ელემენტების განივი დაარმატურება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელემენტების განივი დაარმატურება

1) რკინაბეტონის ელემენტების ყველა ზედაპირთან, რომლის მახლობლადაც განლაგდება გრძივი არმატურა, გათვალისწინებულია განივი არმატურა, რომელიც შემოევლება განაპირა გრძივ ღეროებს. ამასთან, მანძილი განივ ღეროებს შორის აიღება არაუმეტეს 600 მმ და არაუმეტეს ელემენტის წახნაგის ორმაგი სიგანისა. გარეცენტრულად შეკუმშულ ელემენტებში ცენტრულად განლაგებული გრძივი დაძაბული არმატურით (მაგ., ხიმინჯებში), განივი არმატურის მოწყობა საჭირო არ არის, თუ განივი ძალების მოქმედებისადმი წინაღობა უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ ბეტონის მიერ. განივი არმატურა დასაშვებია არ მოეწყოს ღუნვადი ელემენტების ვიწრო წიბოების (150 მმ და ნაკლები სიგანისა) წახნაგებთან, რომელთა სიგანეზე თავსდება მხოლოდ ერთი გრძივი ღერო ან შედუღებული კარკასი. გარეცენტრულად შეკუმშულ ხაზოვან ელემენტებში, აგრეთვე ღუნვად ელემენტებში, რომელთა კვეთის შეკუმშულ ზონაში გაანგარიშებით საჭიროა შეკუმშული გრძივი არმატურა, ცალუღები განლაგდება შემდეგ მანძილებზე: მძიმე, წვრილმარცვლოვანი, მსუბუქი და დაფოროვნებული ბეტონებისაგან დამზადებულ კონსტრუქციებში შეკრული კარკასებისას – (12-15)d; შედუღებული კარკასებისას – (15-20)d; უჯრედოვანი ბეტონისაგან დამზადებულ კონსტრუქციებში შედუღებული კარკასების გამოყენებისას – არაუმეტეს 500 მმ და არაუმეტეს 40d (სადაც d არის შეკუმშული გრძივი ღეროების უმცირესი დიამეტრი, მმ). ამასთან, განივი არმატურის კონსტრუქციამ უნდა უზრუნველყოს შეკუმშული ღეროების დამაგრება ნებისმიერი მიმართულებით მათი გამობურცვისაგან. გარეცენტრულად შეკუმშულ ელემენტებში მუშა არმატურის პირგადადებით, შედუღების გარეშე შეპირაპირების ადგილებში, ცალუღებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 10d. თუ ელემენტის გაანგარიშებით საჭირო შეკუმშული გრძივი S' არმატურის შემცველობა მეტია 1,5%, ამასთან, თუ ელემენტის მთელი კვეთი შეკუმშულია და მთლიანი S და S' არმატურის შემცველობა კვეთში 3% აღემატება, ცალუღებს შორის მანძილი უნდა იყოს არაუმეტეს 10d და არაუმეტეს 300 მმ-სა. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებისას გრძივი შეკუმშული ღეროები, რომლებიც გაანგარიშებით არ არის გათვალისწინებული, მხედველობაში არ მიიღება, თუ ამ ღეროების დიამეტრი არ აღემატება 12 მმ და დამცავი ბეტონის შრის სისქის ნახევარს. შეკრულ კარკასებში ცალუღების ბოლოები უნდა შემოეხვიოს გრძივი ღეროს ირგვლივ და შევიდეს ბეტონის ბირთვში არანაკლებ ცალუღის 6d სიგრძით. ამასთან, სპირალის გამოყენებისას უშუალოდ კვანძთან მომიჯნავე კვეთში სპირალი მიჯრით ორჯერ დაიხვევა;

2) შეკრული ცალუღების კონსტრუქცია გარეცენტრულად შეკუმშულ ელემენტებში უნდა იყოს ისეთი, რომ გრძივი ღეროები (ყოველ შემთხვევაში თითოს გამოშვებით) განლაგდეს ცალუღების გადაღუნვის ადგილებში, ხოლო ეს გადაღუნვები – არანაკლებ 400 მმ მანძილზე ელემენტის წახნაგის სიგანეზე. როცა წახნაგის სიგანე 400 მმ ნაკლებია და გრძივი ღეროების რაოდენობა ამ წახნაგთან არ აღემატება ოთხს, დაიშვება ყველა გრძივი ღეროს ერთი ცალუღით შემოწვდომა. გარეცენტრულად შეკუმშული ელემენტების ბრტყელი შედუღებული კარკასებით დაარმატურებისას ორი ნაპირა კარკასი (მოპირდაპირე წახნაგებთან განლაგებული) ერთმანეთს უკავშირდება სივრცითი კარკასის წარმოსაქმნელად. ამისათვის კარკასის სიბრტყის მართობულ წახნაგებთან განლაგდება განივი ღეროები, კონტაქტური შედუღებით შეერთებული კარკასის კუთხის გრძივ ღეროებთან, ან სარჭები, რომლებიც დააკავშირებენ ამ ღეროებს იმავე მანძილზე, როგორც ბრტყელი კარკასების განივი ღეროები. თუ ნაპირა ბრტყელ კარკასებს აქვთ შუალედური გრძივი ღეროები, მაშინ ისინი, არანაკლებ თითოს გამოტოვებით, მაგრამ არაუმეტეს 400 მმ ელემენტის წახნაგის სიგანეზე, შეერთდება მოპირდაპირე წახნაგთან განლაგებულ გრძივ ღეროებთან სარჭებით. სარჭები დასაშვებია არ იქნეს დაყენებული ელემენტის წახნაგთან, რომლის სიგანე არ აღემატება 500 მმ და თუ გრძივი ღეროების რაოდენობა ამ წახნაგთან არ აღემატება 4-ს

3) გარეცენტრულად შეკუმშულ ელემენტებში, გაანგარიშებით გათვალისწინებული ირიბი დაარმატურებისას, შედუღებული ბადეების (A-I, A-II, A-III კლასის არმატურა დიამეტრით არაუმეტეს 14 მმ და Bp-I კლასის) ან დაუძაბავი სპირალური ან რგოლური არმატურის სახით, მიღებულ უნდა იქნეს: ა) ბადის უჯრედის ზომები – არანაკლებ 45 მმ-სა, მაგრამ არაუმეტეს ელემენტის კვეთის უმცი-რესი გვერდის 1/4 და არაუმეტეს 100 მმ; ბ) სპირალის დახვევის ან რგოლების დიამეტრი – არა-ნაკლებ 200 მმ; გ) ბადეების ბიჯი არანაკლებ 60 მმ, მაგრამ არაუმეტეს ელემენტის კვეთის უმცირესი გვერდის 1/3 და არაუმეტეს 150 მმ-სა; დ) სპირალების ან რგოლების ბიჯი – არანაკლებ 40 მმ, მაგრამ არაუმეტეს ელემენტის კვეთის დიამეტრის 1/5-სა და არაუმეტეს 100 მმ-სა. სპირალის კონსტრუქციული თვალსაზისით გამოყენების შემთხვევაში სპირალის ბიჯი მიიღება არაუმეტეს ელემენტის განივკვეთის ზომისა;

4) შეკრულ კარკასში ცალუღების დიამეტრი, გარეცენტრულად შეკუმშული ხაზოვანი ელემენტებისათვის, მიიღება არანაკლები 0,25d და არანაკლები 5 მმ, სადაც d – გრძივი ღეროების უდიდესი დიამეტრია. გრძივი და განივი ღეროების დიამეტრების თანაფარდობა შედუღებულ ბადეებსა და კარკასებში დგინდება შედუღების პირობებიდან გამომდინარე, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე;

5) 150 მმ-ზე მეტი სიმაღლის კოჭოვან კონსტრუქციებში, აგრეთვე 300 მმ-ზე მეტი სიმაღლის ღრუტანიან ფილებში (ან ანალოგიურ ხშირწიბოიან კონსტრუქციებში) აუცილებელია განივი არმატურის მოწყობა; კოჭურ და ფილისებრ კონსტრუქციებში განივი არმატურა ეწყობა: საყრდენებთან მიმდინარე უბნებზე, რომელთა სიგრძე თანაბრად განაწილებული დატვირთვისას მალის 1/4 ტოლია, ხოლო შეყურსული დატვირთვისას – მანძილისა საყრდენიდან უახლოეს შეყურსულ დატვირთვამდე, მაგრამ არანაკლებ მალის 1/4-სა. განივი არმატურის ბიჯი მიიღება: როდესაც ელემენტის კვეთის სიმაღლე ტოლი ან ნაკლებია 450 მმ – არაუმეტეს h/2 და არაუმეტეს 150 მმ; ხოლო როდესაც h > 450 მმ – არაუმეტეს h/3 და არაუმეტეს 500 მმ. მალის დანარჩენ ნაწილზე ელემენტის კვეთის 300 მმ-ზე მეტი h სიმაღლისას, განივი არმატურა ეწყობა ბიჯით არაუმეტეს (3/4) h და არაუმეტეს 500 მმ-სა;

6) განივი არმატურა, რომელიც განკუთვნილია განივი ძალების მისაღებად, ბოლოებით საიმედოდ უნდა იყოს დაანკერებული გრძივ არმატურაზე მიდუღების გზით, ან შეკრული კარკასების გამოყენებისას გრძივ არმატურაზე გარშემოვლებით, რაც უზრუნველყოფს შეერთებებისა და ცალუღების თანაბარ სიმტკიცეს;

7) სვეტების მოკლე კონსოლების განივი დაარმატურება ხორციელდება ჰორიზონტალური ან 45° კუთხით დახრილი ცალუღებით. ცალუღების ბიჯი უნდა იყოს არაუმეტეს h/4 და არაუმეტეს 150 მმ (სადაც h – კონსოლის სიმაღლეა);

8) ელემენტებში, რომლებიც მუშაობს ღუნვაზე გრეხასთან ერთად, შეკრული კარკასების ცალუღები უნდა იყოს დახურული, ბოლოების საიმედო ჩაანკერებით (30d) ხოლო შედუღებული კარკასების გამოყენებისას ორივე მიმართულების ყველა განივი ღერო უნდა მიედუღოს კარკასების კუთხის გრძივ ღეროებს და შეიქმნას შეკრული კონტური. ამასთან, უნდა უზრუნველყოფილ იქნეს შეერთებებისა და ცალუღების თანაბარი სიმტკიცე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები