევის მომსახურების ბაზარზე, რომელიც მოიცავს მოხუცებულობის (საპენსიო უზრუნველყოფა), ინვალიდობის, ავადმყოფობის, უმუშევრობის და ა.შ. დაზღვევას. ამასთან, ბოლო ხანს შეიმჩნევა კერძო სადაზღვევო კომპანიების აქტიური შეჭრა სავალდებულო დაზღვევის მომსახურების ბაზარზე. ისინი ჩვეულებრივ უპირატესობას ანიჭებენ ნებაყოფლობით სადაზღვევო მომსახურებას. ვინაიდან დასავლეთში სადაზღვევო მომსახურებაზე არსებობს მყარი და მაღალი მოთხოვნა როგორც კომპანიების, ისე მოსახლეობის მხრიდან, სადაზღვევო ბიზნესი კაპიტალის დაბანდების ძალზე მომგებიანი ფორმაა. სადაზღვევო კომპანიების შემოსავალი იქმნება როგორც სადაზღვევო გადასახდელების თანხიდან, ისე სადაზღვევო პოლისების გაყიდვით. მთლიან შემოსავალს გამოკლებული სადაზღვევო ანაზღაურება, სადაზღვევო აგენტებისა და ბროკერების საკომისიო გასამრჯელო და სხვა ხარჯები შეადგენს კომპანიის მოგებას. სადაზღვევო კომპანიების დროებით თავისუფალი ფულადი სახსრები ინვესტირდება კერძო კომპანიების აქციებსა და ობლიგაციებში, დაიდება დეპოზიტზე კომერციულ ბანკებში.

სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობის საქმიანობის ძირითადი სახეა კომერციული რისკის, სახელდობრ, საკრედიტო რისკის დაზღვევა. მოთხოვნა მომსახურების ამ სახეზე განპირობებულია იმით, რომ ბანკები უარს ამბობენ კრედიტების გაცემაზე სადაზღვევო კომპანიების გარანტიის გარეშე: კრედიტი გაიცემა სადაზღვევო პოლისის გირაოს ან მზღვეველის საგარანტიო წერილის საფუძველზე. სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას, გადაუხდელობის შემთხვევაში ვალი თვითონ აანაზღაუროს. ამ გზით ბანკი თავს იზღვევს საკრედიტო რისკისაგან და თავისუფლდება კლიენტის გადახდისუნარიანობის დონის დაზუსტებისაგან.

პირადი დაზღვევის სფეროში ყველაზე გავრცელებული ფორმებია სამედიცინო დაზღვევა, სიცოცხლის პროგრესული დაზღვევა, ინფლაციისაგან ანაბრების დაცვის სისტემები და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები