ენგურის ჰიდროელექტროსადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენგურის კაშხალი

ენგურის ჰიდროელექტროსადგური − უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. მდებარეობს დასავლეთ საქართველოში მდ. ენგურზე. აშენდა 1961-1978 წლებში. ის ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1,3 მლნ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰეს-ი.

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის საპროექტო სიმძლავრეა 1,64 მლნ. კვტ, საშუალო წლიური გამომუშავება – 5,46 მლრდ კვტ/სთ. ჰესის ნაგებობებში შედის: 271,5 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი, რომელიც სოფელ ჯვართან ქმნის წყალსაცავს (მოცულობა – 1 მლრდ მ3, სიგრძე - 30 კმ); სადერივაციო გვირაბი (დიამეტრი 9 მ, სიგრძე – 15 კმ), რომელიც მთავრდება მათანაბრებელი კოშკით (დიამეტრი – 16 მ, სიმაღლე – 167 მ). სადერივაციო გვირაბი ჰიდროაგრეგატებს წყლით კვებავს 451 მ სიგრძის 5 სადაწნეო გვირაბის მეშვეობით. ნაგებობათა კომპლექსში შედის აგრეთვე მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგური 5 ჰიდროაგრეგატით. მისი ტურბინებიდან წყალი გამყვანი გვირაბით (სიმაღლე – 13 მ, სიგრძე – 3,2 კმ) მიემართება № 1 ვარდნილჰესის წყალსაცავში. ვარდნილჰესებისათვის შექმნილია აგრეთვე გალის წყალსაცავი, მოცულობით 1-1,9 მლნ. მ3. 1972-1974 წლებში საექსლუატაციოდ გადაეცა ვარდნილჰესების 9 აგრეგატი, რომელთა საერთო სიმძლავრეა 340 ათ. კვტ (წლიური გამომუშავება – 1,13 მლრდ. კვტ/სთ).

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მთავარი ნაგებობაა ცადატყორცნილ მთებს – ტულიშსა და წულიშს შორის აგებული რკინაბეტონის თაღვანი კაშკალი, რომლის საერთო სიმაღლე 271,5 მეტრია, სიგძე – 728 მ. შვეული ღერძის მქონე თაღოვანი ნაგებობა ხეობის ნაპირებსა და ფუძეს ეყრდნობა. კაშხალს ცის თაღის ფორმა აქვს და რკალივითაა მოხრილი. მის ფორმას ინჟინრებმა ორთაღოვანი მრუდი უწოდეს, ვინაიდან სფეროს ამოზნექილი ნაწილი ზევით, წყალსაცავისკენაა მიმართული, ხოლო ფსკერი და მხრები კედლებს ებჯინება. საყრდენი ნაწილი უნაგირის ფორმისაა და თაღოვანი კაშხლისაგან პერიმეტრული ნაკერითაა გამოყოფილი. უნაგირის სიმაღლე ფერდობიდან 15-20 მეტრია, ხეობის ქვემო წელში − 60 მეტ-რი. ჯვრის მაღლივი თაროვანი კაშხალი 1977 წელს გადაეცა საექსპლუატაციოდ. კაშხლის აშენებამ და ენგურის გადაკეტვამ წარმოშვა ჯვრის წყალსაცავი, რომლის მოცულობა 1,1 მლდ. მ3 შეადგენს. თაღოვანი კაშხლის პარალელურად აშენდა ენგურჰესის მიწისქვეშა ნაგებობები – სამშენებლო გვირაბები, სადაწნეო დერივაციული გვირაბი წყალმიმღებით, მიწისქვეშა სად-გურის კვანძი და უდაწნეო წყალგამტარი გვირაბი. ეს ჰიდრონაგებობები ერთ-ერთი ძირითადი რგოლია ენგურჰესის კასკადის სისტემაში. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები